Accessibility links

logo-print

არნჰემის „ვიტესი” – პირველი „ქართული კლუბი“ ევროპაში


მერაბ ჟორდანია 16 აგვისტოს, არნჰემში გამართულ პრესკონფერენციაზე

მერაბ ჟორდანია 16 აგვისტოს, არნჰემში გამართულ პრესკონფერენციაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შეიძინა ჰოლანდიის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი - არნჰემის „ვიტესი“. 16 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის არც ახალ და არც ყოფილ მფლობელს არაფერი უთქვამთ გარიგების მოცულობაზე, თუმცა ცნობილია, რომ ჟორდანიას ხელში კლუბის აქციათა 100 პროცენტი გადავიდა. რა გეგემები აქვს „ვიტესის“ ახალ მფლობელს და როგორ წაადგება მერაბ ჟორდანიას შენაძენი ქართულ ფეხბურთს?

საქართველოსგან განსხვავებით, ჰოლანდიაში მერაბ ჟორდანიას თითქმის არავინ იცნობს, ამიტომაც „ვიტესის“ ახალმა მფლობელმა არნჰემში გამართული პრესკონფერენცია საკუთარი თავის წარდგენით დაიწყო:

მეტად მოხარული ვარ, რომ „ვიტესის“ მფლობელი გავხდი. შესაძლოა მკითხოთ, რატომ „ვიტესი“ და რატომ არა სხვა კლუბი...
„მე ვარ მერაბ ჟორდანია საქართველოდან, ვიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი“... ჟორდანიამ ისიც თქვა, რომ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ფლობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“, მოგვიანებით კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გახდა. პრესკონფერენციის მსვლელობისას ჟორდანიას არ უცდია შენაძენით გამოწვეული სიხარულის დამალვა:

„მეტად მოხარული ვარ, რომ 'ვიტესის' მფლობელი გავხდი. შესაძლოა, მკითხოთ, რატომ 'ვიტესი' და რატომ არა სხვა კლუბი... მაგრამ დამერწმუნეთ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ბევრი ვიფიქრე ამის შესახებ. მივხვდი, რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩემს ამბიციებს დავიკმაყოფილებ, სადაც შევძლებ დიდი და ძლიერი კლუბის შექმნას, რადგანაც ეს არის კლუბი ძალიან კარგი ახალგაზრდული აკადემიით, განვითარების დიდი შესაძლებლობებითა და პოტენციალით. მოკლედ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ახალი ერა იწყება როგორ ჩემს, ისე 'ვიტესის' საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში“, - აღნიშნა ჟორდანიამ.

თუმცა მას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა დაჯდება გარიგება, რომლის წყალობითაც ახალი ერა უნდა დაიწყოს. გაზეთ „ლელოს“ მიმომხილველი მერაბ მამულაშვილი ვარაუდობს, რომ მხოლოდ საკუთარი სახსრებით მერაბ ჟორდანია ჰოლანდიური კლუბის შეძენას ვერ გასწვდებოდა.

„ყველამ იცის, რომ მერაბ ჟორდანია არის რომან აბრამოვიჩის უახლოესი და სანდო პარტნიორი“, უთხრა რადიო თავისუფლებას მამულაშვილმა. მისივე თქმით, გარიგების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი კლუბის ახალი მფლობელის გეგმებია. „ლელოს“ მიმომხილველს გაუმართლებლად მიაჩნია დაუსრულებელი ლაპარაკი იმაზე, რომ ჟორდანია, როგორც „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი, ორჯერ იყო დაკავებული ფულის გაფლანგვის ბრალდებით. ბოლო დროს მსგავსი შინაარსის სტატიები გამოქვეყნდა როგორც საქართველოს, ისე ჰოლანდიის მედიაში.

„ჩემი აზრით, არასწორია, როცა ადამიანი პავლე გახდება და მას სავლეობის პერიოდს უხსენებენ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ პროექტის შედეგები, რომელიც ახლა ხორციელდება 'ვიტესში' და რომელშიც ქართველები მონაწილეობენ. ეს პროექტი, ბუნებრივია, ორიენტირებული იქნება ქართულ ფეხბურთზე. 'ვიტესში' თუნდაც 2-3 ფეხბურთელისთვის რომ შეიქმნას ის პირობები, რომლითაც ის ეროვნულ ან სხვა ასაკის ნაკრებს გამოადგება, ეს იქნება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, უთხრა მერაბ მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მერაბ ჟორდანიას სამომავლო გეგმები, გარკვეულწილად, მართლაც უკავშირდება ქართულ ფეხბურთს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ვიტესის“ ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი ჭანტურიას, კლუბში მიწვევას. ჟორდანიას თქმით, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით აგვისტოშივე გაძლიერდება, თუმცა ძირითად შევსებას ზამთრის ტრანსფერების დროს მიიღებს. სამომავლო გეგმებზე მერაბ ჟორდანიას 16 აგვისტოს არნჰემში გამართული პრესკონფერენციის დროსაც ჰკითხეს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ მწვრთნელის თობაზე, რომ არ იქნება ცვლილებები, მაგრამ ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ უნდა მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები - იქნებიან ხორვატიელები, სერბები თუ ქართველები... ასევე მოთამაშეები სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. გთხოვთ, მომცეთ კიდევ ორი დღე.“

მერაბ ჟორდანიამ ისიც თქვა, რომ საფეხბურთო კლუბის განვითარებასა და წინსვლას დაახარჯავს იმდენ ფულს, რამდენსაც პროექტის განხორციელება მოითხოვს. კლუბი კი, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ სპორტული განყოფილების რედაქტორი და ჰოლანდიური ფეხბურთის სპეციალისტი აკაკი გვიმრაძე ამბობს, მდიდარია ტრადიციებით და მისი შენახვა, ისევე როგორც ლიდერთა ჯგუფში გადაყვანა, არ იქნება იოლი. მაინც, რა გუნდია „ვიტესი“?

„‘ვიტესი’ - ესაა ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდი, ანუ 'აიაქსი', 'ფეიენორდი' და პსვ არიან ლიდერები, გრანდები, და მათ შემდეგ არის რამდენიმე კლუბი და, მათ შორის, 'ვიტესი'. ეს გუნდი იმით გამოირჩევა, რომ ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა ააშენა თანამედროვე ტიპის სტადიონი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონია. საშუალო გუნდია ჰოლანდიის მასშტაბით“, უთხრა აკაკი გვიმრაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG