Accessibility links

თუთბერიძეს მეორე საჩივარი შეაქვს შაშკინის წინააღმდეგ


თეა თუთბერიძე, დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

თეა თუთბერიძე, დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს თეა თუთბერიძეს მთავარ პროკურატურაში კიდევ ერთი საჩივარი შეაქვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ. ამჯერად საქმე ეხება განათლების უწყების მიერ კონკრეტული საფინანსო დოკუმენტაციის გადამალვას. თუთბერიძის განცხადებით, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომლის გაცემაზეც განათლების სამინისტრო უარს ამბობს იმ მოტივით, რომ ახლა უწყებას პროკურატურა და კონტროლის პალატა ამოწმებენ.

თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და უარის მიღების შემდეგ ამ უწყების წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ მის სატელეფონო ზარებს. მას არ მიუღია არც წერილობითი პასუხი, თუ რა არის უარის მიზეზი, ხოლო როდესაც სამინისტროში იგებენ, თუ ვინ და რა მიზნით რეკავს მათთან, ტელეფონი ითიშება. თუთბერიძეს კი აინტერესებს, სად არის მის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაცია და რატომ მალავს მას განათლების სამინისტრო.

"ჩვენ გვაინტერესებს, სად არის ეს დოკუმენტაცია", - აღნიშნავს თუთბერიძე. - "სამინისტრო გვეუბნება, რომ გატანილი აქვს კონტროლის პალატას და პროკურატურას, თუმცა მათ ჩვენ ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ის საფინანსო დოკუმენტაცია, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მათთან არ არის. გამოდის, რომ განათლების მინისტრი, უბრალოდ, მალავს კონკრეტულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტაციას და, როგორც ჩანს, აქვს კიდეც ამის საფუძველი, რადგან როცა ყველაფერი რიგზეა, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემა არ უნდა არსებობდეს."

თუთბერიძის მტკიცებით, ეს უკვე გასცდა ადმინისტრაციული დარღვევის ფარგლებს და სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. საჯარო ინფორმაციის გადამალვა, როგორც თუთრებიძე ამბობს, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლით და ითვალისწინებს ჯარიმას ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთას.

როგორც დირექტორთა ასოციაციის იურისტი რევაზ რიჟამაძე აცხადებს, სწორედ ამ მიზეზით არ შეიტანა ასოციაციამ ადმინისტრაციული საჩივარი. სამინისტროსგან წერილობითი პასუხი რომ მიგვეღო იმაზე, თუ რა მიზეზით არ გასცემდა ინფორმაციას, მაშინ დავწერდით ადმინისტრაციულ საჩივარსო, განმარტავს რიჟამაძე.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ დაინტერესდა თეა თუთბერიძე აღნიშნული დოკუმენტაციით მაინცდამაინც ახლა? თუთბერიძის განცხადებით, მას სურდა იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელსაც დაუდასტურებლად ფლობდა. "მე მაქვს ინფორმაცია", - ამტკიცებს თუთბერიძე, - "რომ არის დარღვევები შესყიდვების სფეროში - რომ უფრო მეტია გადახდილი, ვიდრე თვითღირებულება იყო. არის გაბერილი შტატები, სარემონტოდ შესყიდულია უხარისხო პროდუქცია და ა.შ., რისი გადამოწმებაც გვსურდა."

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის პასუხისმგებელ პირს თინათინ ერქვანიას, რომელმაც განაცხადა, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაციის დედნები უკვე სამინისტროშია, თუმცა გამოთხოვის მომენტში მათი გაცნობა შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ მათ კონტროლის პალატა და პროკურატურა სწავლობდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პროვოკაციის აგორების მცდელობააო, გვითხრა ერქვანიამ.

განათლების სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტაციის მიწოდებისათვის უწყებამ გარკვეული დრო ითხოვა. თინათინ ერქვანია კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ თეა თუთბერიძე მოგვიანებით კვლავ მოითხოვს აღნიშნულ საჯარო ინფორმაციას, ის მას აუცილებლად მიიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG