Accessibility links

logo-print

ერთი წელი დსთ-ის გარეშე


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, სადაც საქართველოს დროშა არის, მაგრამ არ არის საქართველოს წარმომადგენელი, 22 მაისი, 2009 წელი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, სადაც საქართველოს დროშა არის, მაგრამ არ არის საქართველოს წარმომადგენელი, 22 მაისი, 2009 წელი

ერთი წლის წინ, 2009 წლის 18 აგვისტოს, საქართველომ ოფიციალურად დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც დაასრულა ყველა იურიდიული პროცედურა ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ. საქართველომ დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილება რუსული აგრესიის საპასუხოდ მიიღო და ქვეყნის პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაადასტურა.

2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა სამი ხელშეკრულების - "1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ", "1993 წლის 22 იანვრის დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდებისა" და "1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებათა ეკონომიკური კავშირის შესახებ" - დენონსაცია.

საქართველო დსთ-ის წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. ის ორგანიზაციაში ყველაზე ბოლოს გაწევრიანდა. 1994 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შევარდნაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. არსებული ინფორმაციით, დსთ-ში ყოფნის პერიოდში საქართველომ ხელი მოაწერა 113 მრავალმხრივ, არასამხედრო ხასიათის ხელშეკრულებას, რომელთაგან უმეტესობა, როგორც ირკვევა, დსთ-ის დატოვების შემდეგაც ძალაში დარჩა.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამ მხრივ გაერთიანების დატოვების გადაწყვეტილებას არანაირი ბარიერი არ შეუქმნია, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-ივნისში 945 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 25%-ით მეტი), აქედან ექსპორტი 273 მლნ დოლარი იყო (52%-ით მეტი), იმპორტი კი – 672 მლნ დოლარი (17%-ით მეტი).

ზოგადად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 2010 წლის პირველ 6 თვეში 32% შეადგინა, აექდან ექსპორტში მათი წილი 38% იყო, იმპორტში - 30% (2009 წლის იანვარ-ივნისში, შესაბამისად, 30%, 35% და 29%). დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო დეფიციტის 26% (2009 წლის იანვარ-ივნისში – 27%).
XS
SM
MD
LG