Accessibility links

logo-print
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 6,5%-ის დონეზე დატოვა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ბანკის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ძირითადად საბაზისო ეფექტის გავლენის შედეგია. არსებული პროგნოზებით ივლისში ინფლაციის ზრდა დროებითი მოვლენაა და მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ფულადი გზავნილებით სავალუტო შემოდინებები. მარტო ივლისში ამ მაჩვენებელმა 81 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით მეტია. როგორც მოსალოდნელი იყო, ივლის-აგვისტოში დაფიქსირდა ტურიზმის ექსპორტიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორბლის საერთაშორისო ფასი, თუმცა უკანასკნელი კვირის განმავლობაში ხორბლის ფასმა ზრდა შეწყვიტა. ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული ზრდის ტენდენცია ჰქონდა აგრეთვე შაქრის ფასს მსოფლიო ბაზრებზე, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში შაქრის ფასიც დასტაბილურდა.

თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით კაპიტალის შემოდინების ტემპი. ამიტომაც მთავრობა ახალი საბიუჯეტო სახსრების მობილიზებას ცდილობს. ამ მხრივ ერთ-ერთი სიახლე ახალი საპრივატიზებო ობიექტების გამოჩენაა. ამ ეტაპზე საუბარია 10 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე, მათ შორის სამართლის, მორფოლოგიის, მეცხოველეობის, მიწათმოქმედებისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტების შენობებზე, რომლებიც უპირატესად ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს და მათი მაღალ ფასად გაყიდვის ალბათობა მეტია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ინსტიტუტები 4 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს მიუერთდება, გამოთავისუფლებული შენობები კი გაიყიდება.

საპრივატიზაციოდ მზადდება ის შენობებიც, საიდანაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დევნილები მასობრივად გამოასახლეს. მათი უმეტესობაც ქალაქის ცენტრშია და სავარაუდუდ მაღალ ფასად შეიძლება გაიყიდოს. წლის ბოლომდე ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზებო შემოსავლებიდან 170 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახერხოს. თუმცა, წლის პირველ ნახევრში ბიუჯეტში მხოლოდ 36 მილიონი ლარი შევიდა, რაც პრივატიზაციის გეგმას, შარშანდელის მსგავსად, ჩავარდნის საფრთხის წინაშე აყენებს.
XS
SM
MD
LG