Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ლატვიის გარემოს დაცვის მინისტრი ეწვევა


ლატვიის გარემოს დაცვის მინისტრი რაიმონდს ვეჯონისი დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გოგა ხაჩიძე ლატვიის გარემოს დაცვის მინისტრს რაიმონდს ვეჯონისის სამინისტროში შეხვდება. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ბუნებრივი რესურსების მართვაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვაა. ასევე, საქართველოს როგორც ბუნებრივი რესურსების, ისე საკანონმდებლო და მარეგულირებელი საკითხების გაცნობა. ამასთან, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლატვიის დელეგაციის წევრები აჭარის დაცულ ტერიტორიებს: კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის ეროვნული პარკებს გაეცნობიან. იგეგმება კონკრეტული ტურების შეთავაზება, რაც სამომავლოდ ლატვიელი ტურისტების მოზიდვას და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ლატვიის დელეგაცია ასევე, აჭარის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის განვითარებას და შავი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლის სისტემას გაეცნობა. ”ლატვიის რესპუბლიკა ცნობილია როგორც სატყეო სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა და შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების მიღწევას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ტყის მართვის სფეროში კადრების გადამზადების პროგრამის შემუშავებასა და ლატვიის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს”, - აცხადებენ სამინისტროში. ლატვიის დელეგაცია საქართველოდან 19 აგვისტოს გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG