Accessibility links

logo-print

„დანაშაულის აღიარების მიზნით, ირანელი საქინე აშთიანი აწამეს“


საქინე მოჰამადი აშთიანი

საქინე მოჰამადი აშთიანი

ირანელი საქინე მოჰამადი აშთიანის სახელი მსოფლიოში მაშინ გავრცელდა, როცა მას ჩაქოლვით სიკვდილი დაემუქრა. არაერთ ქვეყანაში - სხვათა შორის, თბილისშიც - მის და ირანში მისი ბედის მქონე ქალების მიმართ სოლიდარობის აქციები გაიმართა. ახლახან საქინე აშთიანთან სატელევიზიო საუბარი გადასცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ. მან აღიარა, რომ მონაწილეობდა თავისი ქმრის მკვლელობაში და სასიყვარულო კავშირი ჰქონდა ქმრის მამიდაშვილთან. აშთიანის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ჩვენების მიცემამდე ის აწამეს.

საქინე მოჰამადი აშთიანი აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა თავის მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე. მისი ხმა სპარსულად ითარგმნებოდა. აშთიანმა იცოდაო, თქვა თარჯიმანმა, რომ ქმრის მამიდაშვილი აპირებდა ქმრის მოკვლას. მან დეტალებზე ილაპარაკაო, როგორ მზადდებოდა მკვლელობა. მაგრამ ის იმასაც მოჰყვა, რომ მუქარა ხუმრობად მიიჩნია და სერიოზულად არც უფიქრია ამაზე. ტელეარხმა გადასცა ასევე ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანული პროვინციის პროკურორის მალექ აჟდარ შარიფის ნათქვამი:

„ქმარს ცოლმა დასაძინებელი წამალი ნემსით გაუკეთა. შემდეგ მოვიდა საყვარელი, მძინარე აბაზანაში ჩააწვინა და მოკლა სხეულზე ელექტროდენის ორი მავთულის მიდებით.“

აშთიანის დამცველები ამბობენ, რომ მას ასეთი ჩვენება წამების მეშვეობით გამოსძალეს. ერთმა მათგანმა, ჰუთან ქიანმა, უთხრა ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანს“, რომ აშთიანს არაეთხელ სცემეს და აწამეს ტელევიზიით გამოსვლამდე ორი დღით ადრე. მეორე ადვოკატმა, მოჰამად მოსთაფაიმ, განაცხადა, რომ ტელეპროგრამა, რომელშიც აშთიანი გამოიყვანეს, სახელწოდებით „ოცი საათი და ოცდაათი წუთი“, ირანის დაზვერვის სამსახურის კონტროლის ქვეშაა. მან ეს „CNN-ს“ უთხრა ნორვეგიიდან, სადაც ირანიდან გაიქცა დაპატიმრების შიშით. საუბრისას აშთიანმა უარყო ადვოკატთან შეხვედრა. მოსთაფაიმ, თავის მხრივ, „CNN-ს“ უთხრა, რომ შარშან მოინახულა ის თავრიზის ციხეში და რომ ის მისი ოფიციალური ადვოკატი იყო.

აშთიანს, სანამ მას 2006 წელს ქმრის ღალატის გამო დამნაშავედ ცნობდნენ, 99-ჯერ სცემეს. შემდეგ მისი საქმის განხილვა კვლავ განახლდა, როცა ეჭვი მიიტანეს, რომ ქმრის მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. მართალია, ის ამ მხრივ გაამართლეს, ქმრის ღალატისთვის გამოტანილი განაჩენი მაინც შეცვალეს და ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. როცა მისი ჩაქოლვის რეალური საშიშროება გაჩნდა, 43 წლის დედის საქმეს ყურადღება ოკეანის გაღმა მიაქციეს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - როგორც ითქვა, საქართველოშიც - მისი მხარდაჭერის აქციები გაიმართა. ირანის ხელისუფლებმა საქმე გადასინჯეს და მას ჩაქოლვა ჩამოხრჩობით შეუცვალეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ათ აგვისტოს თქვა, რომ აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია აშთიანის საქმის გამო, რომლის ბედი გაურკვეველია. კლინტონის თქმით, მისი საქმე წარიმართა გაუმჭვირვალედ და თვითონ ირანის კონსტიტუციის შეუსაბამოდ.

ბრაზილიის მთავრობამ განმეორებით მოუწოდა თეირანს აშთიანის მიმართ კაცთმოყვარული ქმედებისკენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სელსო ამორიმმა განაცხადა, ეს ირანის ავტორიტეტს წაადგებოდაო. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ სექინე აშთიანს თავის ქვეყანაში თავშესაფარი შესთავაზა.
XS
SM
MD
LG