Accessibility links

logo-print

საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის მიზეზი ძუძუს კიბოა


პაპილომა ვირუსის მიკროსკოპული გამოსახულება

პაპილომა ვირუსის მიკროსკოპული გამოსახულება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტ Survive-ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის, ანუ 15-დან 49 წლამდე ქალთა 45%ის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე სიკვდილის მიზეზებს შორის საგზაო შემთხვევებია, მესამეზე კი - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

პროექტს, რომელიც საქართველოში USAID-ისა და 20-მდე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით 2009 წლიდან ხორციელდება,სახელად Survive, ანუ „გადაარჩინე“, ჰქვია. სწორედ მის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელმაც, როგორც მისი ავტორები განმარტავენ, დაამსხვრია აქამდე დამკვიდრებული სტერეოტიპი, თითქოს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბო მხოლოდ ხანში შესულ ქალებს ემართებოდათ. კვლევის მთავარი შედეგების შესახებ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მთავარი მრჩეველი, „ჯი ეს აის“ კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო ბერძული მოგვითხრობს:

”ამ კვლევამ აჩვენა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის ძუძუს კიბო და მეორე ადგილზეა საშვილოსნოს კიბო და საუბარია 15-დან 49 წლის ასაკის ქალებზე. ეს მეტად სამწუხარო ფაქტია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი თითქმის აღარავინ იღუპება. ჩვენთან ამ დაავადების ნაადრევი გამოვლენაც არ ხდებოდა აქამდე, რადგან ინფორმაცია არ არსებობდა.”

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 400–ზე მეტი ოჯახის ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ტექნიკური დახმარება გაეწია საქართველოში მოქმედ სკრინინგ ცენტრებს და ჩატარდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცოდნის ამაღლებისკენ მიმართული რამდენიმე კამპანია.

სკრინინგ ცენტრებიც ამ დიდი პროგრამის ნაწილია, მათი მთავარი დანიშნულება კი დაავადების დროულად გამოვლენაა.სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც თბილისში ქალებს მიეცათ შესაძლებლობა უფასოდ ჩაეტარებინათ გამოკვლევები, მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. სკრინინგის პროგრამა, რომელიც ქალების უფასო გამოკვლევას ითვალისწინებს, უკვე ორი წელია არსებობს და, როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა გვეუბნება, დიდი შანსია, რომ ამ პროგრამის დაფინანსება 2011 წელსაც გაგრძელდეს. თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ ქალს შეუძლია მიმართოს სკრინინგ ცენტრს და თავი დაიზღვიოს.

”ყველა ქალბატონს უტარდება მამოგრაფია და ყველა საჭირო გამოკვლევა და უდგინდება დიაგნოზი. და ეს გამოკვლევები არის სრულიად უფასო”, - ამბობს რემა ღვამიჩავა. მისი ინფორმაციით, გამოკვლევის შესაძლებლობა უკვე აქვთ ქალბატონებს აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში. მომავალ წელს კი პროგრამაში შიდა ქართლი და სამეგრელოც ჩაერთვება. რემა ღვამიჩავა გამოყოფს ორ მთავარ მიზეზს, რის გამოც საქართველოში ძუძუს კიბოს ასეთი მაღალი მაჩვენებელი არსებობს. პირველი არაინფორმირებულობაა, მეორე კი -გამოკვლევების ხელმიუწვდომლობა. როგორც წესი, ქართველი ქალების უმრავლესობა ექიმს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ხოლმე.

მანანა კენჭაძე სკრინინგ ცენტრამდე ზუსტად იმ გზით მივიდა, რომლითაც ასობით სხვა ქართველი ქალი: ჯერ მეგობრები მივიდნენ გამოკვლევაზე და შემდეგ, როგორც იტყვიან, ყოველი შემთხვევისთვის, სკრინინგ ცენტრს მანაც მიაკითხა:
”ტკივილიც კი არ მქონია, უბრალო დისკომფორტი მქონდა ხოლმე და გულს ვაბრალებდი. სრულიად შემთხვევით მივედი, მეგობრებს წავყევი და ავთვისებიანი სიმსივნის პირველი სტადია დადგინდა. რომ არა ეს გამოკვლევა, ვერც გავიგებდი, როგორ წავიდოდა პროცესი. მართალია, მე პედაგოგის პოლისით ჩავიტარე ოპერაცია, მაგრამ მანამდე ყველა გამოკვლევა უფასო იყო.“

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 7000 შემთხვევა ვლინდება. აქედან 1200 სწორედ ძუძუს კიბოა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG