Accessibility links

logo-print

რუმინელთა ორი სახელმწიფოს დაახლოების პერსპექტივა და რუსეთი-ევროკავშირი


რუმინეთს მისი ღვიძლი ნაწილი, ბესარაბია, რუსეთმა ოსმალეთთან ერთ-ერთი ომის ბოლოს ჩამოაშორა. მას მერე დღევანდელი მოლდავეთის მიმართ მოსკოვს აქვს სხვადასხვა სიძლიერის პრეტენზია, რომელიც ამ რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდება და რისი კონკრეტული ბერკეტიც სეპარატისტული, პრომოსკოვური დნესტრისპირეთია. მაგრამ, იმაზე დაყრდნობით, რომ რუმინელები და მოლდაველები წარსულში ერთი ერი იყვნენ, ერთი ენით და კულტურით, ისინი - რუმინეთი, ნატოს და ევროკავშირის წევრი, და მოლდავეთი, ღარიბი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - ცდას არ აკლებენ დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ამას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ახერხებენ.

მოლდავეთი, მაშინ ბესარაბიად წოდებული მიწა-წყალი, დიდხანს, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მას მერე, რაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთი თავის საზღვრებში იქნა აღიარებული და ბესარაბია - მოლდავეთი - მას დაუბრუნდა, იქაურ მოქალაქეებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ერთ ერს ეკუთვნიან. მაგრამ ნაცისტურ გერმანიასა და ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირს შორის დადებული პაქტისა და, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მერმინდელი ევროპის გადანაწილების შედეგად, მოლდავეთი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა და ერი გაიხლიჩა. საქართველოში ჩასვლამდე მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ რუმინეთში იყო. მან და რუმინეთის პრეზიდენტმა ერთობლივად მისცეს ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო „ჰოტ ნიუსს“. რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ, შეკითხვას, როგორ აფასებს რუსეთის პოლიტიკოსების აზრს, რომ რუმინეთს სურს შეიერთოს მოლდავეთი, უპასუხა:


მარჯვენა ნაპირი, ანუ მოლდავეთი, დნესტრისპირეთის გარეშე, რუმინეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა დაახლოებით ოცი წელი ...
„ეს ნაწილია პოლიტიკური თამაშისა, რომელსაც რუსეთში მიმართავენ პოლიტიკოსები და პრესა. მოლდავეთთან მიმართებით რუმინეთს ერთი მიზანი აქვს - იხილოს ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თუ შეერთებაზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ ევროპული ოჯახი იქნება ის ადგილი, სადაც ჩვენ შევერთდებით. სხვა მხრივ კი ვართ ორი სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთს ვაღიარებთ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად.“

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით კიშინიოვის განვითარებისა და სოციალური ინიციატივების ინსტიტუტის თანამშრომელს კორნელიუ ჩურეას, რომელსაც, სანამ რუმინეთის მოქალაქეობის, იქაური პასპორტების მოლდაველებზე გაცემის გარშემო გავესაუბრებოდით, ამ ერთი ერის ორი ნაწილის ურთიერთობაზე ვკითხეთ.
რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ

„მართლაც ბევრი რამითაა გართულებული რუმინელებისა და მოლდაველების ურთიერთობა. მარჯვენა ნაპირი, ანუ მოლდავეთი, დნესტრისპირეთის გარეშე, რუმინეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა დაახლოებით ოცი წელი, რამაც თავისი კვალი დაამჩნია მოლდაველი ხალხის თვითშეგნებას. ამ ხალხმა მონაწილეობა მიიღო რუმინეთის სახელმწიფოს შექმნასა და არსებობაში. რა თქმა უნდა, შემდგომმა პერიოდმა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნამ და, საერთოდ, საბჭოთა სახელწიფოს არსებობამ რუმინელი და მოლდაველი ხალხები ერთმანეთს დააშორა და ბევრი დაბრკოლება შექმნა ჩვენი - მოლდაველებისა და რუმინელების - ურთიერთდაახლოების გზაზე“, გვითხრა ჩურეამ, რომელმაც ერთ-ერთი დაბრკოლების მაგალითად მოიყვანა ფაქტი, რომ რუმინეთსა და მოლდავეთს შორის სარკინიგზო ხაზების პარამეტრები განსხვავებული იყო და ფიზიკურად იყო შეუძლებელი მიმოსვლა. საბჭოთა სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევდა ამ საკითხს და ცდილობდა არ დაეშვა პირდაპირი კონტაქტები რუმინელებსა და მოლდაველებს შორის, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფო და ხალხია.

მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და წარმოიშვა ნაციონალისტური მოძრაობა, ამ სიტყვის კარგი გაგებით. იმის საფუძველზე, რომ რუმინელებსა და მოლდაველებს ერთი კულტურა, ერთი ენა აქვთ, საერთო მწერლები ჰყავთ და ისტორიაც მსგავსი აქვთ, გაჩნდა დაახლოების ძალიან კარგი პერსპექტივა. ამიტომაც არის მოლდავეთი, რაც მოლდაველმა პოლიტოლოგმაც დაადასტურა, ასე ვთქვათ, გახლეჩილი საზოგადოება, სადაც ხალხს რუმინული იდენტიფიკაციაც აქვს და მოლდავურიც. მიმომხილველების თქმით, მოსახლეობის 30 პროცენტი რუმინეთს ძალიან ახლობელ ქვეყნად თვლის და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ რუმინელებმა და მოლდაველებმა ერთ სახელმწიფოში იცხოვრონ. არიან სხვებიც, - ეს გვითხრა სატელეფონო საუბრისას მოლდაველმა პოლიტოლოგმა, - 40-45 პროცენტი, ძირითადად კომუნისტების ამომრჩევლები, რომლებიც ამის წინააღმდეგი არიან.

მოლდაველებს რუმინეთის მოქალაქეობა იმისთვის კი არ სურთ, რომ ბრიტანეთში წავიდნენ, არამედ იმის გამო, რომ თავს რუმინელებად მიიჩნევენ ...
კომუნისტების ამომრჩევლები უმცირესობას არ წარმოადგენენ, მაგრამ დღეს მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ არც კომუნისტურ პოზიციაზეა და არც პრორუსულზე. მოკლედ შეგახსენებთ: მოლდავეთში პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევდა. ძალთა თანაბარი განაწილების გამო, პრეზიდენტი ვერ აირჩიეს. ახლა, კანონის შეცვლის საფუძველზე, შეიძლება ის პირდაპირ აირჩიონ მას მერე, რაც სულ მალე რეფერენდუმი ჩატარდება და, უკვე შემოდგომაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

საკმაოდ დიდი ხანია რუმინეთი მოლდაველებს თავის მოქალაქეობას სთავაზობს. პრინციპი ისაა, რომ მოლდავეთის მოქალაქეებს აქვთ ამის უფლება, რადგან მათ წინაპრებს, მათი რეგიონის რუმინეთისგან ძალით მოწყვეტით, ეს უფლება წაართვეს. პრეზიდენტი მიჰაი გიმპუ იმავე ინტერვიუში, ბრიტანეთის პრესის საპასუხოდ, პრესისა, რომელიც იუწყებოდა, ბუქარესტს სურს მოლდაველები უკანა კარიდან შეიყვანოს ევროკავშირშიო, განმარტავს:

„მოლდაველებს რუმინეთის მოქალაქეობა იმისთვის კი არ სურთ, რომ ბრიტანეთში წავიდნენ, არამედ იმის გამო, რომ თავს რუმინელებად მიიჩნევენ და ესმით, რაც მოხდა მათი მშობლებისა და წინაპრების ცხოვრებაში - ესმით, რომ ტანკებით მოვიდნენ და მათი ქვეყანა ორ ნაწილად გაყვეს. რუმინული პასპორტი ბევრ მოლდაველს აქვს და ისინი მინისტრების, მერებისა თუ დეპუტატების სავარძლებში სხედან. ისინი ბრიტანეთში არ მიდიან. რუმინეთის მოქალაქეობას იმის გამო ითხოვენ, რომ თავიანთი ისტორია იციან და ამ მოთხოვნით პასუხობენ იმათ, ვინც ტანკებით მოვიდა და ეს ქვეყანა ორ ნაწილად გაყო.“
მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ

რუმინეთი ევროპის კავშირის წევრია. ზემოხსენებული საკითხი, რომ მოლდაველები რუმინეთის მოქალაქეობის მიღებით ლამის მართლა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს უთანასწორდებიან, ზოგიერთებისთვის ევროპაში პრობლემაა. მოლდაველი პოლიტოლოგი კორნელიუ ჩურეა ამბობს, რომ რუსეთის უკმაყოფილება გასაგებია, რადგან ის უფრთხის აშშ-ის პარტნიორის გააქტიურებას მის საზღვრებთან და ამით თავისი გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტებას. მისი თქმით, ევროპის კავშირშიც არ არიან განწყობილი დადებითად ორი ქვეყნის დაახლოების მიმართ. ის იხსენებს დასავლეთ ევროპის წამყვან მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც „რუმინეთის მთავრობას იმისთვის აკრიტიკებენ, რომ ის მოლდავეთის მოქალაქეებზე პასპორტებს გასცემს. ისინი ამას განიხილავენ ქმედებად, რომელიც მოლდავეთს საშუალებას აძლევს, ასე ვთქვათ, უკანა კარიდან შევიდეს ევროპის კავშირში. საქართველოსგან განსხვავებით, რუმინეთისა და მოლდავეთის დაახლოებას აკრიტიკებს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროკავშირიც, რადგან ევროკავშირი, რბილად რომ ვთქვათ, არ ჩქარობს მოლდავეთი თავის შემადგენლობაში მიიღოს და არ სურს, რომ ეს რუმინეთის გზით მოხდეს.“

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გულწრფელად ვიტყვი, რუსეთთან თბილი ურთიერთობა არ გვქონია ...
ერთი შეხედვით, თითქოს ბრიუსელში უნდა მოსწონდეთ კიდეც, რომ ასე მარტივად ხდება ევროპელების „გაევროპელება“ პასპორტების გზით, მით უმეტეს, რომ ასი ათასი მოლდაველი, რომელიც ან უკვე ფლობს, ან აწი მიიღებს რუმინეთის მოქალაქეობას, ამინდს ვერ შექმნის ევროპის საიმიგრაციო გარემოში. მაგრამ, განაგრძობს ჩურეა, ევროპის კავშირი მაინც არ უყურებს რუმინეთის აქტიურობას დადებითად. ჩურეა ამბობს:

„იმედი გვაქვს, რომ გავივლით ამ ეტაპს, ვითარება შეიცვლება და ევროპის კავშირი ამ ნაბიჯის კანონიერებას აღიარებს. ჩვენ ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია ძალიან ხშირად გასცემენ პასპორტებს და, ასე ვთქვათ, ხელოვნურად ქმნიან ევროპის კავშირის მოქალაქეებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან. აქ მართლაც არის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც უდგება ევროკავშირი მოლდავეთსა და რუმინეთს.“

მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიჰაი გიმპუმ საქართველოში ვიზიტისას თქვა, რომ საქართველოსა და მოლდავეთის ძალისხმევა კოორდინირებული უნდა იყოს ტერიტორიული კონფლიქტების დაძლევასთან დაკავშირებით და ეს, ალბათ, ყველაზე მთავარი საკითხია. გარკვეულწილად, ასევე კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები რუსეთთანო, თქვა გიმპუმ. როგორია, მისი შეფასებით, რუსეთთან კიშინიოვის მიმართება დღეს და ბოლო ოც წელიწადში და რას მოელის ის მოსკოვისგან? გიმპუ ამბობს:

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გულწრფელად ვიტყვი, რუსეთთან თბილი ურთიერთობა არ გვქონია. რა მივიღეთ ამ ოცი წლისგან? მივიღეთ ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დარჩა არმია, შეიქმნა დნესტრისპირეთი, რომლის არმია ჩვენსაზე უკეთ არის მომზადებული, აღჭურვილია რუსეთის ყოფილი მე-14 არმიის არსენალით. მე ველი იმ დღეს, როცა რუსი პოლიტიკოსები (არა მოქალაქეები, ისინი სხვაგვარად ხედავენ) აღიარებენ, რომ მოლდავეთის მოქალაქეები არიან რუმინელები მოლდავეთის რესპუბლიკიდან და საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ რუმინელებს არსებობის ისეთივე უფლება აქვთ, როგორიც რუსეთის მოქალაქეებს. მოველი დღეს, როცა ისინი აღიარებენ ჩვენს უფლებას, თვითონ გადავწყვიტოთ საით წავიდეთ და ვისთან ერთად ვიყოთ.“
XS
SM
MD
LG