Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითისა და ბროვცევის დაპირისპირების ახალი ფაზა


ვადიმ ბროვცევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (მარცხნიდან პირველი) და ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი (მარცხნიდან მეორე)
ვადიმ ბროვცევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (მარცხნიდან პირველი) და ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი (მარცხნიდან მეორე)
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მომუშავე რუსმა სპეციალისტებმა ედუარდ კოკოითი და მისი გარემოცვა კორუფციაში დაადანაშაულეს. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, მომჩივანებმა გენპროკურატურაში შესაბამისი მასალები უკვე შეიტანეს.

ცხინვალში საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე მომუშავე სახელმწიფო უნიტარული კომპანიის ექსდირექტორ ისმაგილ კარიმოვის განცხადებით, მასალები სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება.

თავის მხრივ, კარიმოვს კოკოითი ადანაშაულებდა კორუფციული სქემების აწყობაში. მასზე ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, მაგრამ კარიმოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის დატოვება მოასწრო.

რამდენიმე თვის წინ კოკოითიმ ბროვცევის მიერ ჩამოყვანილი დაბალი რანგის მოხელეების დაკავება შეძლო, მაგრამ მოგვიანებით ისინი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილები მალე მოსკოვში აღმოჩნდნენ და კოკოითის ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყეს. კარიმოვის განცხადებით, კოკოითის გარემოცვიდან მას აფეთქებითაც ემუქრებოდნენ.

ახალგორის ლუდის ქარხანა "ალუტონის" დირექტორი რუსლან შარიპოვი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რაიონში ლუდის ქარხანა აღადგინა და ქარხნის პროდუქციამ სამხრეთ ოსეთის ბაზრის 70% დაფარა, მასზე და მისი გუნდის წევრებზე მორალურის გარდა, ფუზიკური ზეწოლის განხორცილებაც დაიწყეს. კარიმოვის მსგავსად, კოკოითის წინააღმდეგ რუსეთის გენპროკურატურაში სარჩელი შარიპოვმაც შეიტანა.

რუსი სპეციალისტები ედუარდ კოკოითისა და მის გარემოცვას მოსკოვიდან მიღებული თანხების არასწორად განაწილებასა და თანხების მითვისების მიზნით კორუფციული სქემების შექმნაში ადანაშაულებენ.

თავის მხრივ, კოკოითიმ კორუფციული სქემების შექმნაში რუსეთის რეგიონების განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი დაადანაშაულა, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღდგენის მთავრობათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს. კოკოითი ამტკიცებს, რომ კორუფციული სქემების შექმნაში პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევის გარემოცვაც აქტიურად მონაწილეობდა.

კოკოითის და ბროვცევის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენისთვის სამხრეთის დირექცია შექმნა. ფინანსური დახმარება ცხინვალში ამ დირექციის გავლით მიდიოდა. ფულს კი რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი და ბროვცევის გუნდი აკონტროლებდა. კოკოითის ფინანსურ რესურსებზე ხელი აღარ მიუწვდებოდა, ამიტომ მან სამხრეთის დირექცია, რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან შეხვედრისას, არაეფექტურ მუშაობაში ამხილა და მისი გაუქმება მოითხოვა. გარდა ამისა, კოკოითი საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდა და ბროვცევის ეკონომიკური გუნდის გათავისუფლებით დაიმუქრა.

ამ განცხადების შემდეგ აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა ბროვცევის გუნდიც - რუსეთში პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე აწყობენ და რუსული მედიის ყურადღებას იქცევენ. თავის დროზე, სამხრეთის დირექცია იმის გამო შეიქმნა, რომ კრემლის მიერ ომის შემდეგ პირველად გამოყოფილი 2 მილიარდი რუბლიდან ნახევარი მილიარდი უკვალოდ გაქრა. სწორედ ამ დროს ცხინვალში ჩელიაბინსკიდან ბროვცევი გააგზავნეს და მთელი ფინანსური დახმარება მის ხელში მოაქციეს. კოკოითი კი დღემდე ვერ ურიგდება ფინანსურ რესურსებზე კონტროლის დაკარგვას და სამხრეთის დირექციის გაუქმებას დაჟინებით მოითხოვს.

ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ რუსულ ფინანსურ დახმარებას იპარავდა როგორც კოკოითის გუნდი, ასევე - ბროვცევის გარემოცვაც.

კოკოითის და ბროვცევის დაპირისპირება კრემლმა ერთხელ უკვე გაანელა და დე ფაქტო ლიდერს მიანიშნა, რომ პრემიერი ბროვცევი ხელშეუხებელია. კოკოითიმ ბროვცევისთვის მისი გარემოცვის ჩამოცილება გადაწყვიტა, სამაგიეროდ, რუსეთის გენპროკურატურაში საჩივარი მიიღო. დაპირისპირება გრძელდება და კრემლს კიდევ ერთხელ მოუწევს ამ კონფლიქტში ჩარევა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კოკოითიმ ცოტა ხნის წინ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროსაც მოითხოვა სხვა რუსი მოხელეებით ბროვცევის გუნდის ჩანაცვლება. როგორი იქნება მედვედევის პასუხი, ეს მალე გაირკვევა.

გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, რუსეთის გენპროკურატურაში კოკოითის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას მალე შეუდგება.
XS
SM
MD
LG