Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თხილის ჭარბი შემოსავალი და დაბალი ფასი


სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობის ერთადერთი სარჩო თხილი და სიმინდია. ამჟამად გლეხები თხილის შეგროვებით არიან დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, წელს გაცილებით მეტია, რამაც თხილზე ფასის კლება გამოიწვია.

სამეგრელოს გლეხებისგან განსხვავებით, თხილის მოსავლის გასაღების პრობლემა შეექმნა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას. გალელები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი კონტროლდება, თხილის ზუგდიდში გადმოტანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ბაზრის ფასი კი მათთვის მიუღებელია, რადგან დახარჯულს მცირეთი აღემატება.

წლევანდელი ჭარბი მოსავლით კმაყოფილები არიან მცირე და მსხვილი მეწარმეები ზუგდიდში. შპს ”ზახილნათ იმპექსის” კომერციულმა დირექტორმა ზაქრო ქარდავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თხილზე ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებულია თურქეთზე, რომელიც ქართულ ბაზარს აკონტროლებს.

თუკი ბიზნესმენები თხილზე ფასის მკვეთრად ვარდნას თურქეთის ბაზრით ხსნიან, გლეხები ამას სასწავლო პროცესის დაწყებას უკავშირებენ. მათი განმარტებით, ისინი იძულებულნი არიან მოსავალი დაბალ ფასად გაყიდონ, რათა შვილებისთვის სახელმძღვანელოები და სასკოლო ნივთები შეიძინონ.
XS
SM
MD
LG