Accessibility links

logo-print

დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილებას ორი წელი შეუსრულდა


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, მოსკოვი, 14 აპრილი 2010 წელი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, მოსკოვი, 14 აპრილი 2010 წელი

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ, მოგვიანებით კი პარლამენტმა ერთხმად მიიღოეს დსთ-იდან ქვეყნის გასვლის გადაწყვეტილება. რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე? ოფიციალურად დსთ ხომ, პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობათა მარეგულირებელი სტრუქტურაა?

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს: „საქართველო ტოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, საბჭოთა კავშირი აქ აღარასდროს აღარ დაბრუნდება. მოვუწოდებ სხვა წევრებს, უკრაინას და სხვა წევრებს, დატოვონ ეს გაერთიანება, რომელსაც მართავს რუსეთი, რომელიც ყველას დაუკითხავად მართავს ამ გაერთიანებას.“

ყველას მინდა შევახსენო, რომ რუსული ინვესტიცია ჯერ კიდევ არსებობს ქართულ ბაზარზე, ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, თუმცა ამას ხშირად აპროტესტებენ ნაციონალისტურად განწყობილი ქართული ელიტა ...
რამდენიმე დღეში პარლამენტი ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას დსთ-ის დატოვების შესახებ, ერთი წელი ფორმალურ პროცედურებს ხმარდება და 2009 წლის 18 აგვისტოდან პოლიტიკოსები უკვე ოფიციალურად აკეთებენ განცხადებებს დსთ-ის დატოვების თაობაზე. ნებისმიერი ანალიზის გასაკეთებლად და შედეგების დასათვლელად, პირველ რიგში, თავად დსთ-ის უმთავრესი ოფიციალური ფუნქციების გახსენებაა საჭირო. სიმბოლური დატვირთვისა და იმ გავლენების გარდა, რომელსაც ამ გაერთიანებას ხშირად არაოფიციალურად მიაწერენ, დსთ, თავისი დეკლარირებული შინაარსით, პირველ რიგში, ეკონომიკური კავშირების და ქვეყნებს შორის ვაჭრობის მარეგულირებელი სტრუქტურაა.

რა მოუვიდა სავაჭრო კავშირებს საქართველოს დსთ-იდან გასვლის შემდეგ? იმის გამო, რომ ქვეყანამ თანამეგობრობა ოფიციალურად 2009 წელს დატოვა, ძირითადი ცვლილება ამ მიმართულებით 2009-2010 წლებში უნდა მომხდარიყო. თუმცა ამ პერიოდში რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბალანსი, მაგალითად, მხოლოდ ერთი პუნქტით შეიცვალა. ანუ რუსეთი მეხუთედან მეექვსე პოზიციას იკავებს ათ წამყვან ქვეყანას შორის, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკა თანამშრომლობს. ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, 2010 წელს საქართველოს სავაჭრო ბალანსი, ზოგადად, დსთ-ის სივრცეში მყოფ ქვეყნებთან არათუ არ მცირდება, არამედ პირიქით - იზრდება. მოდით, კიდევ უფრო უკან გადავინაცვლოთ - იმ დროისკენ, როცა დსთ-ის დატოვების ოფიციალური გადაწყვეტილება გახმაურდა - და 2008-2009 წლებს გადავხედოთ. რუსეთის პოზიცია საქართველოს საგარეო ვაჭრობაში საერთოდ უცვლელია: მეხუთე ადგილი. ანუ გამოდის, რომ, მტკიცე და ხმამაღალი განცხადებების ფონზე, რეალური სავაჭრო დინამიკა სხვა სურათს გვიჩვენებს.

დსთ-იდან საქართველოს გასვლის ანალიზისას საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს რუსეთის სტრატეგიული ფონდის ხელმძღვანელი ანდრეი არეშევი, რომლის წერილი „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა: "ყველას მინდა შევახსენო, რომ რუსეთის ინვესტიცია ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს ბაზარზე, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, თუმცა ამას ხშირად აპროტესტებენ ნაციონალისტურად განწყობილი ქართული ელიტა და პოლიტიკოსები. მიუხედავად ამისა, იქ ინვესტიციები არის და გარწმუნებთ, მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასე რომ, დსთ-იდან გასვლას რეალური პრინციპული ცვლილებები არ მოჰყოლია."

როცა საუბარია პრინციპულ ცვლილებებზე, რეალურ პოლიტიკაში, ბუნებრივია, ფული იგულისხმება. ის ადამიანი, ვინც დსთ-ში ქვეყნის შეყვანის მომხრეთა სათავეში იდგა - ედუარდ შევარდნაძე - ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თანამეგობრობაში შესვლის მიზეზად სწორედ ფულს ასახელებს. მისი თქმით, 1993 წლისთვის, როცა ქვეყანამ დსთ-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, "ეკონომიკა იყო დანგრეული, საქართველო იყო გაჩანაგებული. ასეთ პირობებში ეკონომიკური ინტერესი ყოველთვის წინა პლანზე გამოდის. და ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დესეთესთან დაკავშირება - უფრო მეტად რუსეთთან დაკავშირება - ხელს შეგვიწყობდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში."

რამდენად მოხერხდა დსთ-ში ინტეგრაციით ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შექმნა? შედარებისთვის: ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც, საერთოდ, არც შედიან და არც გამოდიან დსთ-იდან, ეკონომიკური თვალსაზრისით ან, თუნდაც, ევროინტეგრაციის მხრივ, საქართველოზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან. და სწორედ აქ აშკარავდება ის, რაც წლების მანძილზე დსთ-ის ხსენებისას ოფიციალურ დისკურსში იგულისხმება: იმპერიალისტური გავლენების შესანარჩუნებელი მანქანა. ბევრი იმედოვნებს, რომ თანამეგობრობის დატოვება არა ეკონომიკური და პრაგმატული, არამედ უფრო სიმბოლური განაცხადია ქვეყნისა მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ამას გულისხმობდა ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი ვასილ ჭყოიძე, როცა ერთი წლის წინ, 18 აგვისტოს, რადიო თავისუფლების დილის ეთერში ამბობდა:

მესმის ფსიქოლოგიურად ოსეთის ომის შემდეგ საქართველოს სურვილი გამოვიდეს დესეთედან, თუმცა რეალურად ამით საქართველო ეკონომიკურად აგებს, რადგან ის უპირისპირდება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ...
"მე ველოდები, თუ, რა თქმა უნდა, ეს არგუმენტი ჩვენმა დიპლომატიამ კარგად გამოიყენა, ის, რომ ჩვენ დავტოვეთ დსთ და ქართული საზოგადოება ამ სივრცეს არ აღიარებს თავის სამყოფელ ადგილად, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ სვლას იმ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ... თუმცა, ბუნებრივია, ეს ავტომატურად არ მოხდება, ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა."

როცა ქვეყნის ძალისხმევაზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში შვედი პოლიტიკოსი პერ გარტონი საუბრობდა, ის, პირველ რიგში, ეკონომიკაზე აქცენტების დასმას, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას და დასავლეთთან - პირველ რიგში კი, დასავლურ ბაზრებთან - ამ გზით დაახლოებას გულისხმობდა და არა მხოლოდ სიმბოლურ განაცხადებს. პირიქით, გარტონის აზრით, სიბრაზით გამოწვეული სიმბოლიზმი ქვეყნის რეალურ მდგომარეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს.

„მესმის ფსიქოლოგიურად ოსეთის ომის შემდეგ საქართველოს სურვილი, გამოვიდეს დსთ-იდან, თუმცა რეალურად ამით საქართველო ეკონომიკურად აგებს, რადგან ის უპირისპირდება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც - და ესაა თქვენი ბაზრები. როცა საქართველომ დაკარგა რუსეთის ბაზარი, მან სცადა მისი სხვა ბაზრებით ჩანაცვლება, თუმცა, მაგალითად, ევროპულ ბაზარზე შესასვლელად თქვენ გაცილებით დიდი დრო დაგჭირდებათ. ამიტომ უახლოეს მომავალში საქართველომ ბაზრები აქ, ამ რეალობაში, უნდა ეძიოს. დასავლეთი მოგვიანებით მოვა. ჩვენ გლობალიზაციის პროცესში მყოფ სამყაროში ვცხოვრობთ."

გლობალიზაციის პროცესში კი ნომერი პირველი განაცხადი, ბუნებრივია, არა პოლიტიკური ლოზუნგები, არამედ რეალური, კონკურენტუნარიანი შრომითი და ინტელექტუალური პროდუქციაა. საქართველო კი, ოფიციალური რიცხვების მიხედვით, ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიგშია, რომლებიც ბაზრებზე გასვლას ცდილობენ არა რაიმეს შექმნით, არამედ რესურსების პრიმიტიული მოხმარებით. ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ნედლ მასალებს უკავია. თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ და ფორმალურ მხარეს მივუბრუნდეთ, საქართველო დსთ-იდან რეალურად ჯერ არც გამოსულა, მიაჩნია „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელს პაატა შეშელიძეს.

„არაფერიც არ შეცვლილაო“, ამბობს ექსპერტი და იმ ასზე მეტ ხელშეკრულებას გულისხმობს, რომლებიც საქართველომ დსთ-ში ყოფნისას გააფორმა.
XS
SM
MD
LG