Accessibility links

logo-print
გრძელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. ამ მიზნით შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ უკანასკნელი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გამართა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, უმაღლესი მთავარსარდალი კვლავ პრეზიდენტი იქნება, ის დანიშნავს გენერალური შტაბის უფროსსაც, თუმცა თავდაცვის მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი დაასახელებს. გარდა ამისა, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, შეიცვლება საგანგებო და საომარი მოქმედებების გამოცხადების პროცედურაც.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ეგრეთ წოდებულ „ძალოვან მინისტრებს“, ანუ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებს, საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, საყოველთაო-საჯარო განხილვის სტადიაში მყოფი პროექტის მიხედვით კი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება:

„ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს ერთგვაროვან მოდელს ყველა მინისტრისთვის, ანუ ყველა მინისტრის წარდგენა მოხდება პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ეს იქნება მთავრობასა და პარლამენტს შორის მიმდინარე პროცესი, ანუ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ხდება დისტანცირებული მთავრობის ფორმირებისგან და ეს შეეხება ძალოვან მინისტრებსაც.“

იმისათვის, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტის გარდა, სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (თანხმობა), რაც ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის თვალსაზრისით ...
სიახლეა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება, კანონის ნაცვლად, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით განესაზღვრება, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში შემდეგს ნიშნავს:

„რომელ უფლებამოსილებასაც, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა, აქ ვერ აღმოაჩენთ, არ იფიქროთ, რომ შემდგომში კანონით დარეგულირდეს. ეს კანონით ვეღარ დარეგულირდება.“

ამასთან, თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები: საომარ მოქმედებას პრეზიდენტი აცხადებს მთავრობასთან შეუთანხმებლად, თუმცა საჭიროა პარლამენტის თანხმობის მიღება 48 საათის განმავლობაში. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, კომისიის წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს:

„იმისათვის, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტის გარდა, სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (თანხმობა), რაც ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის თვალსაზრისით პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებათა შორის.“

პრაქტიკულად პრეზიდენტს რჩება ძალაუფლება იმისა, რომ მან გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ მართავს უშუალოდ გენერალურ შტაბს ...
პავლე კუბლაშვილისა და კომისიის სხვა წევრების მიერ აღწერილ შეიარაღებული ძალების მართვის ამ მოდელს იწონებს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაც, თუმცა მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის თქმით, იმის გამო, რომ პრეზიდენტი რჩება უმაღლეს მთავარსარდლად და ის ასევე ნიშნავს გენერალური შტაბის უფროსს, ლოგიკური იქნება, თუკი პრეზიდენტს - და არა პრემიენ-მინისტრს - ექნება საკანონმდებლო ფუნქცია, ანუ პრეზიდენტი გამოსცემს იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც საჭიროა გენერალური შტაბის ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის:

„არ იქნება მიზანშეწონილი, რომ გაყოფილი იქნეს, ანუ პრეზიდენტს შეეძლოს დაამტკიცოს მხოლოდ სტრუქტურა, ხოლო ამ სტრუქტურის მართვის წესს ამტკიცებდეს პრემიერი. მიზანშეწონილია, რომ იყოს ერთ ხელში, რაც უფრო ეფექტურს და ადვილს გახდის შეიარაღებული ძალების მართვას.“

ნოდარ ხარშილაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოთქმული ეს შენიშვნა საკონსტიტუციო კომისიამ უკვე გაითვალისწინა. რაც შეეხება საგანგებო და საომარი მოქმედებების გამოცხადების მექანიზმს, ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თავდაცვის უწყებას შენიშვნები არა აქვს.

„პრაქტიკულად პრეზიდენტს რჩება ძალაუფლება იმისა, რომ მან გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ მართავს უშუალოდ გენერალურ შტაბს. ასევე რჩება მას პრემიერთან შეთანხმებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება, რაც ასევე ლოგიკურია, იმიტომ რომ საგანგებო სიტუაცია არ წარმოადგენს აუცილებლად სამხედრო საჭიროებას და საგანგებო ვითარებაში შეიარაღებული ძალების როლი შემოიფარგლება სამოქალაქო მოსახლეობის დახმარებით“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ ხარშილაძემ.

უნდა ითქვას, რომ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, კონსტიტუციის ახალ რედაქციასა და მასზე დაფუძნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობა არ სურს სამხედრო სფეროს სპეციალისტთა ერთ ნაწილს, მათ შორის - ფილოსოფოს კახა კაციტაძეს:

„სერიოზულად არც ამ კონსტიტუციას ვუყურებ და არც მოქმედს. ხელისუფლება არც არსებული კონსტიტუციით მოქმედებს და არც მომავლით იმოქმედებს. და საერთოდ, მოდით ამ სიმულირების სამყაროდან გამოვიდეთ. კონსტიტუცია, საზოგადოებრივი აზრი, ეროვნული უსაფრთხოება და ასე შემდეგ ამ ქვეყანაში არ მუშაობს. ეს არის, უბრალოდ, დასავლეთში აპრობირებული ტერმინების გადმოტანა იქ, სადაც ეს ტერმინები არ მუშაობენ.“
XS
SM
MD
LG