Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 19 აგვისტო 2010


”რაზე ისაუბრეს ბურჯანაძემ და ბესელიამ?” - ამ კითხვას დღეს ”რეზონანსი” პირველ გვერდს უთმობს. ეკა ბესელია,ხელმძღვანელი მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს მართავს. ბესელია ამბობს, რომ მათი საუბრის თემა სახალხო წარმომადგენლობითი კრებაა. ის აცხადებს, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრების იდეას მხარს უჭერს და მის საორგანიზაციო ჯგუფთანაც თანამშრომლობს: ”რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, ამაზე ახლა დაწვრილმანება, ვფიქრობ, ნაადრევია. ეს კონსულტაციების ფორმატი ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ მომზადდეს შეხვედრები”, - ამბობს ბესელია ”რეზონანსთან” ინტერვიუში. ნინო ბურჯანაძე კი ”რეზონანსთან” საუბრისას კრების მთავარ მისიას განმარტავს: ”ამ კრების ამოცანაა, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ რეალობაზე და შემდეგ უკვე თავად გადაწყვიტოს ხალხმა, რა სურს მას.”

კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღეს ”რეზონანსი” აშუქებს, პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას ეხება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქალაქად მცხოვრებლებს უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე სოფლის მოსახლეობას. კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, როცა ყველაფერი გაძვირებულია, და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოს მძიმე ზამთრის ასაცილებლად, არ არსებობს. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ექსპერტებს ხალხისთვის რჩევის მიცემა უჭირთ, - წერს პუბლიკაციის ავტორი, რომელიც ეკონომიკის ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას სპეკულაციური ფასების ზრდა: „მოსახლეობისათვის რჩევის მიცემა გამიჭირდება. როგორც წინა პერიოდი, წლევანდელი შემოდგომა-ზამთარიც არასახარბიელო იქნება. სურსათის გაძვირებას კომუნალური ხარჯებიც დაემატება და ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ”, - ამბობს ხუხაშვილი ინტერვიუში.

”ყველა სიახლე” ჯერაც არგანელებულ უნივერსიტეტის თემას უბრუნდება და აქვეყნებს ინტერვიუს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ მერაბ ჯიბლაძესთან: ”მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნებოდა უნივერსიტეტის რექტორი - პიროვნება ბევრს არაფერს წყვეტს. ხუბუამ გააკეთა ის, რაც უბრძანეს - დაანგრია უნივერსიტეტი. ახლა კი მოვა ახალი ხუბუა და რაც დარჩა გასაყიდი, მათ შორის უნივერსიტეტის კორპუსები, ყველაფერს გაყიდის. სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი უკვე გამზადებულია გასაყიდად. იქ ისეთი რემონტი ჩაატარეს, რომ ზარი არასდროს დაირეკება. ყველა აუდიტორია და კაბინეტი მოშლილია. ვითომ საკონფერენციო კორპუსად გადააქციეს”, - ამბობს მერაბ ჯიბლაძე ინტერვიუში.

”რუსეთი დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლას ცდილობს”, - წერს ”24 საათი”. ხანძარში გახვეული რუსეთი დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად ალტერნატიულ გზებს ეძებს. ერთ-ერთ ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთიც მოიაზრება. მართალია, ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაროსლავისა და ნიჟნი ნოვგოროდის დაზარალებულ მცხოვრებლებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაასახლებენ. ოფიციალური თბილისის განმარტებით, კრემლი რუსული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ცდილობს გააღიზიანოს საქართველო. ქართული მხარის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ინფორმაცია რეალურად არ განიხილება, ეს პიარ-ელემენტის ნაწილია: ”სამართლებრივად, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული, რადგან ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. არავის აქვს უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეცვალოს დემოგრაფიული მდგომარეობა”, - აცხადებს გაზეთ ”24 საათთან” საუბრისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.

გაიმართება თუ არა 26 აგვისტოს გეი-აღლუმი? ეს კითხვა უკანასკნელ პერიოდში ფართო განხილვის საგნად იქცა. როგორც ”ახალ თაობასთან” საუბარში ”კონსერვატორი” კახა კუკავა ამტკიცებს, ფაქტია, რომ მზადება გეი-აღლუმისათვის აქტიურად მიმდინარეობს: ”რაც შეეხება იმას, რომ აღლუმის შესახებ დადასტურებულ ინფორმაციას არ ავრცელებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრის ზომბირება. თუ იქნება მძაფრი რეაქცია, მაშინ აღლუმი გადაიდება ოქტომბრისათვის; თუ იქნება ისე რა რეაქცია, მაშინ ჩატარდება აგვისტოში”, - ამბობს კუკავა ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG