Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 17 აგვისტო 2010


ივან ალექსანდროვიჩ ალექსეევი, იგივე Noize MC, 25 წლის რუსი რეპერი, ვოლგოგრადის ციხეში ათდღიან პატიმრობაზე წერს. სტატიას „ნოვაია გაზეტა“ ყოველგვარი კორექტირების, შეკითხვების გარეშე აქვეყნებს მომღერლის შთაბეჭდილებებსა და იმ სიმღერის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც Noize MC-მა, სამი ექვსზე კამერაში რვა სხვა პატიმართან ერთად ყოფნისას, რკინის საწოლზე შექმნა. ”ნატურალური სანატორიუმი” - ასე უწოდებს საპატიმროს მომღერალი. არავითარი ცენტრალიზებული კვება, მხოლოდ გზავნილები, წამების ძველი საბჭოთა მეთოდები... თუმცა სანამ „სანატორიუმის“ შინაარსს უფრო დაწვრილებით შევეხებოდე, რამდენიმე სიტყვას გეტყვით მომღერლის დაკავების მიზეზზე.

Noize MC კონცერტს მართავს ვოლგოგრადში. სიმღერის „ფული ქუდში“ შესრულების დროს მომღერლის მეგობრებს მსმენელთა შორის ქუდებით ჩამოუვლიათ და ფულის აკრეფა დაუწყიათ, პოლიციას ამის აღკვეთა უცდია, გაბრაზებულ მომღერალს პოლიციელებისთვის მიუმართავს: „ცხოველები, წითელი ორნამენტით ქუდებზეო“. ამის შემდეგ მომღერალი ციხეში ხვდება. ციხეში მოხვედრილი რეპერი ხედავს, როგორ ადვილად აღწევს თავს პატიმრობას ადამიანი, რომელმაც ქალი ცემით თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა, გავლენიანი სატელეფონო ზარის მეშვეობით; მომღერალი ხედავს ასევე, როგორ ზის სხვა პატიმარი, ვისაც არავისთან დარეკვა არ შეუძლია და ვისი ერთადერთი დანაშაულიც პოლიციის მიერ ძებნილ მძარცველთან მსგავსებაა.

მომღერლის თქმით, საქმის სწრაფად დასახურავად ეს ადამიანი საღამოობით გაჰყავდათ და გათიშვამდე სცემდნენ, რათა ამ უკანასკნელს სისტემის გამართულად მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა - დანაშაული „ეღიარებინა“ და საქმე დახურულიყო. თუმცა გამძლე ბიჭი ყოფილა სერიოჟა კრუკოვი - ბიჭი, რომელსაც საღამოობიოთ ურახუნებდნენ… ტელეფონამდე მიუღწევია და ახლობლებისთვის უთქვამს, რა დღეშიც იყო. შეეშვნენო… თუმცა საქმე მარტივად ცუდი პოლიციელებით არ შემოიფარგლებაო, არც მარტო სისტემითო, ამბობს Noize MC საკუთარ წერილში: ”Страна болеет. Милицию просто лучше видно”. მომღერლის თქმით, პოლიცია მხოლოდ ნაწილია მთლიანი პრობლემისა, ძირეული მიზეზი კი თავად ხალხია, რომელიც მიჩვეულია მსგავს მოპყრობას, მიჩვეულია შიშს.


Noize MC ამბობს, რომ ის ანარქისტია. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა, პირიქით - განმტკიცდაო, წერს მომღერალი: ”ანარქია, შესაძლოა ეს გულუბრყვილობაა, კი, მაგრამ სხვა არაფერი მიხდება. არის ადამიანი და არის მისი შეუქცევადი თავისუფლება”. Noize MC-ის თქმით, ხელოვნებაში არავითარი კონფორმიზმი არაა დასაშვები. ხელოვანი როცა პროპაგანდაში ებმება, მას იყენებენ და შემდეგ სანაგვეზე ისვრიან. ხელოვანი როცა პროპაგანდაში ებმება, საინტერესოა მასზე დაკვირვება…

სიმღერაში, რომელიც Noize MC-მა ციხეში დაწერა, მომღერალი ბოდიშს იხდის სისტემის წინაშე „სანატორიუმში“ გატარებული დროისა და იმ უმადურობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა. მისი ციხიდან გამოსვლისა და სიმღერის ჩაწერის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრს საქმის არსი სიტყვასიტყვით გაუგია. კი, ბევრმა გმირად გამომაცხადაო, ამბობს მომღერალი, რაც ასევე შეცდომააო, მაგრამ ბევრს რატომღაც მართლაც ეგონა, რომ ბოდიშს ვიხდიდი მართლმსაჯულების წინაშეო. ამის მიუხედავად, საზოგადოებაზე საუბრისას Noize MC ოპტიმისტურ განწყობილებას გამოხატავს:

”ნუ მოძვრებით, ყველა ზევით მდგომებს მოგმართავთ, მოდუნდით, მოაჩვენეთ, რომ არაფერი მომხდარა და, ღვთის გულისათვის, ნუ მიშლით ხელს. თუ ჩემს სიტყვას ყურად არ იღებთ, თქვენთვისვე იქნება უარესი. ნუთუ ვერ ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში. ხალხი უკვე, უბრალოდ, კი არ ღელავს, არამედ ბრძოლას იწყებს. გამიკვირდა: მიუხედავად უთანხმოებისა ჩემს ამბავთან დაკავშირებით, ხალხი ერთ პოზიციაზე აღმოჩნდა და ეს პოზიცია ცალსახაა - ისინი ჩემკენ კი არა, თქვენ წინააღმდეგ მოდიან, თქვენ მათ ყელში ამოუხვედით.”
XS
SM
MD
LG