Accessibility links

14 აგვისტოს აფხაზები და ქართველები ომის დაწყების მორიგ წლისთავს აღნიშნავენ. 18 წლის წინ დაწყებულმა ომმა 13 თვეს გასტანა და უმძიმესი შედეგებით დასრულდა: დაიღუპა 16 ათასამდე ადამიანი, სამასი ათასი კი დევნილად იქცა. როგორ დაიწყო საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი და რატომ ვერ მოხერხდა მისი თავიდან აცილება ან დროულად შეჩერება?

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი თბილისიდან მივლინებით გაგზავნილმა მილიციელთა რაზმმა გადაკვეთა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ინტერვიუ ომის დაწყების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასთან, რომელიც ქართველ მილიციელთა აფხაზეთში გაგზავნას ასეთ ახსნას უძებნის:

„საქართველოს რკინიგზაზე და, ძირითადად, აფხაზეთის მონაკვეთზე იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდის ზარალი, საიდანაც დაახლოებით 4 მილიონის ღირებულების ტვირთი ეკუთვნოდა სომხეთს.“

თავდაპირველი ჩანაფიქრით, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე წესრიგის აღდგენაში ქართველ მილიციელებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ გაძარცული ტვირთების ადრესატი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის -სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, თუმცა ეს იდეა, როგორც თავდაცვის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი იხსენებს, ვერ განხორციელდა. შედეგად, სამხედრო საბჭომ წესრიგის აღდგენა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით გადაწყვიტა. ავთანდილ ცქიტიშვილი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის, სატელევიზიო გამოსვლას იხსენებს:

„საქართველოს მილიცია ყველა ღონეს იხმარსო, წელს ზევით გაშიშვლდება, შიშვლები შევვარდებით და ამ ბანდფორმირებებს კარგ დღეს არ დავაყრითო. მართლაც, მძიმე ტექნიკის გარეშე, ვოლგებით და მსგავსი ტრანსპორტით მოხდა მათი შესვლა, მაგრამ ოჩამჩირესთან მოხდა პირველი შეტაკება, მილიციელებს წინ აღუდგა აფხაზეთის ეროვნული გვარდიის ნაწილები და მილიციელებისგან დაკომპლექტებული ეს მოწინავე რაზმი მთლიანად იქნა განადგურებული.“

მილიციელთა რაზმის განადგურებას საქართველოს სამხედრო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს შენაერთების აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანით უპასუხა. ნიშანდობლივია, რომ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა მძიმე ტექნიკა და სხვა სახის შეიარაღება ერთი დღით ადრე ახალციხის სამხედრო ნაწილიდან მიიღო, ანუ იმ ნაწილიდან, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა არმია აკონტროლებდა. კიტოვანისგან განსხვავებით, აფხაზეთში შესვლის წინააღმდეგი იყო გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, რომელიც ომის დაწყების წინ ბაზალეთის ტბაზე იმყოფებოდა და ცხინვალში ჩატარებული საბრძოლო ოპერაციის გამო გადაყენებული იყო თანამდებობიდან.

„ინფორმაციასაც კი ვერ ვღებულობდი, რა ხდებოდა, ვინ იღებდა სამხედრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. 11-ში შემატყობინეს ღამე, რომ მიღებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება. ვუსაბუთებდი, ვუხსნიდი ყველას, მათ შორის სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ ცხინვალმა დაგვანახვა, რომ ძალით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერ გადავჭრით. მოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვება სამხედრო კონფლიქტის დაწყება, ხოლო ამას უპირობოდ მოჰყვება, ცხინვალის მსგავსად, რუსული ჯარის სამშვიდობოდ შემოყვანა“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ყარყარაშვილმა.

და, მართლაც, მოვლენები სწორედ ამგვარი სავალალო სცენარით განვითარდა. რკინიგზაზე წესრიგის დამყარების ვერსია, პირველ რიგში, არ მიიღო სოხუმში მყოფმა ხელისუფლებამ. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ:

„ეს ყველაფერი ზღაპრებია... რკინიგზაზე იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში. აფხაზეთის, უფრო ზუსტად კი, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი თუ ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოში ხდებოდა. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი სტატისტიკაა, ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო. საბრძოლო შვეულმფრენებითა და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს.“

ომის დაწყების პირველივე დღეებში სეპარატისტთა ლიდერებთან მოლაპარაკებების დაწყების მიზნით სოხუმში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ჩავიდა, თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. გიორგი ყარყარაშვილის თქმით, პროცესები უმართავი გახდა. მთელი რიგი მიზეზების გამო ომის შეჩერება შეუძლებელი იყო:

„აღმოვჩნდით მიამიტები! ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ნება იყო დაფიქსირებული. სამაგიეროდ, ხუთჯერ-ექვსჯერ გვიმზაკვრეს და დაარღვიეს ხელშეკრულებები.“

არადა, ომის შეჩერებას იმედითა და სასოებით ელოდა ასობით ათასი ადამიანი როგორც სოხუმში, ასევე დანარჩენ აფხაზეთსა და საქართველოში, თუმცა სულ ტყუილად. შემზარავი აღმოჩნდა ომის ფინალიც: ათობით ათასი დაღუპული ორივე მხარეს, ასობით ათასი დევნილი, გადამწვარი აფხაზეთი და დაშლილი საქართველო. როგორ მოხდა ისე, რომ საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა კატასტროფის თავიდან აცილება? ამ შეკითხვას მამუკა გიორგაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და 20 წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მოანწილე, ასე უპასუხებს:

„მოხდა ისე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ელიტა ერთმანეთთან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დავაში იყო ჩართული, ხოლო რუსეთიდან მართვადი პოლიტიკური ძალები იყვნენ ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ. შესაბამისად, მათი მოქმედებები იყო კოორდინირებული და მათ ჰქონდათ ხელისუფლების შენარჩუნების უდიდესი მოტივაცია. ამის გამო ვერ მოვახერხეთ წინააღმდეგობის გაწევა. გარდა ამისა, გამოუცდელი ქართული საზოგადოება წამოეგო პატრიოტული ჟღერადობის მოწოდებებზე და საღი აზრი გადავიდა მეორე პლანზე. ყოველივე ამის გამო შეუძლებელი გახდა დაწყებული პროცესის შეჩერება.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG