Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრებოვი ცხინვალში ბრუნდება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ოსი წარმომადგენლები სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა. ეს განცხადება კოკოითიმ ცოტა ხნის წინ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას სამოქალაქო ფორუმის საქმიანობის შეფასება სთხოვა. კოკოითიმ კი, ზოგადად ისაუბრა და ყველას მოღალატე უწოდა, ვინც ცხინვალში დასავლეთის ინტერესების გატარებას ცდილობს.

ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის საქმიანობის შესახებ პირველი განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა, რასაც გაზეთ „21 საუკუნის“ რედაქტორზე, თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმა მოჰყვა.

24 ივლისს, ცხინვალში, ცხოვრებოვს დაახლოებით 10 ადამიანი დახვდა და სასტიკად სცემა. ცხოვრებოვმა სერიოზული დაზიანება მიიღო. დაზარალებულმა თავდამსხმელებში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო. კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეები არიან.

ცხოვრებოვის ცემამდე ერთი დღით ადრე კაზიმირ პლიევი მას ტელეფონზე მოკვლით ემუქრებოდა. თემურ ცხოვრებოვი მასზე თავდასხმას ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მონაწილეობას და ცოტა ხნის წინ ცხინვალში რესპუბლიკური პარტიის დასაფუძნებლად დაწყებულ მოძრაობას უკავშირებს.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო თემურ ცხოვრებოვი ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, სადაც მუცლის თიაქარის ოპერაცია გაუკეთეს. იგი, ამჟამად, თავს უკეთესად გრძნობს და უახლოეს დღეებში საავადმყოფოდან გაწერას ელოდება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცხოვრებოვი აცხადებს, რომ მიუხედავად სატელეფონო მუქარებისა, ცხინვალში აუცილებლად დაბრუნდება.

ქართულ-ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვა მიიღო და მხარეებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა. ქართული და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა ჰოლანდიაში გაიმართა. კოკოითის ხელისუფლებამ კი ამ შეხვედრაში ოსი ეროვნების მოქალაქეების მონაწილეობა მოღალატეობად შეაფასა.

ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე ზურაბ ბენდიანაშვილი მიიჩნევს, რომ კოკოითი განსხვავებული აზრის მქონე პირებს კრიმინალური მეთოდებით უსწორდება.

გაზეთის რედაქტორის დასაცავად როგორც რუსულმა, ისე საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს. მათ დე ფაქტო ხელისუფლებას ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდეს, მაგრამ თავდამსხმელი დეპუტატები ისევ პარლამენტში სხედან და მათთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც კი არავინ ფიქრობს.
XS
SM
MD
LG