Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე
დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მას ე.წ. ”ზონდერ ბრიგადის” წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს.

ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობილი არაფერი იყო. ინციდენტის შესახებ მხოლოდ საღამოს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში მისი გამოსვლისას გახდა ცნობილი. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების მომხრე დევნილები მის მიმართ ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ.

ნინო ბურჯანაძესთან ერთად გორში ცნობილი სპორტსმენი ლუკა კურტანიძეც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკან გამობრუნებულებს დევნილებმა ქვები დაუშინეს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში ორი საათის განმავლობაში საუბრობდა. მთავარი თემა აგვისტოს ომი და საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი იყო. ბურჯანაძემ სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ომის დაწყებაში. გადაცემის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში, დაახლოებით 15 სატელეფონო ზარი შევიდა. მაყურებელთა უმრავლესობა, რომლებიც ამბობდნენ, რომ დევნილები იყვნენ, ბურჯანაძეს პუტინთან შეხვედრის გამო მოღალატესა და სამშობლოს გამყიდველს უწოდებდნენ.

ყოველი ასეთი ზარის შემდეგ ბურჯანაძე აღნიშნავდა, რომ ეთერში მას ვანო მერაბიშვილის დაქირავებული ხალხი ურეკავდა. ერთ-ერთი მსგავსი ზარის დროს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნერვიულობა შეეტყო და სიტყვებს ვეღარ პოულობდა. ამ დროს ეთერში მისთვის პოზიტიური ზარი გაისმა, რამაც მას დაწყნარების საშუალება მისცა.

გადაცემაში ნინო ბურჯანაძემ ხურვალეთის აქციის ორგანიზატორად რეზო კახნიაშვილი დაასახელა. კახნიაშვილი გორის საკრებულოს წევრი და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის საპარლამენტო ბიუროს თავმჯდომარეა. გავრცელებული ინფორმაციით, კახნიაშვილი დევნილთა ე.წ. ”ზონდერ ჯგუფის” ხელმძღვანელია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახნიაშვილმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს ხურვალეთში არ იმყოფებოდა და იქ მოგვიანებით მივიდა. მისი თქმით, რიგითმა დევნილებმა არ მიიღეს ბურჯანაძე, რომელიც რუს ჯარისკაცებს ოკუპანტებსაც კი ვერ უწოდებს.

ნინო ბურჯანაძემ პირობა დადო, რომ დევნილთა დასახლებებში კიდევ ჩავა. ადრე თუ გვიან ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა, დასასჯელს დასჯის, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ დევნილებს სახლებში დააბრუნებს. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, ამ პირობას როდის შეასრულებს.
XS
SM
MD
LG