Accessibility links

გარდაიცვალა ლორიკ მარშანია


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა “მშვიდობიანი აფხაზეთის” კოორდინატორი ლორიკ მარშანია გარდაიცვალა, ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს. გუშინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად მარშანია, მძიმე მდგომარეობაში, თბილისის პირველ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას თავის ქალის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ლორიკ მარშანიას მანქანა ფონიჭალაში მაშინ დაეჯახა, როცა ის ქუჩაზე გადადიოდა. ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. აკადემიკოსი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, წლების მანძილზე დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. უკანასკნელ წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლი და იმავდროულად მოძრაობა “მშვიდობიანი აფხაზეთის” კოორდინატორი იყო. ლორიკ მარშანია ასევე მონაწილეობას იღებდა ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ინტერესებს იცავდა.
XS
SM
MD
LG