Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6-პუნქტიანი შეთანხმება მეორე წელია არ სრულდება


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველო რუსეთისგან კვლავ საერთაშორისო ვალებულებათა შესრულებას მოითხოვს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებსა და მის მიერ განხორციელებულ ეთნოწმენდასა და ოკუპაციაზე. მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა და უახლესი სამხედრო ტექნიკის განთავსება. დროებითი საპარლამენტო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტების მოგვარება და ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით სურს, რასაც ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიაც ადასტურებს. საპარლამენტო კომისია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკვე არსებული დოკუმენტების ფარგლებში მიმართავენ ქმედით ზომებს საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო მექანიზმებისა და ახალი სამშვიდობო ფორმატის შესაქმნელად და აიძულებენ რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
XS
SM
MD
LG