Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის ბოლომდე ჯარში გაიწვევენ 3500 წვევამდელს


18 აგვისტოს დაიწყო 18-დან 27 წლამდე 3500 ახალგაზრდის სავალდებულო სამხედრო გაწვევა. გაწვევის პროცესს რეგიონალური მართვისა და განვითარების სამინისტრო კურირებს. საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 30 დეკემბერს დასრულდება. არ შეცვლილა კანონით გათვალისწინებული 2000 ლარის ოდენობის გადასახადიც, რომლის გადახდაც იმ ახალგაზრდებს მოუწევთ, რომლებსაც გაწვევის გადავადება სურთ. სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე, რომლის გაუქმებაზეც თავდაცვის უწყების ჩინოვნიკები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ, არაფერია ნათქვამი თავდაცვის მინისტრის 2010 წლის ხედვაში.

უზრუნველყოფაში პროფესიონალი ჯარისკაცის არსებობას სახელმწიფოს ურჩევნია ჰყავდეს წვევამდელი, რომელსაც ხელფასს არ გადაუხდის და რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს ნორმალურად ...
რეგიონალური მართვისა და განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ისრაელში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ჯარში მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გაიწვევენ. გაწვევის პუნქტები სპეციალური სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება, რათა წვევამდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გამოიკვლიონ. სხვა მხრივ, სავალდებულო სამხედრო გაწვევა ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. წვევამდელებს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების სისტემა მიიღებს. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ უწყებას, რომელსაც გასამხედროებული ნაწილები ჰყავს, საშუალება ეძლევა მომსახურე პერსონალი კონტრაქტით აიყვანოს და აგრეთვე წვევამდელებით შეავსოს ქვედანაყოფები. ამას, მისი თქმით, მარტივი მიზეზი აქვს:

”მაგალითად, უზრუნველყოფაში პროფესიონალი ჯარისკაცის არსებობას სახელმწიფოს ურჩევნია ჰყავდეს წვევამდელი, რომელსაც ხელფასს არ გადაუხდის და რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს ნორმალურად. ამას გარდა, რეზერვზეც ფიქრობენ, რადგან თუ საკონტრაქტო მოსამსახურე ჯარში 4 წლით გაიწვევა და მას, შესაძლოა, კონტრაქტიც გაუგრძელდეს და, საერთო ჯამში, რვა წელი იმსახუროს, გამოვა, რომ რვა წელში ერთი ჯარისკაცი გყავს მხოლოდ, როცა, წვევამდელების შემთხვევაში, რვა წელში რვა ჯარისკაცს გაიწვევ. ანუ ის კონტინგენტი გეზრდება, ვინც სამხედრო ანა-ბანა მაინც იცის.”

სავალდებულო სამხედრო სამსახურს, სესიაშვილის აზრით, გარკვეული სოციალური დატვირთვაც აქვს - ერთი ის, რომ ადამიანს, რომელსაც არ სურს სამხედრო მოსამსახურე გახდეს, ჯართან შეხების შემდეგ სამხედრო სამსახურის მოტივაცია გაუჩნდეს და მეორე - ჯარში ყოფნისას ახალგაზრდას ის თვისებები უყალიბდება, რაც კრიზისის ან საომარი მოქმედებების დროს არის საჭირო. არასაკმარისი ფინანსური რესურსის ფონზე, ექსპერტების ნაწილი ჯარში გაწვევის სისტემის შენარჩუნების მომხრენი რჩებიან. ირაკლი სესიაშვილი იმასაც ამობს, რომ დადგენილი კვოტა - 3500 წვევამდელი წელიწადში - საქართველოსათვის ბევრი არ არის: ”ჩვენს ქვეყანას 18-27 წლის ასაკამდე დაახლოებით 180 000 წვევამდელი ჰყავს და აქედან წელიწადში 3500-ის შერჩევა არც ისე რთულია. ეს არ არის ბევრი, პირიქით, ცოტაა.”

ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიხარჯოს ზედმეტი ფული წმინდა მეორეხარისხოვანი ამოცანების შესრულების დროს ...
სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციით, გაწვეულთა დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროში წავა, სადაც დაცვის ფუნქციებს შეასრულებს, თავდაცვის სამინისტრო კი მათ მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებს. რაც შეეხება კითხვას, რომელიც ხშირად ისმის, უნდა იყოს თუ არა საერთოდ სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოში, ალადაშვილი ფიქრობს, რომ კი, რადგან მთლიანად საკონტრაქტო წესით გაწვეული ჯარი დიდი ფუფუნებაა:

”არასაბრძოლო ამოცანების შესრულება თავისუფლად შეუძლიათ ერთი წლით გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიხარჯოს ზედმეტი ფული წმინდა მეორეხარისხოვანი ამოცანების შესრულების დროს. ცხადია, მე წინააღმდეგი ვარ საომარი მოქმედებების დროს ამ ჯარისკაცების წინახაზზე გადასროლის, მათთვის ზურგშიც საკმარისზე მეტი ამოცანა იქნება შესასრულებელი.”

სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს ახსოვთ 2007 წელს კრწანისის სამხედრო პოლიგონზე გამართული პრეზენტაცია, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ 2009 წლისათვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოში აღარ იარსებებდა, ჯარი კი მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე გადავიდოდა. თავდაცვის მინისტრის 2010 წლის ხედვაში ამ საკითხის შესახებ ვერაფერი ამოვიკითხეთ.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის ერთ-ერთი სახეა სარეზერვო გაწვევაც. ცვლილება კანონში ამ კუთხით ივლისის ბოლოს შევიდა. თუ 2008 წლის ომის შემდეგ რეზერვში გაწვევა დროებით შეჩერებული იყო, ახლა 18 დღიანი სავალდებულო გაწვევა 45 დღით შეიცვალა. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ ეს ევროატლანტიკური სტრუქტურების ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფაა. მისი თქმით, ხელისუფლება, ფაქტობრივად, პროფესიული ჯარის ყოლაზე უარს ამბობს: ”სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყველა რეკომენდაციაზე, რასაც დასავლეთიდან იღებს, თუნდაც ნატოს რეკომენდაციაზე, რომ ჯარი გადავიდეს საკონტრაქტო სისტემაზე. სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ კი კანონში სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ დააბრუნა, ფაქტობრივად, ძველი სისტემა და 18 დღის ნაცვლად ახლა 45 სავალდებულო დღე დაუწესა ყველა მამაკაცს 45 წლამდე. 45 დღე ისედაც არ არის საკმარისი სამხედრო მომზადებისათვის და, ვფიქრობ, ესეც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ფულის მორიგ გათეთრებას ემსახურება.”

ნანუაშვილის სკეპტიციზმს საქართველოს ყველა სოფელში თავდაცვითი რაზმების შექმნის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ამძაფრებს. ის ამბობს, რომ ასეთი სამხედრო პოლიტიკით საქართველომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალი რელსებიდან გადაუხვია.

სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი მინისტრი ნიკოლაიშვილი მედიასთან გაკეთებულ კომენტარში იმასაც ამბობდა, რომ საშემოდგომო გაწვევის დროს აღმოიფხვრებოდა საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში არსებული ხარვეზები. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება, რადგან მინისტრი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG