Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი და საქართველო ევროკავშირისკენ მიდიან


მიჰაი გიმპუ, მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლი
მიჰაი გიმპუ, მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლი
მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიჰაი გიმპუს საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნად წყალდიდობის შედეგად დაზარალებული იმ მოლდაველი მოზარდების მონახულება სახელდება, რომლებიც ამჟამად ანაკლიის სანაპიროზე ისვენებენ. საგულისხმოა, რომ სწორედ ივლისის წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის პროცესში მოექცა საქართველო მოლდავეთის განსაკუთრებული მეგობრების სიაში და საქართველოს განსაკუთრებულ გულშემატკივრობაზე თავად მიჰაი გიმპუც ლაპარაკობს. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ამ ორი ქვეყნის მეგობრობას არაერთი საფუძველი აქვს: იქნება ეს საბჭოთა წარსული, რუსეთისგან შევიწროებული აწმყო თუ დასავლეთთან დაახლოებული მომავალი.

16 აგვისტოს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩასულმა მიჰაი გიმპუმ საუბარი მადლიერების გრძნობის გამოხატვით დაიწყო. მან თქვა, რომ წყალდიდობის შედეგად გაჭირვებაში ჩავარდნილი მოლდავეთის გვერდში ნამდვილი მეგობრები იდგნენ, რომ მათ შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ საქართველოა და რომ ასეთი გვერდში დგომა დაუვიწყარია:

”მადლობა საქართველოს დახმარებისთვის... იმის გარდა, რომ თქვენ აქ, ამ მშვენიერ სანაპიროზე იმყოფებით, მადლობა სახლების და საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს... თუმცა მთავარი არ არის - რამდენი, მთავარია, რომ თუნდაც ერთი აგური დაიდოს... ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი გვიყურებს როგორც ადამიანებს, ხალხს, რომელსაც დახმარება სჭირდება.”

მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტის მსგავსად, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მოზარდების წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტსაც რუსულად მოუწია. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ რუსულად აუხსნა იქ დამსვენებელ ბელორუს, მოლდაველ და ქართველ მოზარდებს, რომ იქვე ახლოს, საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპანტი რუსეთის ტანკებია განლაგებული, რომ მოლდავეთსა და საქართველოს განგებამ ერთნაირი ბედისწერა არგუნა და რომ სიძნელეები მხოლოდ მტკიცე მეგობრობის შედეგად დაიძლევა.

ჩვენი ქვეყნების ძალისხმევა უნდა იყოს კოორდინირებული ტერიტორიული კონფლიქტების დაძლევასთან დაკავშირებით... და ეს, ალბათ, ყველაზე მთავარი საკითხია. გარკვეულწილად ასევე კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან...
მოლდავეთისა და საქართველოს თითქმის ერთნაირ ბედისწერაზე ანალიტიკოსებიც ლაპარაკობენ და ამ კუთხით გამოყოფენ რუსეთის ფაქტორსაც. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის სამხედრო ძალა უკვე დაახლოებით 20 წელიწადია განლაგებულია მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში - დნესტრისპირეთში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოსა და მოლდავეთს მსგავსი აწმყო და, სავარაუდოდ, მსგავსი მომავალიც აქვს, რადგანაც მოლდავეთის პრეზიდენტობის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი მკვეთრად დასავლურ მიმართულებას ემხრობა. აქვე ვთქვათ, რომ მიჰაი გიმპუ პარლამენტის თავმჯდომარე და პროევროპული კოალიციის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ 2009 წლის ივლისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. კიშინიოვის განვითარებისა და სოციალური ინიციატივების ინსტიტუტის თანამშრომელი კორნელიუ ჩურეა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მოლდავეთმა და საქართველომ კოორდინირებულ რეჟიმში უნდა იმოქმედონ:

”ჩვენი ქვეყნების ძალისხმევა უნდა იყოს კოორდინირებული ტერიტორიული კონფლიქტების დაძლევასთან დაკავშირებით... და ეს, ალბათ, ყველაზე მთავარი საკითხია. გარკვეულწილად ასევე კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, რადგანაც, როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყნები რუსეთმა სხვადასხვაგვარი ემბარგოს მსხვერპლად აქცია. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ღვინის ემბარგოს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს დაუწესა რუსეთმა. არსებითად ჩვენ ერთნაირი ბედი გვაქვს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ვართ და, როგორც ჩანს, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები დაახლოებით ერთნაირი იქნება.”

მართალია, კორნელიუ ჩურეა თვლის, რომ მოლდავეთმა რუსეთთან მეტი საერთო ენის გამონახვაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებლის ნაბიჯები ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა კრემლის გაღიზიანების მიზეზი, მაგალითად: 2010 წლის 24 ივნისს მიჰაი გიმპუმ მოლდავეთის ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და მოსკოვს დნესტრისპირეთიდან ჯარის უპირობოდ, სასწრაფოდ და გამჭვირვალედ გაყვანა მოსთხოვა. ხოლო 28 ივნისს, ასევე გიმპუს ინიციატივით, მოლდავეთში ასევე პირველად აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე. მართალია, ივლისში მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ”ოკუპაციის დღის” დამკვიდრებასთან დაკავშირებით მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება გააუქმა, მაგრამ კრემლში მაინც სასტიკად გაღიზიანებულნი დარჩნენ.

მოლდოვასთვის ყველაზე ახლო გზა ევროკავშირში შეღწევისა არის რუმინეთთან გაერთიანება ...
კიშინიოვის განვითარებისა და სოციალური ინიციატივების ინსტიტუტის თანამშრომელს კორნელიუ ჩურეას იმედს აძლევს მოლდავეთისა და საქართველოს ერთმნიშვნელოვანი სწრაფვა ევროკავშირისკენ, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე მოლდავეთს დამატებით ძლიერი პარტნიორი ჰყავს ევროკავშირის წევრი რუმინეთის სახით, რომელიც მოლდაველებს უკვე დიდი ხანია უპრობლემოდ სთავაზობს რუმინულ პასპორტებს. ოფიციალურად საუბარია მათზე, ვინც რუმინეთის მოქალაქე იყო 1940 წლამდე. თუკი მოლდავეთის წინა პრეზიდენტი, კომუნისტების ლიდერი ვლადიმირ ვორონინი ამ პროცესის წინააღმდეგ გამოდიოდა, გიმპუ მოლდაველებისთვის რუმინეთის მოქალაქეობის შეთავაზების აკრძალვის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს და ეს მან საქართველოში ჩამოსვლამდე, რუმინეთში ყოფნის დროსაც ხაზგასმით აღნიშნა. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, მიჰაი გიმპუს მმართველობის პერიოდში მოლდავეთისა და რუმინეთის დაახლოებისთვის ხელის შეშლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია:

”მით უმეტეს, რომ რუმინეთი ძალიან მიმზიდველია, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, და მოლდოვასთვის ყველაზე ახლო გზა ევროკავშირში შეღწევისა არის რუმინეთთან გაერთიანება. აუცილებელი არ არის, რომ ეს გაერთიანება შეიქმნას აბსოლუტური უნიტარული სახელმწიფოს წიაღში შესვლით. შეიძლება ჩამოყალიბდეს ან ფედერაცია, ან კონფედერაცია - რუმინულ-მოლდოვური, რომელსაც ექნება უფლება იყოს ევროკავშირის წევრი...”

ანალიტიკოსების პროგნოზით, რუმინეთთან ასე დაახლოებულ მოლდავეთთან მტკიცე მეგობრობა, ევროკავშირისკენ სწრაფვის კუთხით, საკმაოდ პერსპექტიული იქნება საქართველოსთვისაც. ანალიტიკოსები ასევე ხედავენ საქართველოსა და მოლდავეთის მეგობრობის ახლებურ კონტურებს, რომლებიც, ამ შემთხვევაში, წყალდიდობის ფონზე გამოვლინდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG