Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირა დევნილების დროებითი ჩასახლების ადგილებიდან გამოსახლებით, გარევაჭობის აკრძალვით, აფხაზეთში ომის დაწყებიდან მე-18 წლისთავის აღნიშვნით, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების 2 წლისთავით და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომით, ტყის ხანძრებთან ბრძოლით და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით დასრულდა.

14 აგვისტოს აფხაზები და ქართველები ომის დაწყების მორიგ წლისთავს აღნიშნავენ. 18 წლის წინ დაწყებულმა ომმა 13 თვეს გასტანა და უმძიმესი შედეგებით დასრულდა: დაიღუპა 16 ათასამდე ადამიანი, სამასი ათასი კი დევნილად იქცა.1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი თბილისიდან მივლინებით გაგზავნილმა მილიციელთა რაზმმა გადაკვეთა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ინტერვიუ ომის დაწყების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასთან, რომელიც ქართველ მილიციელთა აფხაზეთში გაგზავნას ასეთ ახსნას უძებნის:

„საქართველოს რკინიგზაზე და, ძირითადად, აფხაზეთის მონაკვეთზე იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდის ზარალი, საიდანაც დაახლოებით 4 მილიონის ღირებულების ტვირთი ეკუთვნოდა სომხეთს.“

თავდაპირველი ჩანაფიქრით, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე წესრიგის აღდგენაში ქართველ მილიციელებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ გაძარცული ტვირთების ადრესატი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის -სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, თუმცა ეს იდეა, როგორც თავდაცვის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი იხსენებს, ვერ განხორციელდა. შედეგად, სამხედრო საბჭომ წესრიგის აღდგენა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით გადაწყვიტა. მაგრამ ოჩამჩირესთან მოხდა პირველი შეტაკება. მილიციელებს წინ აღუდგა აფხაზეთის ეროვნული გვარდიის ნაწილები და მილიციელებით დაკომპლექტებული ეს მოწინავე რაზმი მთლიანად გაანადგურა.

მილიციელთა რაზმის განადგურებას საქართველოს სამხედრო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს შენაერთების აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანით უპასუხა. ამ ომის შედეგად, რომელიც წელიწადი და 1 თვე გრძელდებოდა, როგორც ზემოთ ითქვა, 300 ათასი ადამიანი დევნილად იქცა. დევნილად იქცა ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთის და ზემო აფხაზეთის რამდენიმე ათასი მცხოვრები, რომელთა გამოსახლებაც კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან ხელისუფლებამ გასულ კვირაში გაააქტიურა. რამდენიმე კვირის წინ გამომცემლობა ”სამშობლოდან” დევნილების გამოსახლებას მიმდინარე კვირაში ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისა და ისნის ე.წ სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან დევნილების გამოსახლება მოჰყვა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი გარკვეული პოლიტიკის ნაწილია და ის არჩევნების დასრულებას უკავშირდება:

”ამას აქვს ცინიკური ფორმა, რადგან ყველაფერი ხდება არჩევნების შემდეგ. გულსატკენი სწორედ ის არის, რომ დევნილები ვერ ხვდებიან, რომ ისინი ხდებიან მანიპულაციის ობიექტი თუ საგანი. არჩევნებამდე მათ იყენებენ რესურსად, არჩევნების შემდეგ კი მათი უფლებების საშინელი დარღვევა ხდება.”

მხოლოდ დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების მოტივით ახსნა გამოსახლების პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ვალერი კოპალეიშვილმა. მან განაცხადა, რომ დევნილთა გამოსახლების და მათი ხელახლა განსახლების პროცესი იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2007 წლის ბოლოს შემუშავდა და რომლის განხორციელებაც 2008 წლის აგვისტოს ომის გამო შეფერხდა. 2009 წლის იანვრიდან კი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება აქტიურად გაგრძელდა.

კიდევ ერთი პროცესი თბილისში 10 აგვისტოს ქუჩების გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლება იყო. თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 11 აგვისტოს გარემოვაჭრეთა ნაწილმა მერიის შენობის წინ გააპროტესტა, ნაწილი საკრებულოს ტრიბუნიდან გამოხატავდა პოზიციას, ნაწილმა კი მათთვის ბაზრებში საგანგებოდ გამოყოფილი ადგილები მაინც დაიკავა. ქალაქის მერმა თავისი გადაწყვეტილება იმ მიზეზით ახსნა, რომ თბილისი ერთ დიდი ბაზარს არ უნდა დაემსგავსოს. მერია გარემოვაჭრეებს დაპირდა, რომ ახალ წლამდე მათ გადასახადისგან გაათავისუფლებს.

მიმდინარე კვირაში 2 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან. 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში. მაგრამ შეთანხმება სულ რაღაც ორ კვირაში დაირღვა. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო და მათ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო ნაწილები განალაგა. ამ გარემოების მიუხედავად, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა:

„შეწყდა ომი, რომელიც საქართველოსთვის თუნდაც იმ ხუთ დღეში იყო უაღრესად ტრაგიკული შედეგების მომტანი და რომ გაგრძელებულიყო, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა. ხელშეკრულება, თუმცა ეს არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს არ არის ზავი, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ეს არის ის მინიმალური თანხმობა ორ მეომარ მხარეს შორის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის პრობლემები მოგვარებულია.”

რუსულ- ქართულ პოლიტიკურ ურთიერთობებში კიდევ ერთ საჩოთირო თემად იქცა გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის - საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-300“-ის - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსების შესახებ. რუსეთმა დაადასტურა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ეს-300“ აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა. სააგენტოები „ინტერფაქსი“ და „რია-ნოვოსტი“ კრემლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა ეს ფაქტი დასავლელ პარტნიორებს მაშინვე აცნობა. ამავე წყაროს განმარტებით, ამჟამად აფხაზეთში მხოლოდ კომპლექსის დისლოკაციის ადგილი შეიცვალა. 11 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან აფხაზეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკვე 2 წელია არსებობს.

„ეს-300“ ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც სურთ. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რესპუბლიკაში ამჟამად არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა კარგად მუშაობს და საკმარისია, თუმცა „ეს-300“ ტიპის კომპლექსი ზედმეტი არ იქნებოდა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ამ თემის კომენტირებისას რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე „S-300“-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების განთავსება „ცვლის ბალანსს რეგიონში“ და რომ "ეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების კიდევ ერთი გამოვლინებაა."

”ასეთი სისტემის განთავსება არ არის მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ „ეს-200“-ები უკვე არის განთავსებული აფხაზეთში და მიგვაჩნია, რომ ეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების კიდევ ერთი გამოვლინებაა.”

ამ კვირაში თანამდებობა დატოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმება. ინსპექცია 2 წლის წინ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-19 საუკუნის წიგნების დაკარგვის ამბავს იკვლევდა. ამას მოჰყვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ უმაღლესი სასწავლებლის სხვა ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის შესწავლაც - მათ შორის, ტენდერებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციისა.

გიორგი ხუბუამ დაგროვილ კითხვებს ჯერ მედიის წინაშე, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სხდომაზე უპასუხა:

”მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ უნივერსიტეტი ის დაწესებულება არ არის, რომლის რექტორიც წიგნებს იპარავს, ხოლო ადმინისტრაცია ქურდებს მფარველობს და ფინანსურ მაქინაციებშია გახვეული. შემოვიდეს ნებისმიერი მაკონტროლებელი და რაც სურთ, ის შეამოწმონ.”

კვირის განმავლობაში კვლავ აქრობდნენ ხანძრებს აწყურის ტყეში. 10 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც აწყურის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა - სტიქიასთან ბრძოლაში მეხანძრეებსა და მაშველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ჯარისკაცები და ვერტმფრენებიც ჩაერთნენ.

დაბოლოს, 9-10 აგვისტოს თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. მან თბილისში ევროპის ლიგის ფინალური მატჩის გამართვის შესაძლებლობებზე მთავრობის წევრებთან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, თბილისის მერთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან იმსჯელა. 10 აგვისტოს, თბილისის დატოვებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ გახარებულია საქართველოს მთავრობის შეთავაზებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დრო და საკითხის დეტალურად შესწავლა.
XS
SM
MD
LG