Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 8 წევრმა ნახევარსაათიანი განხილვის შემდეგ დაასახელა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე რექტორის მოვალეობას ახალი რექტორის არჩევამდე შეასრულებს. მას აკადემიური საბჭოს არჩევნების დანიშვნაც მოუწევს, რადგან სექტემბერში დღეს არსებული აკადემიური საბჭოს წევრების ორ მესამედს ვადა ეწურება. რა კრიტერიუმებით იმსჯელა აკადემიურმა საბჭომ, რატომ გახდა საჭირო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დაჩქარებული წესით არჩევა და როგორ ახასიათებენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭოს წევრები?

ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიური საბჭოს 8 წევრმა იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე სამი დასახელებული კანდიდატიდან შეარჩია.
”დასახელებული იყო სამი კანდიდატურა: პროფესორი ნუგზარ სურგულაძე, პროფესორი კახა ლოკია და ვიცე-რექტორი ირინე დარჩია. საბჭომ იმსჯელა დასახელებულ კანდიდატურებზე. ერთმა კანდიდატმა, ირინე დარჩიამ, მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. დარჩა ორი კანდიდატურა და საბჭომ ერთხმად აირჩია პროფესორი ნუგზარ სურგულაძე, რომელიც შეუდგება მოვალეობის შესრულებას”, - განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა პროფესორმა მერაბ კილაძემ.

ნუგზარ სურგულაძე აკადემიური საბჭოს ორი წევრის ფრიდონ თოდუასა და გიორგი დავითაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატი იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიული მონაცემებიდან ვიგებთ, რომ იგი ორი დისერტაციის - საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების -ავტორია, 1975-1979 წლებში. ორივე ნაშრომი ირანის სეფიანთა დინასტიას ეხება, ერთი - საფინანსო უწყებას, მეორე კი - ცენტრალურ მმართველობას.

ნუგზარ სურგულაძეს აკადემიური საბჭოს წევრი ფრიდონ თოდუა ასე ახასიათებს:
” ბრწყინვალე პროფესორი, ბრწყინვალე ორგანიზატორი და ბრწყინვალე ადამიანია.”

თავად რექტორის მოვალეობის ახლად არჩეული შემსრულებელი, რომელსაც მინიმუმ სამი თვით მოუწევს თანამდებობაზე დარჩენა, ამბობს, რომ რექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას არ აპირებს და მხოლოდ აკადემიური საბჭოს არჩევნებისა და რექტორის არჩევნებისთვის პირობების შექმნას უზრუნველყოფს:

”ჩემი მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ რაც კარგი გაკეთებულა, იმას მოვუაროთ. ასევე, ამ სამ თვეში რისი მოსწრებაც შეიძლება, მინდა, რომ პროფესორ-მასწავლებლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. შემდეგ უკვე მთავარი მიზანი იქნება, რაც შეიძლება დემოკრატიულად ჩატარდეს ახალი საბჭოს არჩევნები და ახალი რექტორის არჩევა.”

აკადემიური საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე, რომელიც შვებულების გამო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევას არ დასწრებია, ამბობს, რომ არჩეულ კანდიდატს არ იცნობს, საერთოდაც მისთვის გაუგებარია, რატომ იჩქარა საბჭომ:

”ძალიანაც არ მიკვირს - გასაგებია, რატომაც, მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია ასე ჩქარ-ჩქარ ტემპში - ჯერ სატელევიზიო სიუჟეტები, უცებ რექტორის გადადგომა, უცებ მოვალეობის შემსრულებლის არჩევა. მე მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტისადმი დამოკიდებულება უფრო სერიოზული უნდა იყოს.”

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ სექტემბრამდე, ანუ სანამ აკადემიური საბჭოს არჩევნები დაინიშნებოდა, რექტორის მოვალეობის შესრულება რექტორის მოადგილესაც შეეძლო, შემდეგ კი აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებს დანიშნავდა. გუგული მაღრაძე ვარაუდობს, რომ რექტორის ხმაურიანი წასვლა და შემდეგ, დაჩქარებული წესით, მისი მოვალეობის შემსრულებლის არჩევა გარკვეული პოლიტიკის ნაწილია.

”როგორც ჩანს, გარდამავალ ეტაპზე უმტკივნეულო ადამიანი უნდა ყოფილიყო. მერე გამოჩნდება, როგორ ჩატარდება აკადემიური საბჭოს არჩევნები, რა კანდიდატურები შემოვა, ვის აირჩევენ, გაირკვევა რა პიროვნებები იქნებიან, ვინ პრინციპულია, ვინ უფრო მორჩილია და მერე ვის აირჩევენ რექტორად. ამის მერე ნათელი მოეფინება, ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს მოვლენები”, - ამბობს გუგული მაღრაძე.

სექტემბრის ბოლოს აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა შეირჩეს, რომელმაც უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატები განცხადებების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ გასაუბრების წესით უნდა გაცხრილოს და ერთი კანდიდატი დაასახელოს. რექტორის თანამდებობის დაკავება, 22 ივლისს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, აკადემიური ხარისხის არმქონე პირსაც შეუძლია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG