Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოჩენილი ისტორიკოსის, ტონი ჯადტის გარდაცვალების გამო


ისტორიკოსი ტონი ჯადტი, 2006 წლის ოქტომბერი
ისტორიკოსი ტონი ჯადტი, 2006 წლის ოქტომბერი
გასული კვირის მიწურულს გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, მეოცე საუკუნის ევროპის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი, ტონი ჯადტი. ჯადტი, რომლის მოღვაწეობის ძირითადი ნაწილიც შეერთებულ შტატებს უკავშირდება, ბოლო რამდენიმე წელი მძიმედ იყო დაავადებული, თუმცა მაინც განაგრძობდა მუშაობას, აქვეყნებდა სტატიებს. მის ყველაზე ცნობილ ნაშრომად ითვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ისტორია, რომელიც 2005 წელს გამოქვეყნდა. გასული წლის სექტემბერში ტონი ჯადტთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ ჰეზერ მაჰერს. მაშინ ჩვენ ამ ინტერვიუს ერთი ნაწილი გაგაცანით - ნაწილი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდა საქართველოს. ყოველკვირეულ პროგრამა „უხილავ ფარდაში“ დღეს განმეორებით გიამბობთ ამ ინტერვიუზე - შეხედულებებზე, რომელთაც გამოჩენილი ისტორიკოსი გამოთქვამდა ევროკავშირის მომავალზე, ევროპასთან რუსეთის ურთიერთობასა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსზე - საქართველოსთვის საყურადღებო კონტექსტში.


“დიდი ილუზია? ესე ევროპაზე” - ასე ჟღერს ტონი ჯადტის ერთ-ერთი ნაშრომის სათაური. სწორედ ამ “დიდ ილუზიაზე” - ევროპის პროექტზე, ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ტრანსნაციონალურ გაერთიანება ევროკავშირზე - შეკითხვით დაიწყო გამოჩენილ ისტორიკოსთან ჩვენი კორესპონდენტის საუბარი.

პასუხი ვრცელი გამოდგა - ისევე როგორც ყველა დანარჩენ შეკითხვაზე. ჯადტი მოსაზრებების დასასაბუთებლად რამდენიმე ათწლეულით მაინც იხევდა უკან, ისტორიულ კონტექსტს ასახავდა, მაგალითები მოჰყავდა, ერთი საკითხის სხვადასხვა ასპექტზე მიუთითებდა.

ავიღოთ თუნდაც მისი განმარტება “დიდი ილუზიის” - ევროკავშირის მყიფე ერთობის იმ გამოხატულებაზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში ვლინდება. შეკითხვაა, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, ისეთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, საკუთარი პოლიტიკური ძალის კონსოლიდირება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წელია რუსეთი ზეწოლას ახდენს ენერგომომარაგების ბერკეტით და ცალკეულ ქვეყნებს ამ ზეწოლასთან გამკლავება არ ძალუძთ? ამ შეკითხვაზე პასუხი ტონი ჯადტმა დაიწყო მითითებით - შეკითხვა სამ სხვადასხვა საკითხს მოიცავსო...

ჯადტის განმარტებით, პირველი ასპექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ძველი საკითხი: „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი 50 წლის ჩრდილი კიდევ ჰფარავს ბოლო ოც წელიწადს. ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების - პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, რუმინეთისა და სხვებისთვის მტკივნეულ საკითხებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათს მეზობლებზე კიდევ უფრო აღმოსავლეთით - უკრაინაზე, ბელორუსიაზე, საქართველოზე. რუსეთისადმი მათი დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება დასავლეთ ევროპის დამოკიდებულებისაგან.”

დასავლელებს, აღნიშნავდა ტონი ჯადტი, ცივი ომის მიუხედავად, და, გარკვეულწილ, მის გამოც გაცილებით ნაკლებად აწუხებთ რუსეთი, გაცილებით ნაკლებად აღიქვამენ მას საფრთხედ, ვიდრე მისი ყოფილი კოლონიები და მეზობლები. ჯადტი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია გერმანია: „გერმანელების უმრავლესობა, განსაკუთრებით დასავლეთგერმანელები, რუსეთს აღიქვამენ ბუნებრივ, აუცილებელ პარტნიორად ევროპის სტაბილურობის საკითხში ნებისმიერი თანამშრომლობისას. ეს ძველი ისტორიაა, 1880-ანი და 1890-ანი წლებით იწყება. საქმე ეხება ორ დიდ სახელმწიფოს - ეკონომიკური, სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სახელმწიფოებს, როცა გერმანია გადამწყვეტ სიტყვას ამბობს ცენტრალურ ევროპაში, ხოლო რუსეთი - ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე. მათ შორის კი უამრავი ტერიტორიაა, უამრავი ქვეყანა, ხალხი, ენა, რელიგია და ეთნიკური ჯგუფი, რომელთაც ორივე (რუსეთიც და გერმანიაც) ისტორიულად თავიან კოლონიებად მიიჩნევდნენ. ეს, კოლონიების ტერიტორია ასეთად უკვე აღარ ითვლება, მაგრამ ზოგი დამოკიდებულება, ისტორიით განპირობებული დამოკიდებულება კვლავაც რჩება.”

ასე განმარტავდა ინგლისელი ისტორიკოსი გერმანიის, გერმანელების - სხვებზე უფრო რბილ პოზიციას რუსეთთან მიმართებით. თუმცა, არა მარტო გერმანია: ფრანგები, ესპანელები და თუნდაც ბრიტანელები, როცა რუსეთზე ფიქრობენ, ფიქრობენ ქვეყანაზე, რომელთანაც საქმე უნდა მოაგვარო, რომელიც მეტნაკლებად თანასწორი პარტნიორია, და არა საფრთხე.

ევროპა, პროფესორ ტონი ჯადტის შეფასებით, დღემდე ბევრ შეცდომას უშვებს. თუ ამ შეცდომებს გავითვალისწინებთ, როგორია პროგნოზი? რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ექსპანსიონისტურ ამბიციებს - ტერიტორიული, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით? ჯადტის პასუხი: “ძლიან გრძელვადიანი პერსპექტივაში ვიტყოდი, რომ ცხადია, რუსეთი შეეცდება ბოლოდროინდელი დაღმასვლით განცდილი დამცირების კომპენსაციას რაღაც სახის წინსვლით. ნუ დავივიწყებთ, რომ, ისტორიკოსის შეფასებით, სტალინი ბევრი თვალსაზრისით უნდა ჩაითვალოს ეკატერინე დიდისა და მე-19 საუკუნის რუსი მეფეების ბუნებრივ მემკვიდრედ - ტერიტორიის გაფართოებით რუსეთის დასავლეთით და განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთით ტერიტორიებზე, რომელთა დაპყრობაც ეკატერინემ დაიწყო, რომლებსაც ყოველთვის “საკვანძო მნიშვნელობას” ანიჭებდნენ რუსი სტრატეგები, ერთი მხრივ, რესურსების მოპოვებისა და ზღვაზე გასვლის მიზნით და, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს იღბდა ევროპაში - ისევე როგორც აზიაში.”

ახლაც ასეა, განმარტავდა ცნობილი ისტორიკოსი: საკითხავი ის კი არ არის, შეეცდება თუ არა რუსეთი რეგიონზე გავლენას, არამედ როგორ გააკეთებს ამას.

მსმენელს შესაძლოა, ახსოვდეს ღია წერილი, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას გასულ წელს მიმართა ცნობილი აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერთა ჯგუფმა. წერილში ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ რეგიონის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის, კერძოდ, რუსეთისადმი არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო. აი, როგორ აფასებდა ტონი ჯადტი აღმოსავლეთევროპელების მოლოდინს, რომ შეერთებული შტატების ლიდერები მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებენ რუსეთთან ურთიერთობის დროს: “პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს - და ეს არ მოეწონებათ რეგიონში, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება - არის შემდეგი: ვაშინგტონში არის საუცხოოდ ინფორმირებული და ჭკვიანი ხალხი, რომელიც აღმოსავლეთევროპელი კასანდრების ხმებს - იქნება ეს პოლონეთიდან, თუ საქართველოდან - საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის გამოხატულებად მიიჩნევს. მათ მიიჩნევენ ადამიანებად, რომელთაც ბუშის ადმინსტრაცია ზოგჯერ მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებოდა და ასე იყო, სხვათა შორის მანამდეც, რეიგანიდან მოყოლებული. დღეს ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ,რაც უნდა ღირებულად მიგაჩნდეს თავისუფლება, დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ., უნდა გახსოვდეს, რომ რეალისტურად უნდა მიუდგე პოლიტიკურ არჩევანს და ვერ წარმართავ რუსეთთან მიმართებით საგარეო პოლიტიკას პოლონეთის დამოკიდებულების, ან კიდევ საქართველოს დამოკიდებულების საფუძველზე - განსაკუთრებით, როცა პოლონეთის წინა მთავრობას (ამჟამინდელს კი არა, წინა მთავრობას) და საქართველოს ამჟამინდელ ხელსიუფლებას კაცი ყველა საკითხში კრისტალურად სუფთას, ალბათ ვერ უწოდებ. ასე რომ, ეს იოლი შემთხვევა არ არის”.

იმის გათვალისწინებით, აღნიშნავდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მოღვაწე ისტორიკოსი, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ბევრი საკითხის, მათ შორის ირანისა და ტერორიზმის პრობლემების მოგვარების კონტექსტში, არ უნდა მოველოდეთ აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების მიმართვაში გამოთქმული შეშფოთების ასახვას ობამას საგარეო-პოლიტიკურ ნაბიჯებზე.

“თუ 50-იან წლებს დავუბრუნდებით“, აღნიშნავდა ჯადტი, „რაც უნდა კარგად იყოს განწყობილი შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპელების, ან პატარა ქვეყნებისადმი ყირიმის აღმოსავლეთიდან კავკასიამდე, რაც უნდა კარგად ვიყოთ განწყობილი მათ მიმართ, არმიის გაგზავნას არ ვაპირებთ მათს გადასარჩენად. ეს გამოჩნდა საქართველოში, გაიხსენეთ უნგრეთი 1956 წელს, ჩეხოსლოვაკია 1968-ში. უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა ამერიკელები რუსეთზე ფიქრობენ, ფიქრობენ “ძალიან შორეულ” ქვეყანაზე. ის დიდი მანძილით არის დაცილებული, ის საგარეო პოლიტიკის პრობლემაა. ხოლო ევროპელებისთვის რუსეთი იქვეა, მეზობლად. ის არ არის საგარეოპოლიტიკური პრობლემა - საშინაო პოლიტიკის პრობლემაა. ვაშინგტონზე ოცნება აღმოსავლეთევროპელების ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია. ვაშინგტონი არ გაიქცევა რუსეთისაგან მათს გადასარჩენად”.

ასეთ, აღმოსავლეთევროპელებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით საქართველოსთვის არასახრბიელო პროგნოზს აკეთებდა გამოჩენილი ისტორიკოსი, ტონი ჯადტი. მასთან ამ საუბრის ჩაწერის საშუალება შარშან, სექტემბერში მიეცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ ჰეზერ მაჰერს. ინტერვიუ განმეორებით შემოგთავაზეთ პროფესორ ტონი ჯადტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG