Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი მასწავლებლების მეორე ჯგუფი


სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, - ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, - შაბათს საქართველოში ჩამოვიდა მოხალისე მასწავლებელთა მეორე ნაკადი, სულ ინგლისური ენის 57 მასწავლებელი. აჭარის შემდეგ გურია-სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭის სკოლების რიგიც დადგა. ახალ ნაკადს სწორედ იქ გაანაწილებენ. მათ წინამორბედებს კი ორკვირიანი ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ. ისინი ახლა მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და იმ გარემოს ეცნობიან, სადაც მომავალი წლის განმავლობაში მოუწევთ ინგლისური ენის სწავლება - ენისა, რომელიც ქართულის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მალე ყველა ქართველი ბავშვის მეორე ენად უნდა იქცეს.

ის, რაც მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა მოხდეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საგანმანათლებლო რევოლუციაა. რევოლუციის დასაწყისად კი ინგლისური ენის სასწავლებლად საქართველოში უკვე ჩამოსული და მომავალში ჩამოსასვლელი ათასობით მოხალისე იგულისხმება, რომლებიც როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და სოფელში იცხოვრებენ და ადგილობრივ მოსწავლეებს ენას შეასწავლიან. შედარებისას მიხეილ სააკაშვილი უფრო შორს მიდის და ინგლისურენოვანი მასწავლებლების საქართველოში ჩამოყვანას საუკუნეების წინ ყივჩაღების ჩამოსახლებას ადარებს:

”როგორც დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 000 ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, სწორედ ამ მასშტაბის მოვლენაა შემდეგი სამი წლის განმავლობაში 10 000 ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ აღმაშენებლის დროს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა სამხედრო კრიტერიუმებით იზომებოდა, დღეს სამხედრო არის ერთ-ერთი, მთავარი კი არის განათლება. ხოლო ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, ნამდვილი საგანმანათლებლო რევოლუციაა და მივაღწევთ იმას, რომ ყველა ქართველი ბავშვი გახდება ინგლისურენოვანი, ანუ მათი მეორე ენა იქნება ინგლისური”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 15 აგვისტოს, ბათუმში გამოსვლისას.

დიდი ცვლილებების იმედი აქვს ინგლისური ენის სწავლების აღნიშნული პროგრამის კოორდინატორს მაია სიფრაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელი მასწავლებლების მონდომება შედეგს ძალიან მალე გამოიღებს:

”ჩვენი პროგრამის დევიზიც ესაა: შეცვალე არსებული მდგომარეობა. და ტრენინგზეც სწორედ ამას ვეუბნებოდი ყველას, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ეს არის პროცესი, რომელსაც ძალიან დიდი გამოძახილი ექნება ქართულ საზოგადოებაში.”

მოხალისეებს ყველაზე მეტად თურმე ის აინტერესებდათ, როგორი იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულება საქართევლოში მათი ჩამოსვლისადმი. პირველი შთაბეჭდილება მათზე უკვე მასპინძელმა ოჯახებმა მოახდინეს. ჩვენთან საუბარშიც ამერიკელი მოხალისეები ამბობენ, ასეთ დახვედრას არ მოველოდითო. ენტონი როუზი, რომელმაც ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში უნდა ასწავლოს ინგლისური, ამბობს:

”ამერიკაში მე ძალიან კარგი განათლება მივიღე - სამი უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს. ფანტასტიკური მასწავლებლები მყავდა და ახლა მინდა ეს ცოდნა სხვებსაც გავუზიარო და დავეხმარო ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში.”

მთავარი მოტივაციით არის ჩამოსული ჯულიანა ო დენელიც:

„ჩემი აქ ჩამოსვლის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ დავეხმარო ხალხს იმის მიღწევაში, რაც მას სურს. მივცე არა ის, რაც მე მინდა, არამედ, რაც მათთვის საჭიროა. ბევრი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სკოლებში და ვეხმარებოდი ადამიანებს. მე ვასწავლიდი პატარა ბავშვებს ამერიკაში და აქაც იმისთვის ვარ, რომ არა მხოლოდ პატარებს, არამედ მოზარდებსაც ვასწავლო კარგი ინგლისური. რაც შეეხება გუნდურ მუშაობას, ამერიკაშიც ხშირად მიმუშავია ამ მეთოდით. იმედი მაქვს, აქაც შევჯერდებით სწავლების საერთო პრინციპებზე. მე მზად ვარ ვისწავლო აქაური პედაგოგებისგან და, პირიქით, ანუ მზად ვარ გამოცდილება გავცვალოთ.”

ცხადია, ბევრია დამოკიდებული ქართველი მოსწავლეების მონდომებაზეც. ვინ როგორ გამოიყენებს უცხოელი მოხალისეების ცოდნას, ჯერ უცნობია, თუმცა იმის მაგალითი, თუ რა გავლენა მოახდინა რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეზე, გიორგი კობახიძეზე, ამერიკელ მოხალისე დეივიდთან მეგობრობამ და მის კლასში სწავლამ, მაინც არსებობს. გიორგი ამბობს, არავის სჯეროდა, რომ ამერიკაში ნამყოფი არ ვიყავიო: ”მე ერთ-ერთი ვარ, ვინც, კარგი გაგებით, საუკეთესოდ ”გამოიყენა” დეივიდთან მეგობრობა. მარტო კი არ მასწავლიდა, სათევზაოდ დავდიოდით ერთად, სოკოს საკრეფად და, რა ვიცი, ერთად ვიყავით და როცა ვლაპარაკობდი, ყველა მეკითხებოდა, ამერიკაში ნამყოფი იქნებიო”, - ამბობს გიორგი კობახიძე, რომელიც დღეს უცხოეთში სწავლობს და თავის პირველ ამერიკელ მასწავლებელთან დღემდე მეგობრობს.

რაც შეეხება მოხალისეთა ახალი ნაკადის შრომის შედეგს, ეს უკვე სწავლის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG