Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სიდამონიძის გეგმები და ტურისტული პოლიტიკა


ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (მარჯვნივ) და მაია სიდამონიძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (მარჯვნივ) და მაია სიდამონიძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს ოფიციალურად წარადგინა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე. მაია სიდამონიძე რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ კონკურსის წესით გამოავლინა - 109 მონაწილიდან ჟიურიმ 11 კანდიდატი გამოყო, მათგან ყველაზე მეტი ქულა სწორედ მაია სიდამონიძის პროექტს ერგო. რა გეგმები აქვს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს, როგორ ხედავს საქართველოში ტურიზმის მომავალს და როგორი საკანონმდებლო ბაზა ხვდება დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს?

დსთ-ს ქვეყნებში ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ მაღალი ცნობადობა. ტურისტები საბჭოთა კავშირის დროს აქ ჩამოდიოდნენ და იციან რა ღირსშესანიშნაობებია და, აქედან გამომდინარე, დღესაც ძალიან ბევრი მსურველია, რომ აქ ჩამოვიდეს ...
მაია სიდამონიძე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონკურსის წესით შეირჩა. ჟიურის წევრების მაღალი ქულები ჯერ მისმა პროექტმა დაიმსახურა, შემდეგ კი პირადი გასაუბრებით გაამყარა ჟიურის მოლოდინი. კონკურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 12 ივლისს გამოაცხადა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ გამარჯვებული პროექტის ავტორი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა.

მაია სიდამონიძე, რომელიც ბოლო დრომდე ინგლისში ცხოვრობდა, სასტუმროებისა და ტურისტული ბიზნესის მართვის სფეროში რამდენიმე დიპლომს ფლობს. ბაკალავრის წოდება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტში შვეიცარიაში აქვს მიღებული, მაგისტრის წოდება ბიზნესისა და მარკეტინგის მართვაში კი - დიდ ბრიტანეთში.

პროექტი, რომელიც 26 წლის მაია სიდამონიძეს ეკუთვნის, შიდა ტურიზმის განვითარებასთან ერთად, მოიცავს ”უცხოელი ტურისტების რიცხვის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე მომსახურების დონის გაზრდას, მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას”. გამორჩეული ადგილი კი დსთ-ს ქვეყნების ტურისტთა მოზიდვას უჭირავს.

”დსთ-ს ქვეყნებში ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ მაღალი ცნობადობა. ტურისტები საბჭოთა კავშირის დროს აქ ჩამოდიოდნენ და იციან რა ღირსშესანიშნაობებია და, აქედან გამომდინარე, დღესაც ძალიან ბევრი მსურველია, რომ აქ ჩამოვიდეს, დაისვენოს და ნახოს ესა თუ ის სანახაობა და, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პოტენციალია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ”, - აცხადებს მაია სიდამონიძე.

ამ ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე იქაურ ტურისტულ გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით და სხვადასხვა საინფორმაციო საქმიანობით გეგმავს, შედეგად კი, მომავალი წლისთვის საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის 2 მილიონამდე გაზრდას პროგნოზირებს.

2009-2010 წლის მონაცემებით, ტურიზმის წილი ერთიან შიდა პროდუქტში, სამწუხაროდ, მხოლოდ 4 %-ია, მაშინ როცა ჩვენს მეზობელ სომხეთში ეს წილი 10 %-ია ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას მონაცემებით, დღეს საქართველოს ერთიან შიდა პროდუქტში ტურიზმის სექტორის წილი მხოლოდ 4 % -ს შეადგენს, რაც რეალური პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილია, რის გამოც საქართველო, ვერა ქობალიას განცხადებით, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს კარგავს.

”2009-2010 წლის მონაცემებით, ტურიზმის წილი ერთიან შიდა პროდუქტში, სამწუხაროდ, მხოლოდ 4 %-ია, მაშინ როცა ჩვენს მეზობელ სომხეთში ეს წილი 10 %-ია.”

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის განვითარებასა და მის პოტენციალზე ყოველდღე ლაპარაკობენ, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პოლიტიკა ლამის საკანონმდებლო ბაზის გარეშე იგეგმება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სპეციალისტი ტურიზმის დარგში მარინა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან ამ ნაკლოვანებაზე საუბრობს:

” კანონი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, აბსოლუტურად არ პასუხობს დღევანდელ, თანამედროვე მოთხოვნებს. შემიძლია ვთქვა, რომ დარგი ვითარდება კანონის გარეშე. იგივე შემიძლია გითხრათ სტრატეგიაზე და, ზოგადად, ეს ყველაფერი, ერთად აღებული, არის ტურიზმის პოლიტიკა, ანუ ტურიზმის პოლიტიკა დღეს ქვეყანაში არ გვაქვს. არ გვქონდა ომამდე და არ გვაქვს არც ომის შემდეგ.”

მარინა მეტრეველი იმედოვნებს, რომ ტურიზმის პოლიტიკა დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ მაინც ჩამოყალიბდება. მაია სიდამონიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება მისი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა იქნება, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელი იქნება ტურიზმის განვითარებაზე ფიქრი - გაურკვეველი იქნება დეპარტამენტის მოვალეობები და, საერთოდ, ტურიზმის მიმართება ისეთ მომიჯნავე სფეროებთან, როგორიც ეკონომიკაა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG