Accessibility links

logo-print

საქართველო, რუსეთის S-300 და დასავლეთის რეაქცია


რუსეთის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა

რუსეთის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა

ბევრი რამ ჯერაც გაურკვევლად რჩება იმ საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხთან მიმართებით, რომლებიც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში განათავსა. უცნობია, რა ვითარებაში, კონკრეტულად როდის და რა მიზნით შეიტანა კრემლმა იქ S-300 ტიპის სისტემები და რისთვის დასჭირდა მას ამ საკითხის სწორედ ახლა გახმაურება. რას ფიქრობენ ანალიტიკოსები და რამდენად ადეკვატურად მიაჩნიათ რეაქციები, რომლებიც რუსეთის ქმედებებს მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან?

ჩვენი პროტესტის გარდა, ამ თემაზე, ჩემი აზრით, სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს, პირველ რიგში, ნატომ ...
როდესაც ეს-300-ის განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაახმაურა, რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურს ალექსანდრ ზელინს 11 აგვისტოს არ დაუკონკრეტებია მასშტაბები და განთავსების დრო. მან თქვა მხოლოდ ის, რომ სისტემა აფხაზეთის საჰაერო სივრცისა და იქ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების დაცვას უზრუნველყოფს. ზელინის ამ ბუნდოვან განცხადებას რამდენიმე დღეში მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განმარტება, რომ თითქოს საზენიტო-სარაკეტო სისტემა აფხაზეთში 2008 წლის შემოდგომაზე (ანუ აგვისტოს ომის შემდეგ) განთავსდა და მიზნად ისახავდა თბილისის რევანშისტული შემოტევისგან თავდაცვას.

ინფორმაცია აფხაზეთში ეს-300 ტიპის კომპლექსის აგვისტოს ომის შემდეგ შეტანის თაობაზე ზოგიერთი ანალიტიკოსისთვის ფრიად არადამაჯერებლად გამოიყურება. ასეთები ფიქრობენ, რომ რუსეთმა მძლავრი თავდაცვითი იარაღი აფხაზეთში სწორედაც რომ აგვისტოს ომისთვის მზადების პროცესში მოიმარაგა და მის მიზანს წარმოადგენდა ნატოს ქვეყნებთან გამკლავება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი საქართველოს სამხედრო ძალით მხარდაჭერას გადაწყვეტდა.

რუსეთის ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, ნატოს წინააღმდეგ მიმართულად მიაჩნიათ თბილისშიც. ასეთი ვერსია ჩამოაყალიბა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თემურ იაკობაშვილმაც, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში:

”ჩვენი პროტესტის გარდა, ამ თემაზე, ჩემი აზრით, სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს, პირველ რიგში, ნატომ და მერე იმ ქვეყნებმა, რომლებიც რეგიონში არიან განთავსებული და რომლებისთვისაც ეს რეალური საფრთხეა...”

რამდენად გამართლდა თბილისის მოლოდინი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებთან დაკავშირებით?
ვაშინგტონში კეთდება განცხადება, რომ საზენიტო-სარაკეტო სისტემები რუსეთმა აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა, თუმცა შეერთებული შტატები ჯერ ისევ იკვლევს, გაიზარდა თუ არა მასშტაბები მოგვიანებით:

„ჩვენ არ შეგვიძლია დადასტურება იმისა, დაამატეს თუ არა ახალი კომპლექსი იქ უკვე არსებულ სისტემებს. ჩვენ ამას შევისწავლით.. მაგრამ თავისთავად ეს აუცილებელი არ არის, რომ ახალი მოვლენა იყოს. ის სისტემა უკვე იყო ადგილზე გარკვეული დროის მანძილზე.”

ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია - ვაშინგტონმა რუსეთის ქმედებების შესახებ ორი წლის წინ უკვე იცოდა თუ მისი რწმენა კრემლის ამჟამინდელ განცხადებებს ეყრდნობა.

დავუშვათ, რომ ორი წლის წინ იყო შეტანილი ეს სისტემა აფხაზეთში, აქამდეც ხომ შეიძლებოდა ამაზე ხმის ამოღება?! მაგრამ, აი, რომ ამოიღებ ხმას, მერე რას აკეთებ? ...
რუსეთის ქმედებას ყველაზე მწვავე რეაქცია ჯერჯერობოთ პარიზის მხრიდან მოჰყვა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კრისტინ ფაჟის მიერ 12 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით ირკვევა, პარიზი საქმის კურსში არ იყო საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსებასთან დაკავშირებით. „ეს ვერ შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილიზაციას“, - ასეთია საფრანგეთის საგარეო უწყების პოზიცია.

საფრანგეთის გამორჩეულ რეაქციას აგვისტოს ომის შემდეგ აღებულ პასუხისმგებლობას მიაწერს ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. თუმცა ის, საერთო ჯამში, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ და უფრო მწვავე რეაქციებს არც საფრანგეთისგან მოელოდა და არც დასავლეთის სხვა ლიდერი სახელმწიფოებისგან.

”შეუძლებელია რუსეთთან ესა თუ ის საკითხი ზეწოლით გაიტანო... თუკი დაუსრულებელ პანიკას ატეხ, ერთადერთი, რასაც ამით გააკეთებ, ის იქნება, რომ მოახდენ საკუთარი უძლურების დემონსტრირებას... ამიტომ არ მგონია, ბევრი იყოს მსოფლიოში ამის მსურველი. დავუშვათ, რომ ორი წლის წინ იყო შეტანილი ეს სისტემა აფხაზეთში, აქამდეც ხომ შეიძლებოდა ამაზე ხმის ამოღება?! მაგრამ, აი, რომ ამოიღებ ხმას, მერე რას აკეთებ?” - უთხრა რადიო თავისუფლებას ანდრო ბარნოვმა.

დასავლეთის მეტ რეაქციას არც ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მოელოდა. მისი განმარტებით, ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა თავდაცვითი შეიარაღების კატეგორიაში გადის, ის საერთაშორისო ხელშეკრულებებით არ იკრძალება და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსეთს ამ საკითხთან მიმართებით ვერც ვერავინ შეედავება. თუმცა, ალადაშვილის აზრით, ეს ფაქტი ”საკმაოდ სერიოზულ თავსატეხს უჩენს ნატოს”, რადგანაც რუსეთი აფხაზეთში განთავსებული საზენიტო-სარაკეტო სისტემით ალიანსის წევრი სახელმწიფოს - თურქეთის - ნაწილის გაკონტროლებასაც შეძლებს. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სომხეთში განთავსებული ამ მობილური სისტემის დივიზიონებით მოსკოვს სამხრეთ კავკასიის უმეტესი ნაწილის გაკონტროლებაც შეუძლია. რუსეთი ფლობს საშუალებას, რომ დაახლოებით 300 კმ-ის რადიუსში აღმოაჩინოს და დაახლოებით 200 კმ-ის რადიუსში ჩამოაგდოს ნებისმიერი თვითმფრინავი თუ შვეულმფრენი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG