Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოენგრინი


რიხარდ ვაგნერი
რიხარდ ვაგნერი
ვაგნერის მთელი შემოქმედება შესაძლებელია პირობითად სამ თემატურ ერთობლიობად დავყოთ. შეიძლება ითქვას, ვაგნერი, როგორც გოეთე ფაუსტს, მთელი ცხოვრება სწორედ ამ სამ თემას დაატარებდა. ეს არის პარციფალის, მისი შვილი ლოენგრინის და გრაალის თემა, ცოდვების გამოსყიდვის თემა, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული ელემენტი და ნიბელუნგის ამბავი - ძალაუფლების თემა.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ვაგნერის მუსიკალური დრამების ლიბრეტოები სრულიად განსხვავებული იყო მისი თანამედროვე კოლეგა-კომპოზიტორების ოპერებისგან. იმ პერიოდის ოპერების უმეტესობა დაფუძნებული იყო აღორძინების ხანისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე, რაც უინტერესო იყო ვაგნერისთვის, რომელიც თავად იყო ყველა თავისი ოპერის ლიბრეტოს ავტორი. მისთვის ტექსტს არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მუსიკას.

ვაგნერის, როგორც კომპოზიტორის, აღიარება მისი ოპერით ”ლოენგრინი” დაიწყო. ლეგენდა ლოენგრინზე მოგვითხრობს განკაცებულ ანგელოზზე - ბრაბანტელი ელზას დასახსნელად გრაალის სამეფოდან მოსულ რაინდზე. ბრაბანტელი ტელრამუნდი და მისი ჯადოქარი ცოლი ორტრუდი ელზას საკუთარი უმცროსი ძმის, ბრაბანტის ჰერცოგის მოკვლას აბრალებენ. მეფე ჰაინრიხ ფოგელვაიდე მოუწოდებს ბრაბანტელ რაინდებს, დაიცვან ელზას სიმართლე, თუმცა იქვე ამასაც ბრძანებს: თუკი ელზას დასაცავად გამართულ ბრძოლაში ტელრამუნდი გაიმარჯვებს, მაშასადამე ელზას დასჯა ღმერთის ნება ყოფილა. ვერცერთი რაინდი ვერ ბედავს ტოლრამუნდის წინააღმდეგ გამოსვლას, რადგან ეს უკანასკნელი მათ შორის ყველაზე ძლიერია. როდესაც სასოწარკვეთილ და ყველასგან მიტოვებულ ელზას გადარჩენის იმედი ეწურება, მის საშველად მოდის რაინდი, რომელიც გედს მოჰყავს. ეს რაინდი ლოენგრინია.

ლოენგრინი ამარცხებს ტელრამუნდს და ცოლად მოჰყავს ელზა, თუმცა პირობას უყენებს მას: ელზამ არასდროს უნდა ჰკითხოს, თუ საიდან არის იგი და რა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ელზა პირობას აძლევს ლოენგრინს, ორტრუდის შეგონებით ჯვრისწერის შემდეგ ის მაინც თხოვს, გააცხადოს თავისი ვინაობა. მაშინ ლოენგრინი მთელი ბრაბანტის გასაგონად ამბობს, რომ ის გრაალის სამეფოდანაა მოსული, რომ მისი მამა გრაალის მეფე პარციფალია და თავად მას კი ლოენგრინი ჰქვია. ამის განცხადების შემდეგ ლოენგრინი კარგავს უფლებას დარჩეს ადამიანებთან, რადგან ადამიანებს არ უნდა სცოდნოდათ, რომ მათ შორის ანგელოზია. თუმცა წასვლის წინ ის კიდევ ერთ სასწაულს სჩადის: ადამიანად აქცევს გედს, რომლითაც იგი მოვიდა და რომელიც ჯადოქარ ორტრუდის მიერ მოჯადოებული ელზას უმცროსი ძმა, ბრაბანტის ჰერცოგი ყოფილა.

”ლოენგრინი” პირველად ფერენც ლისტმა, ვაგნერის შემოქმედების უპირველესმა პროპაგანდისტმა შეასრულა ვაიმარში. ეს ოპერა, შეიძლება ითქვას, საბედისწერო აღმოჩნდა კომპოზიტორისთვის - ”ლოენგრინმა” იხსნა ვაგნერი დევნილობისა და შესაძლებელია, სიკვდილისგანაც კი - ბავარიის ახალგაზრდა მეფე ლუდვიგ მეორე სწორედ ”ლოენგრინის” გამო იქცა ვაგნერის თაყვანისმცემლად და გერმანიიდან გაძევებულ უსახსროდ დარჩენილ ვაგნერს თავშესაფარი მისცა თავის სამეფოში.

იონას კაუფმანი
ბაიროითის წლევანდელ ფესტივალზე ლეონგრინის პარტიას თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტენორი, იონას კაუფმანი ასრულებს. ახლა სწორედ მისი შესრულებით მოგასმენინებთ ფრაგმენტს ლოენგრინის ცნობილ არიიდან - მონათხრობს გრაალის შესახებ.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG