Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა, 14 აგვისტო 2010


მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში კვლავ აგვისტოს ომზე საუბრით დაიწყო. ორშაბთს, 9 აგვისტოს, გაზეთი “მთელი კვირა” სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ექსპერტი აგვისტოს ომის პერსპექტივის საკუთარ ანალიზს გვთავაზობს. ”მე, როგორც სამხედრო ექსპერტი, ვფიქრობ, რომ სავარაუდო ჩანაფიქრი იყო ასეთი: რუსეთი აპირებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლე ოპერაციის ჩატარებას, რომელსაც დიდი მომზადება არ სჭირდებოდა, შემდეგ გორის მიმართულებით წამოვიდოდა, გადაკეტავდა თბილისი-ფოთის მაგისტრალს, საქართველოს გაყოფდა ორ ნაწილად“, - ამბობს თავდგირიძე და განაგრძობს: ” გაანადგურებდნენ უმეთაუროდ დარჩენილ დასავლეთ საქართველოში მყოფ ქართულ სამხედრო ნაწილებს, ხოლო ამის შემდეგ ერთიანი ძალებით დაიწყებოდა თბილისზე დარტყმა. რუსეთმა თავისი მოქმედებით აფხაზეთში თავად მოახდინა იმ ხელშეკრულებების ლიკვიდაცია, რომლის ფორმატშიც ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდა ძალიან მარტივი პროცედურა, რათა დაეფიქსირებინა, რომ რუსეთმა მოახდინა ამ ხელშეკრულების დარღვევა. თუკი რუსეთს აღარ ჰყავს სამშვიდობო ძალები ცხინვალში, მაშინ ქართულ მხარეს უნდა დაეწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა რუსეთს ჩანაფიქრის განხორციელებაში. - ეს არის იმ სამხედრო მდგომარეობის ლოგიკური შეფასება, რომელიც ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მიმართებით", - ამბობს გიორგი თავდგირიძე.

გაზეთის კიდევ ერთ პუბლიკაციაში პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის თვალსაზრისს ვეცნობით: "ერთი ბეწო ქვეყანას თავს დაესხა უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფო. ბუნებრივია, გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა იმას, რომ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოები ჩამოყალიბებულიყვნენ ამ მონსტრთან ურთიერთობაში და შემდეგ გაეგრძელებინათ თავიანთი პოლიტიკა. საქართველო რა შუაშია?! - ცხადია, რუსეთი იყო პრობლემა. რუსეთი ზოგს უკრძალავდა, ზოგს კი ემუქრებოდა, რათა საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ. გადატვირთვის პოლიტიკა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთთან ამერიკა და ევროპა წარმართავდნენ, სწორედ ამას ემსახურებოდა: რუსეთთან უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ, ყველაფრისთვის თავისი ადგილი მიეჩინათ და ამის შემდეგ განეგრძოთ თავისი პოლიტიკა არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთლიანად, რეგიონთან მიმართებით", - ამბობს ანდრო ბარნოვი.

ოთხშაბათს გაზეთი „ახალი თაობა“ წერდა, რომ ნანა კაკაბაძე,ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", შვეიცარიიდან დაბრუნდა, სადაც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შეხვდა.

"ახლა მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილება როგორც შვეიცარიის, ისე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, გარდა საქართველოსი. აქედან გამომდინარე, ვახომ გადაწყვიტა, განაგრძოს საქმიანობა და, პირველ რიგში, დაასრულოს ფილმი, რის გამოც მას მოუხდა ქვეყნის დატოვება, - უთხრა გაზეთს ნან კაკაბაძემ. - ” როგორც აღმოჩნდა, - განაგრძობს იგი - სადაც ვახო იმყოფებოდა, იქ ორი ათასამდე ქართველია... ეს არის თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით, ვისაც აქვს თავშესაფრის მოთხოვნა დაყენებული... ეს არის კატასტროფული ციფრი, იმიტომ რომ შვეიცარიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ან საერთოდ არ აძლევენ ადამიანებს, ან ისეთი უმნიშვნელო რაოდენობით, რომ ის არც არის ჩასათვლელი. წელიწადში ოთხ-ხუთს მაქსიმუმ", - ამბობს ნანა კაკაბაძე.

"არის ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი?" - ჰკითხა მას გაზეთის კორესპონდენტმა ვახტანგ კომახიძის ფილმთან დაკავშირებით.

"დიახ, არის და მას ეს ყველაფერი გადაღებული აქვს და სწორედ ამიტომ იყო მის მიმართ ასეთი სერიოზული დევნა და შევიწროება. ძალიან მალე ეს ფილმი დასრულდება და ყველაფერ ამას ჩვენ გავიგებთ", - უპასუხებს ნანა კაკაბაძე.

13 აგვისტოს „რეზონანსი“ აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ”ვლადიმერ სანაკოევი რუსეთში მიდის”. პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ სანაკოევი გაზეთს ტელეფონით დაუკავშირდა. "იმიტომ დაგირეკეთ, რომ არ მინდა მერე ჭორები გავრცელდეს, თითქოსდა გავიქეცი, - ამბობს ვლადიმერ სანაკოევი. - არის ხალხი, ვინც ნამდვილად გაიქცა. ვერ გეტყვით, მათ პროტესტი ჰქონდათ თუ რამე სხვა მიზეზი. მე ვადასტურებ ფაქტს, რომ ნამდვილად ძასოხოვი, ხაბელოვი და ქარქუსოვები გაქცეულები არიან. ასევე, მაია ცაბოშვილი კანადაში წავიდა. სიმართლე გითხრათ, მისი არ მესმის, რატომ წავიდა და რა პროტესტი აქვს. რაც შემეხება მე, ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული ვარ წავიდე", - აცხადებს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ვლადიმერ სანაკოევი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე გუშინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდნენ“, - წერს „24 საათი“ შაბათის ნომერში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე ცვლილებების განხილვაში საზოგადოების ფართო მონაწილეობას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ პროექტის განხილვა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს. ცვლილებების პროექტის შესახებ საყოველთაო-საჯარო ფორმატში მსჯელობა დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს.

"როგორც იცით, კონსტიტუციის მიხედვით, მთავარსარდალი არის პრეზიდენტი. იგი ნიშნავს გაერთიანეული შტაბის უფროსს, მაგრამ თავდაცვის მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში შედის“, - უთხრა გაზეთს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა გურამ ჩახვაძემ. მისივე თქმით, განხილვაზე დავით აფრასიძემ საინტერესო შეკითხვა დასვა - როგორ ხდება ამ ფუნქციების გადანაწილება საომარი ან საგანგებო მდომარეობის დროს და როგორ იქნება დაცული სუბორდინაცია. ყველამ აღვნიშნეთ, რომ ამაზე აუცილებელია ფიქრიო, - უთხრა გურამ ჩახვაძემ „24 საათს“. უფრო დაწვრილებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების თაობაზე შაბათის პრესაში წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG