Accessibility links

logo-print

ხოდორკოვსკი: „ჩემი მიზანი არც კრემლის მტრობა ყოფილა და არც მარტვილობა“


მიხაილ ხოდორკოვსკი

მიხაილ ხოდორკოვსკი

ერთნი რუსეთში მიხაილ ხოდორკოვსკის ჭკვიან, ღირსეულ, უტეხ ბიზნესმენად და სხვაგვარად მოაზროვნედ მიიჩნევენ, სხვები - თაღლითობითა და ქურდობით გამდიდრებულ კაცად. კრემლი მას სახიფათო პიროვნებად თვლის და, ალბათ, ამითაც აიხსნება რუსეთის მართლმსაჯულების მცდელობა, არ დაუშვას მისი პატიმრობიდან განთავისუფლება.

ხოდორკოვსკიმ თავისი 47 წლის ასაკისთვის ბევრი მოასწრო. სულ ახალგაზრდა შეუდგა ბიზნესის კარიერის აღმართს და გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ დროს უკვე საკუთარი ფირმა დააარსა, კომპიუტერებით და სასმელით ვაჭრობა დაიწყო, ერთ-ერთმა პირველმა დააფუძნა ბანკი. შემდეგ უკვე, ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში, მისმა გამჭრიახმა სვლამ ხოდორკოვსკი რუსეთის უმდიდრეს ადამიანად, ერთ-ერთ უმძლავრეს ბიზნესმენად აქცია. ელცინის დაცემისა და ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ „იუკოსი“, მისი ფირმა, კრემლის სამიზნედ იქცა. პოლიტიკაში აქტიურობა, ოპოზიციური პარტიების დაფინანსება და კრემლის კრიტიკა მას მოსკოვმა ვერ აპატია და ოფიციალური ბრალდებით, გადასახადებისთვის თავის არიდების გამო, ის გაასამართლეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელს ახლაც იხდის და წელს ის და მისი თანამოსაქმე ლებედევი ელოდებიან უკვე ახალ სასამართლოს, 350 მილიონი ტონა ნავთობის მითვისების ბრალდებით. თუკი დანაშაული დაუმტკიცდა, მას დამატებით 15 წლიანი პატირობა ელის. მოკლედ, კრემლს არ სურს ის გარეთ იხილოს.

გერმანიაში გამომავალმა ჟურნალმა „შპიგელმა“, ციმბირში პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაგნატს რთული გზებით, წერილების საშუალებით ინტერვიუ ჩამოართვა. სანამ ხოდორკოვსკის და ჟურნალისტების საუბრის შინაარსს გაგაცნობდეთ, მოუსმინეთ მის დამცველს, იური შმიდტს, რას ამბობს ის თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირზე. შმიდტმა თავიდანვე თქვა, არ უყვარს ხოდორკოვსკის მასზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ შევეცდები არ გავანაწყენოო. „პირველ რიგში (ბოდიში მომითხოვია), ხოდორკოვსკი გენიალური ადამიანია. ჩემს ასაკში ასეთ სიტყვებს არ ისვრიან, თუ გაითვალისწინებთ, როგორ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. მე ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში შევხვდი მეორე გენიოსს (ცოტა სხვა ყაიდისას). პირველი კი იოსიფ ბროდსკი იყო. სხვები ახლოს იყვნენ, მაგრამ ამ დონეს ვერ აღწევდნენ. ხოდორკოვსკი განსაკუთრებულად ორგანიზებული და დისციპლინიანი ადამიანია. როგორ ჰყოფნის მას დრო ყველაფრისთვის - დაცვისთვის მოსამზადებლად და სხვ.? როგორ ემზადება დაცვისთვის?! ან როგორ ახერხებს წაიკითხოს ამ რაოდენობის ლიტერატურა?! თუ არ ვცდები, ასამდე გამოცემა აქვს გამოწერილი, რადგან ინტერნეტი არა აქვს. მაგრამ თვალს ადევნებს ინტერნეტს: ჩვენ მას ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას, რა ქვეყნდება ინტერნეტში, რას წერენ ბლოგებში, რას იუწყებიან რადიოსადგურები, რომლებზეც მას ხელი არ მიუწვდება. მართალია, ის ემოციურად დაშორებულია ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობას, მაგრამ გამოთქვამს მეტად საინტერესო მოსაზრებებს, პროგნოზებს. ძალიან ბევრი მათგანი უკვე ასრულდა კიდეც და გულისტკივილით ვფიქრობ, რომ სხვებიც ასრულდება - კერძოდ, იმაზე, რა მოელის ჩვენს ქვეყანას, თუ ახლო მომავალში არ იზეიმა დემოკრატიზაციის პრინციპმა, თუ არ დავამარცხეთ კორუფცია, რომელმაც, როგორც კიბოს სიმსივნემ, სრულიად დახრა პუტინის მიერ შექმნილი სახელისუფლებო ვერტიკალი, ქვემოდან ზემოთ.“

აი, ამ ქვეყანაში უწევს ახლა პირველი სასჯელის მოხდა ხოდორკოვსკის, რომელსაც გერმანელმა ჟურნალისტებმა როგორც ითქვა, წერილების საშუალებით ჩამოართვეს ინტერვიუ, რაც ორ თვემდე გაგრძელდა. აქვე გეტყვით, რომ, „შპიგელის“ კორესპონდენტის თანახმად, ეს იყო ჟურნალისთვის გამონაკლისი, რადგან მსჯავრდებულთან შეხვედრა შეუძლებელი იყო. მათვე თქვეს, რომ ასეთი ინტერვიუ არ არის სრულყოფილი, რადგან შეუძლებელია ჩაეძიო რესპონდენტს. ჟურნალისტებმა ხოდორკოვსკის ჰკითხეს, რატომ არ დატოვა ქვეყანა, როცა საფრთხე იგრძნო. ხოდორკოვსკი ამბობს, რომ მან, სხვა მისი ბედის მქონე ბიზნესმენების მგავსად ქვეყნიდან წასვლა არ ისურვა, რადგან ეს ღალატი იქნებოდა, ჩემი ღირსება უფრო მნიშვნელოვანი იყოო, უპასუხა „შპიგელს“ ხოდორკოვსკიმ. ის ასევე იუწყება, რომ მისთვის დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ ქვეყნის დატოვება არ შეუთავაზებიათ. ჰამბურგში გამომავალი ჟურნალის კორესპონდენტებს ერთი რამ ვერ გაეგოთ და მისი განმარტება სთხოვეს მიხაილ ხოდორკოვსკის: როგორ გახდით რუსეთის უმდიდრესი ადამიანი და როგორ მოხდა თქვენი გარდაქმნა ლოიალური მოქალაქიდან დისიდენტად? სამხედრო კვლევის ინსტიტუტში სწავლობდით 1980-იან წლებში, თანამშრომლობდით „კა-გე-ბეს-თან“, რატომ შეიცვალეთ თვალსაზრისი რუსეთის ხელმძღვანელობაზე? - ასე ჟღერდა შეკითხვა.

ჩემს რწმენას და იმას, რასაც სიმართლედ ვთვლი, ყოველთვის ვიცავდი, უპასუხა ხოდორკოვსკიმ. როცა მივხვდი, როგორ გვატყუებდნენ საბჭოთა პერიოდში, ბარიკადები აღვმართე. მას მერე სიტყვის თავისუფლების მოთხოვნა ჩემთვის უმთავრესი გახდა. ბოლო დამოუკიდებელი ტელეარხის, „ენტივის“, დახურვამ 2000 წელს მიბიძგა გავმხდარიყავი კრემლის მიმართ უფრო კრიტიკული. და ჩემი ბიზნესკარიერა თუ გაფიქრებთ, 1987 წელი უნდა გაიხსენოთ, ამბობს ყოფილი მაგნატი. მაშინ ადამიანების მხოლოდ მცირე რიცხვმა გასწია რისკი მომავლისა, რომლის გარანტიას სახელმწიფო იძლეოდა მეწარმის განუჭვრეტელი კარიერის სახით. და 1996 წელს კი ასევე მცირე რაოდენობის ადამიანებმა გადაწყვიტეს, რთული გზით მოპოვებული ფულის ჩადება იმ დროისთვის ისეთ ნახევრად გაურკვეველ ფირმაში, როგორიც იყო „იუკოსი“, და თან ეს გააკეთეს არჩევნებამდე, რომელშიც კომუნისტები გამარჯვებას მოელოდნენ, ნახევარი წლით ადრე. შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ ვინმეს „იუკოსში“ შეიძლება სისხლით ჰქონდეს გასვრილი ხელები, რადგან 90-იან წლებში პრივატიზება სასტიკი მეთოდებით მიდიოდა, მან უარყოფითად უპასუხა: ყველაფერს სასამართლო და სახელმწიფო წყვეტდაო.

ჟურნალისტებმა მიხაილ ხოდორკოვსკის სთხოვეს თავისი აზრი ეთქვა ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთობაზე, რასაც ის დღევანდელ რუსეთში აკრიტიკებს. საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელის მრჩეველი იყავით, შემდეგ, ბორის ელცინის დროს, ეკონომიკის მინისტრად მუშაობდით და, ამავე დროს, გეკავათ რუსეთის პირველი კერძო ბანკის თავმჯდომარის პოსტი. ეს იგივე არ არის, რასაც დღეს აკრიტიკებთ? ხოდორკოვსკის თქმით, მისი ბანკი ენერგეტიკის და საწვავის სფეროში მხოლოდ მაშინ ჩაერთო, როცა თვითონ მას საჯარო სექტორი უკვე ორი წლის დატოვებული ჰქონდა. და რაც შეეხება „იუკოსის“ წილს, ხოდორკოვსკი მისი უდიდესი მოწილე იყო - ახლანდელი პატიმრის განმარტებით, მისი ბანკისთვის ეს არ იყო დიდი თანხა.

რაც შეხება პოლიტიკურ მხარეს, ხოდორკოვსკიმ ამ ინტერვიუში ახნა, თუ რას მიაღწია პუტინის მთავრობამ მისი დაპატიმრებით. მისი აზრით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობამ მოახერხა ამით დამოუკიდებელი ოპოზიციის დაფინანსება შეწყვეტილიყო. და, ამასთან, მისივე შეფასებით, ბიუროკრატებმა შეძლეს ჯიბე გაესქელებინათ „იუკოსის“ დაშლის შედეგად. იყო თუ არა კრემლი შეშინებული, რომ პრეზიდენტობა გსურდათ? -ეკითხება ხოდორკოვსკის „შპიგელი“. „რუსეთში არავინ მიიჩნევდა ებრაული წარმოშობის პირს სერიოზულ მეტოქედ, ეს ხომ ცხადია და, ამასთან, არსოდეს გამომიხატავს ასეთი სურვილი, მე სულელი არ ვარო“, ამბობს ხოდორკოვსკი.

მის მიმართ აღძრულ ნავთობის დიდი რაოდენობით მითვისების საქმეს რაც შეეხება, ხოდორკოვსკი თვლის, რომ რუსეთში არსებულ სისტემას მისი გარეთ გამოშვებისა ეშინია. მაგრამ მან ისიც იცის, რომ ხელისულებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, რატომ ზის ის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური დანაშულისთვის. თვითონ ბრალდებული თვლის, რომ ახლანდელი ბრალდება სრული უაზრობაა. ხოდორკოვსკისთან საუბრისას ჩვენი გერმანელი კოლეგები შეეხნენ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხარდაჭერისა და სოლიდარობის თემას. ხოდორკოვსკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თვლის, რომ მისი პრობლემა მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოგვარდეს. უფრო კატეგორიულია მისი ადვოკატი, იური შმიდტი, რომლის ერთ მოსაზრებას ზემოთ უკვე გაეცანით. რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს შმიდტმა დასავლეთის მოქმედი ლიდერების შესახებ შემდეგი უთხრა:

„ევროპის ქვეყნების და მთელი დასავლეთის ლიდერებს რატომღაც ურჩევნიათ რუსეთთან ილაპარაკონ როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანასთან. ზოგიერთები თვლიან კიდეც, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც ისინი გორბაჩოვის თუ ელცინის პერიოდის გაგრძელებას ხედავენ. არადა, ეს სრულიადაც არ არის ასე. ბოლო ათ წელიწადში რუსეთი გარდაისახა, მასში გაბატონდა ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანის ყველა უფლება და თავისუფლება ითრგუნება.

პრაქტიკულად, რუსეთში მეტ-ნაკლებად ჩახშობილია მსოფლიოში აღიარებული ყველა დოკუმენტი. ალბათ, ნავთობი და გაზი, ან ნავთობის ფასი, ან ბიზნესინტერესები სხვაა. ლენინმა ზუსტად თქვა: დასავლეთს ვაიძულებთ მოგვყიდოს თოკი, რომელზეც მასვე ჩამოვახრჩობთო, ანუ თუ კარგ ფასს მივცემთ, ყველაფერს მოგვყიდისო. დასავლეთი, ჩემი აზრით, სრულიად არაშორსმჭვრეტელურად იქცევა და ოდესმე (ნეტავ, ვცდებოდე!), ამას ინანებს.“

ხოდორკოვსკის ადვოკატი ასე განსჯის დასავლელი ლიდერების საქციელს: „ვინ სთხოვს სარკოზის, შეაწიოს სიტყვა ხოდორკოვსკის? სარკოზი თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა და რომ სასამართლო - და არა პუტინი - წყვეტს ამ ადამიანთა დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის, სასჯელის ზომის საკითხს. ასე მოხდა. ცივი ომის პერიოდის, რეიგანისა და ტეტჩერის დროის ლიდერებს შესანიშნავად ესმოდათ საბჭოთა რეჟიმის არსი. დღევანდელ ლიდერებს თუ ესმით კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ამას არ ავლენენ.“

ხოდორკოვსკიმ „შპიგელისთვის“ მიცემულ ამ ინტერვიუში თქვა, რომ ის არც ადრე მიიჩნევდა თავს კაცად, რომელმაც იხეირა კრიზისით და არც ახლა თვლის, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გამო წამებულია. მისი თქმით, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა სახელისუფლებო სისტემაზე შეტევად მიიჩნიეს. „მე არ ვარ დაინტერესებული ვიყო კრემლის მტერი, ან წამებული, ან გმირიო“, ამბობს „იუკოსის“ ყოფილი მფლობელი, თუმცა იმასაც დასძენს, რომ განვლილ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG