Accessibility links

მთავარია ადამიანი, ანუ მსოფლიო ჰუმანიტარული დღე


ჰუმანიტარული თანადგომის საერთაშორისო დღის პოსტერი

ჰუმანიტარული თანადგომის საერთაშორისო დღის პოსტერი

მსოფლიო - უკვე მეორედ - საერთაშორისო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს. გაეროს ეს ინიციატივა, პირველ რიგში, იმ ადამიანთა სახელებისთვის პატივის მისაგებად ამოქმედდა, რომელთაც თავი სხვების დახმარებას შესწირეს. ამ დღესთან დაკავშირებით გაეროს შენობაზე ჟენევაში უზარმაზარი ბანერი გამოიფინა.

“ყოველდღე ჩვენ ვებრძვით ომს, ავადმყოფობას, შიმშილს და ძალადობას ქალების წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ საშიშ გარემოში, მაგრამ არ ვატარებთ იარაღს. ჩვენ ვართ მფრინავები, მკვლევარები, მძღოლები, მასწავლებლები, ჩვენ ვართ ჰუმანიტარული მუშაკები” – ესაა ფრაგმენტი მსოფლიო ჰუმანიტარული დღისადმი მიძღვნილი კლიპიდან: ადამიანები, სლოგანებით ხელში, სხვადასხვა გარემოში, ბავშვების სახეები, უზარმაზარი ტილო ბრიუსელში, გაეროს შენობაზე, და ბან კი მუნის მიმართვა ხალხისადმი.

ეს ადამიანები ატყობინებენ ყველას, რომ სოლიდარობას უცხადებენ მათ, ვინც იტანჯება. ისინი ადამიანის ბუნების საუკეთესო მხარეს გამოხატავენ, მაგრამ სახიფათო სამსახურში არიან - ეს სამსახური მათ ხშირად ძალიან ძვირად უჯდებათ.

სხვადასხვა მონაცემებით, ჰუმანიტარულ მისიებში დაღუპული ადამიანების რიცხვი 1999 წლიდან 2009 წლამდე სამასამდე პროცენტით გაიზარდა და, სულ, შვიდასამდე კაცი შეადგინა. მონიშნეთ კალენდარი -19 აგვისტო უკვე მეორე წელია ამ ადამიანებს და მათ საქმიანობას ეძღვნება. წლევანდელი ლოზუნგია:

”არ ისროლო, მე ჰუმანიტარული მუშაკი ვარ…”

თუმცა ამ ადამიანების მოქმედებაში სხვა იდეაც იკვეთება. გაეროს ამ დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: 1)ადამიანურობა - მიზანი ჰუმანიტარული მოქმედებისა, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაა, მისი ღირსების დაცვა. 2)ნეიტრალურობა - ჰუმანიტარულმა მუშაკმა არ უნდა დაიჭიროს ვინმეს მხარე ან ჩაერიოს პოლიტიკურ, რელიგიურ და იდეოლოგიურ კონფლიქტში. 3)მიუკერძოებლობა- ჰუმანიტარული მუშაკი უნდა მოქმედებდეს ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე, არ უნდა ჰქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა ნაციონალობის, რელიგიის, კლასის, პოლიტიკური შეხედულების მიმართ. 4)დამოუკიდებლობა - ჰუმანიტარული მუშაკი შორს უნდა იდგეს ყოველგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო გავლენებისგან.

ალბათ, სწორედ ამიტომ ესხმიან თავს ამ ადამიანებს არამარტო სიტყვიერად - ხშირად მათი სიცოცხლეც საფრთხეშია. ამისდა მიუხედავად, ჰუმანიტარული საქმიანობა, ბევრი მკვლევარის აზრით, მაინც პოლიტიკურ ელფერს ატარებს. ფრაგმენტი სტატიიდან, რომელიც 1988 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „ბიზნესი და ეკონომიკა“:

„ჰუმანიტარული დახმარება სულ უფრო და უფრო კარგავს თავის პირველად მნიშვნელობას როგორც დახმარება, რომელიც მიუკერძოებლად უნაწილდება მათ, ვინც ამას საჭიროებს. ჰუმანიტარულ დახმარებას ხშირად პოლიტიკური ან რელიგიური მოტივები აქვს, ან მიზნად ფულის კეთებას ისახავს.“
მსოფლიო ჰუმანიტარული დღის ოფიციალური პლაკატი

პოლიტიკა? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს მიმართავს. დღის წესრიგში პაკისტანში ამჟამინდელი წყალდიდობაა - ათ მილიონზე მეტი ადამიანი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. შეკითხვა დარბაზიდან:

„ინდოეთმა წინა კვირას პაკისტანს ხუთი მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება შესთავაზა. პაკისტანს ამ დახმარების მიღება არ სურს. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკა და დიპლომატია უნდა იდგეს წინ მაშინ, როცა ასობით ათასი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია?“

სანამ პასუხს შევიტყობდეთ, ალბათ, უნდა დავამატოთ, რომ ინდოეთ- პაკისტანს შორის ურთიერთობა არცთუ საუკეთესოა, ამერიკული ფული კი სწორედ ინდოეთის გავლით ცდილობს პაკისტანში ჩაღწევას. შეკითხვას ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის წარმომადგენელი ფრენკ რუგერო უპასუხებს:

„მე ვფიქრობ, პრიორიტეტი პაკისტანელი ხალხია. ამიტომ ჩვენ დავიყოლიებთ პაკისტანის მთავრობას, რომ მიიღოს ეს დახმარება.“

„შეგიძლიათ გაიმეოროთ, რაც ახლა თქვით?“

საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ კროული ერთვება:

„აქ იგულისხმება, რომ უბედურებით გამოწვეულ რეაქციაზე საუბრისას პოლიტიკა არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს. არის ქვეყანა, რომელსაც სურს დაეხმაროს პაკისტანს და ჩვენ ველით, რომ პაკისტანი ამ დახმარებას მიიიღებს.“

ეს სიტუაცია, უბრალოდ, განსჯისათვის შეგახსენეთ. მოდით, სხვა სიტუაციაც გავიხსენოთ, ჩვენთვის უფრო ახლობელი. გავიხსენოთ ტომას ჰამარბერგი, ადამიანი, რომელიც ტყვეების დასახსნელად კონფლიქტის ორივე მხარეს ხშირად გვინახავს. ყველას გვახსოვს, როგორ აკრიტიკებდნენ მას პარლამენტში, მთავრობაში, ხშირად, ალბათ, სწორედ იმის გამო, რომ მას არც ერთი მხარის პოზიცია არ ეკავა. გავიხსენოთ ასევე დასკვნა, რომელიც საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და სადაც უმთავრეს პრობლემად სწორედ პოლიტიკის და არა ადამიანის წინა პლანზე წამოწევა დასახელდა. კრიზისის ჯგუფის დასკვნით, მხარეები ერთმანეთს, უბრალოდ, უკრძალავენ მათი ტერიტორიებიდან კონფლიქტურ ზონებში გრძელვადიანი ჰუმანიტარული თუ სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შესვლას, რაც კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უშლის. როგორც ბევრი ამ თემაზე მომუშავე მკვლევარი მიიჩნევს, საკითხი მარტივად ასე დგას: ადამიანური VS -ნაციონალისტური ინტერესები. ბევრი თქვენს შორის სკეპტიკურად უდგება დახმარებას, რადგან მიაჩნია, რომ დახმარებას ინტერესები ახლავს. და ეს ასეცაა. ამ საკითხს მარტივი პრაგმატული განმარტება მოუძებნეს სტიუარტ ნაგელმა და დეივიდ როზენბლუმმა თავიანთ წიგნში საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ. მათ ეს პასუხი თავად დემოკრატიის ფორმულაში იპოვეს. ნაციონალიზმი, ავტორთა აზრით, იმდენად თვითორიენტირებული და იზოლაციონისტურია, რომ მას უჭირს თანამშრომლობა სხვა ნაციონალიზმებთან, მაშინ როცა დემოკრატიულ სისტემებს მეტი აქვთ საერთო. ამიტომ დახმარება, პრაგმატულად, დემოკრატიზაციაა გრძელვადიან პერსპექტივაში, დემოკრატიზაცია კი თანამშრომლობაა, რომელიც თავის თავში, ბუნებრივია, არც ნაციონალური იდენტობის დაცვას გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ადამიანია, დღევანდელი დღე ხომ სწორედ ადამიანების დახმარებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება.
XS
SM
MD
LG