Accessibility links

logo-print

რა კავშირი აქვს ქვით ჩაქოლვას შარიათის კანონებთან ავღანეთში?


მუსლიმანმა სასულიერო პირებმა და სწავლულებმა დაგმეს ცოლქმრულ ღალატში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა წყვილის ქვით ჩაქოლვის შემთხვევა ავღანეთში. ახალგაზრდა წყვილს ასეთი სასიკვდილო განაჩენი ადგილობრივმა თალიბებმა 15 აგვისტოს გამოუტანეს. ამ შემთხვევამ ავღანეთში ცხარე დებატები გამოიწვია შარიათზე აგებული კანონების ინტერპრეტაციის ირგვლივ, რითაც რადიკალურად განწყობილი ისლამისტები ჩაქოლვის მეთოდს ამართლებენ.

ისლამისტური აკრძალვებისა და შარიათის თანახმად, ადამიანს მხოლოდ მაშინ შეიძლება დაედოს ბრალი ცოლქმრულ ღალატში, თუკი ქალის ან კაცის დანაშაული ოთხ განსხვავებულ შემთხვევაშია ჩადენილი ...
გასულ კვირაში 350 ისლამისტი სასულიერო პირი შეიკრიბა ქაბულში და ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის (ჰუდუდის) ამოქმედება მოითხოვა. ამასთან, ავღანეთის მოქმედ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს შარიათს. თუმცა პრობლემას სწორედ ის ქმნის, თუ რამდენად მკაფიოდ ადგენს შარიათი სპეციფიკურ ნორმებს და ეთიკურ კოდექსს იმ რთული ტრადიციების გათვალისწინებით, რომლებიც მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევიან.

მაულვი აბდულ ნასირმა, წამყვანმა სასულიერო პირმა დაშთე არჩიდან, სადაც 15 აგვისტოს წყვილი ჩაქოლეს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი განაჩენის გამოტანა შარიათის წესებს ეწინააღმდეგება:

„ისლამისტური აკრძალვებისა და შარიათის თანახმად, ადამიანს მხოლოდ მაშინ შეიძლება დაედოს ბრალი ცოლქმრულ ღალატში, თუკი ქალის ან კაცის დანაშაული ოთხ განსხვავებულ შემთხვევაშია ჩადენილი და თუკი ოთხი მოწმე მაინც დაადასტურებს დანაშაულის ჩადენას. ამის გარეშე, მათი აღიარებაც კი არ ითვლება მტკიცებულებად. ამავე დროს, ყველა მოწმე უნდა სარგებლობდეს ჭეშმარიტი რეპუტაციით და არასოდეს უნდა ჰქონდეს ჩადენილი რაიმე უკეთურება.“

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 18 აგვისტოს დაგმო თალიბების ბრძანებით განხორციელებული ქვით ჩაქოლვით სიკვდილით დასჯა ყუნდუზის პროვინციაში. ადგილობრივმა თალიბებმა ახალგაზრდა წყვილს ასეთი სასტიკი განაჩენი ცოლქმრული ერთგულების ღალატის გამო პროვინციის ერთ-ერთ სოფელში გამოუტანეს. ჰამიდ კარზაიმ წყვილის ჩაქოლვას „უპატიებელი დანაშაული“ უწოდა და განაცხადა, „რომ ასეთი გადაწყვეტილება შეუთავსებელია ზოგადსაკაცობრიო და ისლამისტურ პრინციპებთან“.

მაულვი სიდდიყულა მუსლიმი, ავღანეთის უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა შარიათის კანონებსა და ავღანეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს შორის. საქმე მხოლოდ ისაა, თუ ვინ აღასრულებს ისლამისტურ კანონებსო, - ამბობს მეცნიერი.

„ისლამისტმა სწავლულებმა მრავალწლიანი დებატების შემდეგ დაადგინეს, რომ, ისლამური კოდექსის (ჰუდუდის) თანახმად, ყველა საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, განსახილველად უნდა გადაეცეს სახელმწიფო ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებს და მათ უნდა გამოიტანონ შესაბამისი გადაწყვეტილება.“

ამ აზრს ეთანხმება ასევე კაიროს უნივერსიტეტის შარიათის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი ჰამიმ მოჰამედ აბუ ტალიბი, რომელიც ამბობს, რომ გასამხედროებულ ჯგუფებს არავითარი უფლება არა აქვთ დასაჯონ ადამიანი სიკვდილით მაშინაც კი, თუკი მისი დანაშაული დადასტურებულია. ამასთან, სიკვდილით დასჯის ისლამური კოდექსი, შესაძლოა, მხოლოდ იმ ქვეყანაში ამოქმედდეს, სადაც, პროფესორ ტალიბის თქმით, „სიტუაცია სტაბილურია, მოქალაქეები და მათი ქონება დაცულია, ხოლო ეკონომიკა იძლევა გარანტირებულ საარსებო საზრდოს.“

ნიშანდობლივია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც დაამხეს, თალიბების რეჟიმმა პირველად გასცა ქვით ჩაქოლვის ბრძანება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თალიბანი, რომელიც სიკვდილით დასჯის ამ მეთოდს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხშირად მიმართავდა, ქვით ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის აღდგენას მოსახლეობაში შიშის დასანერგად გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG