Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 13 აგვისტო 2010


ინტერვიუების სერია - ასე შეიძლება დასათაურდეს დღევანდელი ქართული პრესა, სადაც არაერთი ვრცელი ინტერვიუა გამოქვეყნებული როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან.

გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს დღეს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, სახელწოდებით ”პრეზიდენტობაზე არ მიფიქრია”. დავით ბაქრაძის ეს ციტატა ამოღებულია ინტერვიუს ბოლო კითხვის პასუხიდან, რომელიც ბაქრაძის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატურას შეეხება: ”უახლოესი ორი წელი პარლამენტში ვაპირებ მუშაობას, იქ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩემი მხრიდან ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება ორი წლის შემდეგ, არასწორი იქნებოდა.” რესპონდენტი ინტერვიუში ხელისუფლების ორი წლის წინანდელ ემოციურ მდგომარეობასაც იხსენებს:

”მე გავიხსენებდი 11 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომას, როდესაც იყო საფრთხე, რომ რუსული ტანკები შემოსვლას აპირებდნენ. ავლაბრის რეზიდენციაში მაშინ იყო ბევრი ადამიანი -ისეთებიც, რომლებიც სხვა დროს არ დასწრებიან უშიშროების საბჭოს სხდომას, ვისი მოვალეობაც არ იყო პრეზიდენტის სასახლეში მოსვლა, თუმცა, ყველა იყო მოსული ერთადერთი მიზნით - ვყოფილიყავით ერთად და ერთად მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე ბრძოლას შეეხებოდა. თუკი რუსები შეეცდებოდნენ თბილისის აღებას, მთავრობას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, ფიზიკური ბრძოლის ჩათვლით, რომ ეს არ დაეშვა. ფონი ძალიან მძიმე იყო”. ჟურნალისტის რეპლიკაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დღეებში ქვეყნიდან გადიოდნენ და აზერბაიჯანის საზღვარზე რიგები იდგაო, დავით ბაქრაძე პასუხობს: ”ყველა, მათ შორის მე, 8 აგვისტოს დავბრუნდი თბილისში და აქ ვიყავი. ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე ქვეყანას რომ დასჭირდეს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, მე არსად არ წავალ.”

”რეზონანსივე” აქვეყნებს ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან. როგორც ის ინტერვიუში აღნიშნავს, აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე, სამწუხაროდ, კარგი არაფერი ხდება საქართველოში: ”აშკარად ჩანს, რომ რუსეთმა თავისი გაიტანა და თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიაში გაიმყარა. მედვედევის ჩასვლამ სოხუმში დაადასტურა, რომ მას არ ადარდებს საერთაშორისო საზოგადოების საყვედურები და ის, თუ რას ეუბნება მას მსოფლიო აფხაზეთსა და ცხინვალზე.”

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი არ არის მთავარი გასაღები. ის თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს უნდა დაელაპარაკოს: ”აფხაზები და ოსები ჩვენთან დიალოგზე მოდიოდნენ 2006 წლის მაისამდე. უაღრესად დინამიური იყო პროცესი. რუსეთი შეშფოთებული იყო იმ პროცესით, რაც აქ ხდებოდა. თუმცა ვიღაცამ ჩააწვეთა სააკაშვილს, რად გინდა ეს დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რუსები არიან მთავარიო. რუსეთი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა გადამწტყვეტი”, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი ინტერვიუში.

”ახალი თაობა” გაზეთის მეორე გვერდს მთლიანად უთმობს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ზურაბიშვილთან. ინტერვიუს ერთ-ერთი შეკითხვა უკანასკნელ პერიოდში აქტიურად გავრცელებულ ხმებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშორების სამსახურის განცალკევების თემას შეეხება. როგორც დავით ზურაბიშვილი აღნიშნავს, ”მერაბიშვილი ცალკე სახელმწიფოა სახელმწიფოში და სააკაშვილი, რომელსაც უკვე ეწურება თავისი უფლებამოსილება, ამ ყველაფერს ცოტა სხვანაირად უყურებს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს მონსტრი დასაშლელია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ. მთელი ამ ძალოვანი უწყებების ერთ სტრუქტურაში თავმოყრა არანაირად არ არის მიზანშეწონილი. პირდაპირ გეტყვით, თუ ეს გაკეთდება, ძალიან კარგია. სააკაშვილს უნდა, რომ მთელი ეს ძალაუფლება არ იყოს თავმოყრილი ვანო მერაბიშვილის ხელში და ის ცოტა გადაანაწილ-გადმოანაწილოს”, - აღნიშნავს ზურაბიშვილი ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG