Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი აპროტესტებს მოსკოვის საზღვაო კავშირს აფხაზეთთან


აფხაზეთის საზღვაო აკვატორია
აფხაზეთის საზღვაო აკვატორია
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, თბილისი კვლავაც აპროტესტებს უკანონო საზღვაო კავშირის დამყარებას აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან. ამჯერად საუბარია რეგულარულ რეისებზე სეპარატისტულ რეგიონსა და რუსეთს შორის, რაც, თბილისის განცხადებით, არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ შეთანხმებას ეწინააღმდეგება და უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოებას. სოხუმში კი საქართველოს პროტესტის გამო გაკვირვებას გამოთქვამენ.

მორიგ საპროტესტო განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ვებ-გვერდზე 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა, ოკუპირებულ აფხაზეთთან დამყარებული რეგულარული საზღვაო კავშირით, დაარღვია საერთაშორისო სამართლითა თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არაერთი მოთხოვნა, მათ შორის, საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის მე-2 მუხლი და 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავინდებურად ”მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან - მიიღონ სათანადო ზომები, რათა რუსეთმა სრულად შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები.”

ინფორმაცია რეგულარული საზღვაო რეისების აღდგენასთან დაკავშირებით თბილისმა, როგორც ირკვევა, რუსეთის მედიის საშუალებით მიიღო. თუმცა იგივე მედია ურთიერთგანსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს რეისების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით. თუკი ერთი წყაროს ცნობით, რეისი ტუაფსე-ლაზარევსკოე- დაგომისი-სოჭი-ადლერი-გაგრა 21 ივლისიდან ამოქმედდა, სხვა წყაროების ინფორმაციებში თარიღებად 1 და 17 აგვისტო სახელდება. კონკრეტულ თარიღს რადიო თავისუფლებასთან საუბარში არც აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ასახელებს, თუმცა ის ადასტურებს ინფორმაციას რუსეთთან რეგულარული რეისების განხორციელების თაობაზე, ასახელებს ძირითად მიზეზსაც და გამოთქვამს გაკვირვებას საქართველოს რეაქციებთან დაკავშირებით:

”რუსეთის საზღვარზე ძალიან დიდი საცობია და კატერით განხორციელებული რეისებიც სწორედ ამ საცობის განტვირთვას ისახავს მიზნად. ეს ყველაფერი უბრალო ხალხის კომფორტისთვის კეთდება და, უპირველეს ყოვლისა, ტურისტულ სეზონს უკავშირდება, საზღვრის განსატვირთად. არ მესმის, რატომ განიცდიან ამას ასე საქართველოში. თუკი რაიმე უკეთესობისკენ იცვლება, მათში ეს შეშფოთებას იწვევს...”

ღვინჯია ამბობს, რომ რეგულარული საზღვაო კავშირი რუსეთთან აფხაზეთს სასიცოცხლოდ საჭირო შესაძლებლობებს აძლევს, რადგანაც, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, საქართველომ აფხაზეთის ბლოკადაში მოქცევა მოახერხა, რითაც აფხაზეთს უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი მიადგა.

აფხაზეთთან დაკავშირებული საზღვაო სკანდალებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2009 წელი, როდესაც საქართველოს მხარემ აფხაზეთისკენ უკანონოდ მიმავალი რამდენიმე სატვირთო გემი დააკავა, მათ შორის -თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებიც. ამ ფაქტით აღშფოთებულმა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გასული წლის აგვისტოში ერთგვარი ულტიმატუმითაც მიმართა გაეროს, ევროკავშირსა და საფრანგეთის პრეზიდენტს. აი, რა წერია 18 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში:

”გთხოვთ დახმარებას საქართველოს მესაზღვრეების მიერ დაკავებული გემის დაბრუნების საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის მხარე იტოვებს უფლებას მიმართოს ადეკვატურ ზომებს აფხაზეთისკენ მოძრავი საკუთარი ტვირთის დასაცავად და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს.”

ასევე ბაღაფშს ეკუთვნის გასული წლის 2 სექტემბერს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ აფხაზური ძალები დამოუკიდებლად გაანადგურებენ ყველა იმ ქართულ გემს, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს”. სახიფათო ინტონაციების შემცველ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. შემდეგ იყო საზღვაო სკანდალების განხილვის მცდელობები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე თუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, თუმცა - უშედეგოდ.

სხვათა შორის, საქართველოს მხარემ, აფხაზეთთან უკანონო საზღვაო კავშირის გამო, გარკვეული პრეტენზიები თურქეთსაც წაუყენა. ანკარა აცხადებდა, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს გარკვეული კერძო კომპანიები სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ამყარებენ და რომ ისინი აუცილებლად დაისჯებიან. მართალია, ამის გამო სამაგალითოდ დასჯილი არავინ გვინახავს, მაგრამ საზღვაო სკანდალების თემა ბოლო რამდენიმე თვეა, თითქოს, გარკვეულწილად მიყუჩდა. აქვე ვთქვათ, რომ 2010 წლის გაზაფხულზე წევრ სახელმწიფოებს საგანგებო ცირკულარი დაუგზავნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ, ეგრეთ წოდებულმა აიმომ, რომელიც გაეროს ფარგლებში მოქმედ ორგანიზაციას წარმოადგენს. ამ ცირკულარის საშუალებით თბილისი მოითხოვს უკანონოდ გამოცხადდეს ყველანაირი საზღვაო მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთთან.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქციები მოჰყვება რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თბილისი თავის მოთხოვნაზე შესაბამის პასუხს ელოდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG