Accessibility links

საფრანგეთიდან ბოშებს აძევებენ

  • ნიკო ნერგაძე

ბოშათა ოჯახი

ბოშათა ოჯახი

საფრანგეთმა ქვეყნიდან ასობით ბოშის გაძევება დაიწყო. მათ სპეციალური რეისებით რუმინეთსა და ბულგარეთში გაამგზავრებენ. საფრანგეთის ხელისუფლების ამ ქმედებას თან ძლიერი კრიტიკა ახლავს.

ხუთშაბათს საფრანგეთიდან რუმინეთის დედაქალაქისკენ გაფრინდა ჩარტერული რეისი, რომელმაც 79 რუმინელი ბოშა გადაიყვანა ბუქარესტში. ბოშები შინ დაბრუნებაზე ნებაყოფლობით დათანხმდნენ, სანაცვლოდ კი კაცზე 300 ევრო მიიღეს, ბავშვებისთვის - 100.

ეს პირველი რეისი გახლდათ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბოშების არალეგალურ ბანაკებს ბრძოლა გამოუცხადა. სამშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრის ორტაფამ განაცხადა, რომ თვის ბოლომდე რუმინეთსა და ბულგარეთში 700-მდე ბოშას დააბრუნებენ. მანვე თქვა, რომ 3 კვირის განმავლობაში პოლიციამ ბოშათა 51 არალეგალური ბანაკი დაშალა.

ბოშებისა და ქალაქ გრენობლის პოლიციის შეტაკების შემდეგ სარკოზიმ ბრძანება გასცა 300-მდე უკანონო ბანაკი დაეშალათ - ეს გახლავთ ნაწილი დანაშაულთან ბრძოლის უფრო ფართო კამპანიისა. მთავრობამ ამის გასაკეთებლად საკუთარ თავს სამთვიანი ვადა მისცა. რაც შეეხება ბრძანების გაცემის მიზეზს, სარკოზიმ თქვა, რომ ბანაკები ტრეფიკინგის, ბავშვების ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის ბუდე იყო.

თუმცა სარკოზის გეგმას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღების გადატანას ცდილობს სხვა პრობლემებიდან. სარკოზის რეიტინგი ბოლო დროს მართლაც ვერ იყო სახარბიელო - სახარბიელო კი არა, ის რეკორდულად დაბალი გახლავთ მაღალი უმუშევრობის, საპენსიო რეფორმის არაპოპულარული გეგმისა და კორუფციის სკანდალების ფონზე.

სარკოზის გეგმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მთავრობა ეძებს განტევების ვაცს, ცდილობს მოსახლეობის ერთი სეგმენტის სტიგმატიზაციას და ქვეყნის პრობლემების მათზე გადაბრალებას. ასე ფიქრობს მალიკ სალემკური - არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტი. აი, რა უთხრა მან რადიო თავისუფლებას: “ეს არის ეთნიკური, სამარცხვინო, მასტიგმატიზებელი და არაეფექტიანი პოლიტიკა. ის უმიზნებს ბოშებს - უმეტეს შემთხვევაში, რუმინელ და ბულგარელ ბოშებს, რომელთა რიცხვიც საფრანგეთის ტერიტორიაზე სულ 15 ათასია. ჩვენ ვაძევებთ ევროპელებს, რომლებსაც სულ რამდენიმე დღეში შეუძლიათ უკან დაბრუნდნენ. ასეც ხდება. ამ ხალხს აქ, საფრანგეთში, უნდათ ცხოვრება.”

მართლაც, სააგენტო რეუტერმა ინტერვიუ აიღო რამდენიმე ბოშისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ გაძევების შემთხვევაში მაინც დაბრუნდებიან.

რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდნენ. გარდამავალი შეთანხმებების მიხედვით, მათ მოქალაქეებს შეუძლიათ საფრანგეთს განსაკუთრებული ფორმალობების გარეშე ეწვივნენ და იქ სამი თვე უპრობლემოდ დარჩნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG