Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აგვისტო – გლოვის დღე აფხაზეთში


სასტუმრო აფხაზეთი, სოხუმი
სასტუმრო აფხაზეთი, სოხუმი
14 აგვისტო აფხაზეთში გლოვის დღეა. 1992 წლის 14 აგვისტო, როცა ქართულმა არმიამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა, ქართულ-აფხაზური ომის დასაწყისად ითვლება. 1992 წლის 14 აგვისტოს თბილისშიც იხსენებენ ხოლმე, თუმცა სოხუმსა და თბილისში იშვიათად სცემენ პატივს ერთდროულად ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების ხსოვნას. ერთ-ერთი გამონაკლისი კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლია“, რომელსაც ცოტა ხნის წინ დახურვა დაემუქრა.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ჰიმნი 14 აგვისტოს არაერთხელ აჟღერდება სოხუმში, გუდაუთაში, გაგრაში. და თუკი 2008 წლამდე გლოვის ამ დღეს სოხუმში ჯერ კიდევ გაისმოდა საუბარი ქართველებთან შერიგებაზე, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა ცნო, გლოვის დღე, გარკვეული თვალსაზრისით, აფხაზი სეპარატისტების გამარჯვების დღედაც ითვლება...

"რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავიცავ. მე ქალი ვარ, ძმა მომიკლეს ამ ომში... და კიდევ თუ განმეორდა ეს ყველაფერი, ჩემი სამშობლოსთვის თავს დავდებ", - ამბობს აფხაზი ქალბატონი ინტერვიუში, რომელიც ჩართულია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, "კავკასიური სახლის", თანამშრომელთა ფილმში ”როგორ ხართ”.

ფილმის ერთ–ერთი ავტორი, ადამიანი, რომელიც 2003 წელს ჩავიდა აფხაზეთში და აფხაზებს ქართველებთან შერიგების პერსპექტივებზე ესაუბრა, ქალბატონი ანა აბრამიშვილი–წვინარიაა.. სურათის პრემიერის შემდეგ ქალბატონი ანა – „კავკასიური სახლის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი - გარდაიცვალა... ვერ მოესწრო კულტურის სამინისტროს მხრიდან „კავკასიური სახლის“ შენობის წართმევის მცდელობას (დიახ, სწორედ „წართმევის მცდელობად“ აფასებს საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების სურვილს გადასცეს ეს შენობა „სმირნოვების სახლს“), თუმცა „კავკასიური სახლი“ მანამდეც გამხდარა სამიზნედ დესტრუქციული ძალებისა, რომლებსაც, საერთოდ, „კავკასიური სახლის“, კავკასიელ ხალხთა თანამშრომლობის იდეა მაინცდამაინც არ მოსწონდათ.

მათ არც „კავკსიურ სახლში“ მოწყობილი კონფერენცია მოეწონათ – ის კონფერენცია, რომელზეც ომში მონაწილე აფხაზმა ქალბატონებმა - მათ შორის, ანა აბრამიშვილმა - გადაწყვიტეს აფხაზეთში ჩასულიყვნენ და ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შესახებ იქ, ადგილზე, გასაუბრებოდნენ აფხაზებს. „კავკასიური სახლის“ დირექტორმა ნაირა გელაშვილმა თავად გვიამბო, როგორ დაიბადა ფილმის იდეა:

"მაშინ, ამ კონფერენციაზე, გაჩნდა იდეა - ეგება ასეთი პროექტი გავაკეთოთო, უბრალოდ, დავარქვათ "როგორ ხარ" და ჩვეულებრივმა ადამიანებმა ილაპარაკონ. გულაჩუყებულები ლაპარაკობდნენ, როდესაც მოსკოვის ერთ-ერთი არხით გამოდიოდა ზურაბ სოტკილავა, რომელიც დაიბადა აფხაზეთში, და როცა ტელეწამყვანმა ჰკითხა, რას ეტყოდით ახლა აფხაზებსო, მან აფხაზურად თქვა, "როგორ ხართო" - და ეს პატარა რაღაცაც კი ახსოვდათ, მთელი აფხაზეთი ლაპარაკობდა, რომ იქიდან აფხაზურ ენაზე ამ ადამიანმა მოიკითხა ეს ხალხი."

მთელი ამ ერთსაათიანი ფილმის ინტონაცია, ფილმისა, რომელიც ქართულ ტელეარხებს არ უჩვენებიათ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის ქართველებისთვის. აფხაზები ომში დაღუპულ ძმებს, მამებს, შვილებს გლოვობენ და არ მალავენ, რომ მათ საქმეს გააგრძელებენ – იბრძოლებენ დამოუკიდებლობისთვის. „კავკასიური სახლის“ თანამშრომლები მათ არ ეკამათებიან, ისტორიას არ ახსენებენ. მხოლოდ უსმენენ. აფხაზები კი სიამოვნებით ლაპარაკობენ, რადგან პირველად ხედავენ, რომ აფხაზეთში ჩასულ ამ ქართველებს ურთიერთობის გარკვევისა და მტყუან-მართლის გარჩევის სურვილი გაუქრათ. ეფექტი საგრძნობია – როცა ერთი მხარე მეორეს უსმენს, მეორესაც უჩნდება იმის მოსმენის სურვილი, ვის მიმართაც აგრესიულად იყო განწყობილი... იქნებ ამიტომაც დაიწყეს ფილმის პირველი ჩვენების შემდეგ საუბარი იმაზე, რომ ასეთი ფილმის გადაღების სურვილი, შესაძლოა, აფხაზებსაც გასჩენოდათ – ჩამოსულიყვნენ თუნდაც თბილისში და დევნილებისთვის ეკითხათ: „როგორ ხართ?“.. ამის იმედს „კავკასიური სახლის“ ფილმის ფინალი ქმნიდა – ინტერვიუ ახალგაზრდა აფხაზ გოგონებთან, რომელთაც ომი არ ახსოვდათ, ამიტომ არა იმდენად წარსულზე, რამდენადაც მომავალზე საუბრობდნენ.

მაგრამ 2008 წლის აგვისტომ მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. სავარაუდოდ, ამ გოგონებსაც შეიძლება შეექმნათ „აგრესიული ქართველის“ ხატი, რომელიც ოსებისა და აფხაზების დაპყრობას აპირებდა, მაგრამ ომი წააგო.. ასეთი ინტონაციით აღინიშნა 14 აგვისტო შარშან სოხუმში და, სავარაუდოდ, ასეთი ინტონაცია ექნება წელსაც... თბილისში კი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩანან ადამიანები, რომელთაც თუნდაც ყველაზე აგრესიულად განწყობილ აფხაზთან დალაპარაკების სურვილი ექნებათ... თითქმის აღარაა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მშვიდობიან დიალოგზე საუბარი. ერთი „კავკასიური სახლია“ ასეთი სივრცე და მასაც დახურვა ემუქრება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG