Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 11 აგვისტო 2010


”სააკაშვილმა კანონი დაარღვია - გვარდიის ხელმძღვანელი დანიშნული არ არის”, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის ერთთვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან კანონი უკვე დაირღვა, ვინაიდან ერთთვიანი ვადა 9 აგვისტოს ამოიწურა. კანონის დარღვევაზე საუბრობენ „რეზონანსთან“ სამხედრო ექსპერტები: ”ფაქტია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კანონი, მაგრამ მას ეს არ ადარდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არ ჰყავს რეალური ოპონენტი, რომელიც ამაზე პასუხს მოსთხოვს. პარლამენტი, რომელიც ვალდებულია ამაზე რეაგირება მოახდინოს, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხანია გადაქცეულია ნოტარიუსის უწყებად, რომელიც ყველა წარმოდგენილ კანონს ყოველგვარი განხილვის გარეშე ამტკიცებს”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

”რეზონანსი” ბოლო გვერდს კონსერვატორ კახა კუკავასთან ინტერვიუს უთმობს. როგორც ის აცხადებს, ”გირგვლიანის საქმეზე დეტალები კოდუებმა გაახმაურეს”. ის ინტერვიუში კოდუებისა და ახალაიების ე.წ. კლანების დაპირისპირების შესახებ საუბრობს: ”პირველი წყარო ვარ ამ შემთხვევაში და ვიცი”, -ამბობს კუკავა, - ”თუ გირგვლიანის საქმეზე დეტალებს ახმაურებდნენ კოდუები, კოდუებისა და სვანების დაპირისპირების პირველი წყარო ახალაიები იყვნენ. იგივე ვითარებაა დღესაც.”

გაზეთი ”ახალი თაობა” დღეს ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას შეეხება: ”პროდუქტებზე ფასები ერთბაშად გაორმაგდა, ცეცხლი უკიდია ყველაფერს. ასევე დიდია უმუშევართა რიცხვი. ყოველდღე მეტი და მეტი ადამიანი ტოვებს სამსახურს. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა მიდის სრული კვდომისაკენ და, ამის პარალელურად, სააკაშვილი გვეუბნება, რომ თურმე მსოფლიო რეიტინგებში ჩვენ იაპონიას ვასწრებთ. მალე, ალბათ, შეერთებულ შტატებსაც გავასწრებთ. ამ უმძიმეს ფონს ემატება ჩვენი დევნილი მოსახლეობის გაუსაძლისი მდგომარეობა.”

ნანა კაკაბაძე,ხელძღვანელი ორი დღის წინ შვეიცარიიდან დაბრუნებული არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, გაზეთ ”ახალ თაობას” ესაუბრა. ნანა კაკაბაძე შვეიცარიაში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შეხვდა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ შვეიცარიისაგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. როგორც კაკაბაძე ინტერვიუში აცხადებს, კომახიძემ გადაწყვიტა გააგრძელოს თავისი საქმიანობა და პირველ რიგში დაასრულოს ის ფილმი, რის გამოც მას ქვეყნის დატოვება მოუხდა.”ის ამ ფილმს ძალიან მალე დაასრულებს და მისი პრეზენტაცია მოეწყობა როგორც ჟენევაში, ასევე საქართველოში. მე შევეცდები, რომ რაც შეიძლება ფართო მასებისათვის გახდეს ეს ფილმი ცნობილი. ვახოს აქვს ძალიან დიდი ვიდეო და აუდიომასალები, რომლებიც მან ცხინვალში მოიპოვა და ეს ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის”, - ამბობს ნანა კაკაბაძე ”ახალ თაობასთან” საუბარში.

”უსაქმური ოკუპანტები” - ასე ასათაურებს დღევანდელი ”24 საათი” მცირე წერილს, რომელიც ცხინვალის მეოთხე ბაზაზე რუსი სამხედროების წვრთნებს შეეხება. როგორც ირკვევა, მანევრში რამდენიმე მძიმე ტექნიკაც არის ჩართული. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი რუსული არმიის წვრთნებს ”უსაქმურობით” ხსნის და აცხადებს: ”რუსეთის არმიაში არსებობს ასეთი ტრადიცია, რომ სრული უმოქმედობის დროს ჯარისკაცებს სანგრებს ათხრევინებენ და წვრთნიან. კარგი იქნება, რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცები თავიანთ ქვეყანაში ცეცხლის ჩასაქრობად გადაისროლოს და არა კავკასიაში ცეცხლის გასაღვივებლად”, - მოჰყავს წერილის ავტორს თემურ იაკობაშვილის ციტატა.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს წერილს, სახელწოდებით „ბათუმის უნივერსიტეტი საფრთხეშია“. როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკები ნადირობენ ბათუმის ზღვისპირას მდებარე შენობებსა და სარფიან ადგილებზე. ასე დაიხურა ოთხი სამუსიკო სკოლა, ხოლო შენობები ჩალის ფასად გაიყიდა. პუბლიკაციის ავტორი სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს. ერთ-ერთი ვერსია კი უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სასტუმროდ გადაკეთებაა. სხვადასხვა ფაკულტეტები კი ასევე სხვადასხვა ინსტიტუტებში გადანაწილდებიან. წერილის ავტორი საზოგადოებას დახმარებისაკენ მოუწოდებს და სთხოვს ხმა აიმაღლონ ბათუმის უნივერსიტეტის გადასარჩენად.
XS
SM
MD
LG