Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადას ჯარების სარდალი ეჭვით უყურებს


გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალი
გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალი
გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლობა თვე-ნახევრის წინ ჩაიბარა. პეტრეუსის მიერ ახლახან გამოთქმულ აზრს, რომ პრეზიდენტ ობამას მიზანი - ავღანეთიდან ჯარი 2011 წლის ივლისში გაიყვანონ - შეიძლება ვერ აღსრულდეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიზეზი ისიც არის, რომ პეტრეუსის ნათქვამი უპირისპირდება აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსის მტკიცე განცხადებას, ჯარის გაყვანა ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით დაიწყება და განხორციელდებაო.

პეტრეუსს არ უთქვამს, რომ ჯარს არ გაიყვანენ. ჯარების სარდალმა მხოლოდ ობამას მიერ დათქმული ვადა დააყენა ეჭვქვეშ. პეტრეუსი ამბობს, ავღანეთში არსებული პირობების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ჯარის გაყვანის დაწყების შემდეგო; თავდაცვის მინისტრი კი მტკიცედ აცხადებს, ვადა განსაზღვრულიაო. გენერლისა და მისი მეთაურის ეს სხვადასხვა პოზიცია შეიძლება მათ შორის განხეთქილებასაც ნიშნავდეს. აშშ-ის ერთ-ერთი ტელეარხით გამოსვლისას, გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“, პეტრეუსმა ასე იმსჯელა: თალიბანთან ბრძოლა ცვალებადი პროცესია და ადრეა იმის განსაზღვრა, რამდენად წარმატებული იქნება ის, საბოლოო ჯამშიო. პეტრეუსს კორესპონდენტმა სთხოვა განემარტა, რას გულისხმობს ჯარების გაყვანის ეტაპობრიობა. გენერალმა თქვა, ობამა როცა გაყვანას გეგმავდა, ამას უწოდა „პროცესი და არა მოვლენა“, ამდენად, მთავარია, რომ ჯარის გაყვანის დაწყება დამოკიდებული იქნება პირობებზეო:

„2011 წლის ივლისი არის ის თარიღი, როცა დაიწყება „პირობებზე დაფუძნებული პროცესი“. როცა პირობები შესრულდება, ჩვენ ამოცანას ჩავაბარებთ ავღანელ პარტნიორებს და უსაფრთხოების ძალებს, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებას. ეს საშუალებას მოგვცემს ჯარები გავიყვანოთ.“

პეტრეუსი ამ თავისი პოზიციის გარშემო არაერთ მედიასაშუალებას ელაპარაკა. „ნიუ იორკ ტაიმსს“ მან უთხრა, რომ ის არ გეგმავს ავღანეთიდან „ლამაზ გასვლას“. ცხადია, ამბობს პეტრეუსი, მტერი გააგრძელებს ბრძოლას შემდგომ, თუკი მიიჩნევს, რომ უნდა დაელოდოს ჯარის გასვლას. მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევითო, თქვა მან.

თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა კი „ლოს ანჯელეს ტაიმსს“ ასე განუცხადა: „არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ჩვენ ჯარების გაყვანის დაწყებას ვაპირებთ 2011 წლის ივლისისთვის“. თავისთავად, ობამას გადაწყვეტილება, დაიწყოს ჯარის გაყვანა გაისად ზაფხულში, ბევრმა გააკრიტიკა სწორედ ზემოხსენებული ფაქტორის გამო, რომ ეს თალიბანს აფიქრებინებდა, აშშ არ აპირებს ხანგძლივ ომსო.

პეტრეუსმა სატელევიზიო გადაცემაში „პრესასთან შეხვედრა“ თქვა, რომ ავღანეთში აშშ-ის ვალდებულება მყარია, თუმცა ის შესაბამისობაშია ადმინისტრაციის პოლიტიკასთან, გაიყვანოს ჯარი ეტაპობრივად.

ეს ინტერვიუები გენერალ დევიდ პეტრეუსის პირველი შეხვედრა იყო მასმედიასთან მას მერე, რაც ნატოს ავღანეთში განთავსებული 140 ათასი სამხედროს მეთაურობა ჩაიბარა წელს, ივლისში. შეგახსენებთ, რომ მან შეცვალა გენერალი სტენლი მაკ-კრისტალი, რომელიც თანამდებობიდან დაითხოვეს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთა მისამართით პრესაში გამოთქმული არაკორექტული კრიტიკის გამო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG