Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი უკმაყოფილოა კრემლის კადრებით


ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იგი ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.

როგორც ცნობილია, დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკური გუნდი პრემიერ-მინისტრის ვადიმ ბროვცევის მიერაა დაკომპლექტებული და მასში რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შედიან. ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ ჟმაილო და ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი ცხინვალში ბროვცევთან ერთად ჩავიდნენ და რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარების გაკონტროლება დაიწყეს, რაც კოკოითისთან დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის ბროვცევის გუნდი გამოდიოდა.

კრემლში ჩასულ კოკოითის მიანიშნეს, რომ ბროვცევი ჯერჯერობით შეუცვლელია. ამის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა ტაქტიკა შეცვალა - იგი ბროვცევს აღარ ახსენებს, მაგრამ ცდილობს მისი გარემოცვა ხელისუფლებიდან გაუშვას.

კოკოითი უკვე საჯარო განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ საკადრო ცვლილებებს მალე დაიწყებს. იგი ცხინვალში მყოფი რუსი მოხელეების გარდა კრემლის საშუალო დონის მოხელეებსაც აკრიტიკებს, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციაზე უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი.

სპეციალურ ბრიფინგზე კოკოითის არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს საკადრო ცვლილებებს. როგორც ცნობილია, ბროვცევს კრემლში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი მფარველობს, ამიტომ კოკოითი პანოვსაც ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მაინც ხელშეუხებელია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და კოკოითის ხელისუფლებაც მხოლოდ ბუტაფორიაა. შესაბამისად, დაგეგმილი საკადრო ცვლილებაც ადგილობრივი გაღიზიანებული მოსახლეობის გულის მოსაოხებლად კეთდება.

მეორე წელია ცხინვალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ზოგიერთი ცხინვალელი ისევ კარავში ცხოვრობს. ომით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციისთვის რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს, მაგრამ ხშირად ფულის ნაწილი იკარგება და ადრესატამდე ვერ მიდის, ამიტომ კრემლის მიერ პერიოდულად ფინანსების კონტროლი მკაცრდებოდა და ცხინვალში რევიზია რევიზიაზე ჩადიოდა. ამასობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩერდებოდა. კოკოითის დაპირიპირება რუს მოხელეებთან სწორედ ფინანსური რესურსის კონტროლის გამო დაიწყო.
XS
SM
MD
LG