Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ეკონომიკის მოცულობით იაპონიას გაასწრო


შანხაიში World Expo-ს გახსნის საზეიმო ცერემონია
შანხაიში World Expo-ს გახსნის საზეიმო ცერემონია
იაპონიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვამცნობენ, რომ ჩინეთმა ამ ქვეყანას ოდნავ გაუსწრო ეკონომიკური მაჩვენებლებით და მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. იაპონიის ეკონომიკამ ბოლო თვეებში ტემპი შეანელა, ჩინეთი კი, პირიქით, სწრაფად ზრდას განაგრძობს.

იაპონიასა და ჩინეთში ეკონომიკის სპეციალისტებიც და პოლიტოლოგებიც ამ ფაზას მოელოდნენ. ასე რომ, ჩინეთის მეორე ადგილზე გადანაცვლება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სტატისტიკასაც მოგიყვანთ: 2010 წლისთვის იაპონიის მთლიანმა შიდა პროდუქტმა ტრილიონ 28 მილიარდი დოლარი შეადგინა; ჩინეთისა, შესაბამის პერიოდში, ტრილიონ 33 მილიარდი გახდა, ანუ სულ რაღაც ხუთი მილიარდით აღემატება იაპონიისას. ამ მონაცემის შეფასება ჯერჯერობით მაინც თავშეკავებითაა საჭირო, რადგან ის დროის მხოლოდ ძალიან მცირე მონაკვეთს - აპრილიდან ივნისამდე პერიოდს - ასახავს. წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, ჩინეთი იაპონიას ვერ უსწრებს. ჩინეთის ეკონომიკის ახლანდელი ათპროცენტიანი ზრდა ექსპერტებს მოაგონებს იაპონიის აღმასვლას, როცა მან 1968 წელს გერმანიას აჯობა და მსოფლიოში მეორე სიმძლავრის ეკონომიკის მქონე ქვეყნის ადგილი დაიმკვიდრა. ტოკიოში დღეს იაპონიის ეკონომიკის მინისტრი სატოში არაი შეეცადა ჩინეთის წარმატების მნიშვნელობა დაეკნინებინა:

„არა აქვს დიდი მნიშვნელობა ვინაა მოწინავე. ეს მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ სიჯანსაღეს გვიჩვენებს. ჩვენი ქვეყნის განვითარება ახლოს მისდევს ჩინეთის და აზიის სხვა ქვეყნების წინსვლას და ზრდის საქმეში ჩვენი სტრატეგიის ნაწილია ესეც.“

იაპონელებს თავიანთი ქვეყნის ასეთი შეყოვნება დიდად არ აღელვებთ. გამოკითხვებით, იაპონელთა ნახევარზე მეტი სულაც არ მიიჩნევს, რომ მათი სამშობლო ეკონომიკურად სუპერსახელმწიფო უნდა იყოს. იაპონელივე ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ჩინეთთან მეზობლობა მათთვის ხეირის მომტანიც კია. იაპონიის კვლევითი ცენტრის ეკონომისტი ჰეიდეკი მაცუმარა განმარტავს:

„მართალია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიურ განვითარება უარყოფით ელემენტს შეიცავს იაპონელი მეწარმეებისთვის და რომ მათთვის ეს კონკურენციას ნიშნავს. მაგრამ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ერთობ დადებითადაც იმოქმედებს იაპონიაზე იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ხალხი შეისყიდის იაპონურ პროდუქტს. ჩინეთის საერთო ეკონომიკური განვითარება იაპონიისთვის კარგია.“

ცნობას ჩინეთის მიღწევის შესახებ ფართო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში, რადგან ბევრი თვლის, რომ ეკონომიკურ ძალაუფლებას თან ახლავს პოლიტიკური გავლენის ზრდა. 16 აგვისტოს „ნიუ იორკ ტაიმსში“ დევიდ ბარბოზა წერდა, რომ ჩინეთი საერთო ზრდის მთავარი წარმმართველია, მისი ლიდერები უფრო თავდაჯერებულები არიან საერთაშორისო არენაზე, იწყებენ გავლენის გაფართოებას აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ბარბოზას დაკვირვებით, ჩინეთი ამას აღწევს საგანგებო სავაჭრო შეთანხმებებით და მილიარდიანი ხელშეკრულებებით წიაღისეულის სფეროში. ეკონომისტებს თვლა უყვართ და ისიც გამოიანგარიშეს, რომ თუკი ჩინეთი ზრდას ასე გააგრძელებს, ის 2030 წლისთვის აშშ-საც გაასწრებს. მაგრამ მანამდე ბევრი რამ უნდა მოხდეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში 14 ტრილიონს უდრის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG