Accessibility links

„უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების განსხვავებული ეტაპი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება საქართველოსთან დაახლოებას ნელი ტემპით, თუმცა მაინც ცდილობს. ამის დასტურად გაზეთს მოჰყავს ინფორმაცია, რომელსაც გამოცემა ”დენი” აქვეყნებს. გამოცემას უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი, თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი ეწვევიან საქართველოს. გარდა ამისა, ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული სამთავრობო სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, თბილისში უკრაინელ და ქართველ ბიზნესმენთა ერთობლივი ფორუმიც გაიმართება.

„დასახლება ’დასაკარგავი’ “ - სტატიაში კი, რომელსაც გაზეთ ”რეზონანსის” ფურცლებზე წაიკითხავთ, თბილისიდან ამ დღეებში გასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობებია ასახული: ” ცარიელი, მოუწყობელი ოთახები, მხოლოდ ონკანიანი სამზარეული, ზოგან კაფელაყრილი იატაკიც, უწყლობა და უშუქობა - აი, ასეთია დევნილთა ახალი საცხოვრებლები ფოცხოში. წალენჯიხის რაიონის სოფელი ფოცხო - უფრო ზუსტად, ფოცხოეწერი - შეიძლება ითქვას, ყველაფრისაგან მოწყვეტილი ადგილია. აქ არც რაიმე ტიპის სავაჭრო ცენტრია, არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი. ერთადერთი სასწავლო დაწესებულება სოფლიდან 6 კილომეტრშია.” ”რეზონანსის” თანახმად, ვითარების გამოსწორებას ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე უახლოეს მომავალში ჰპირდება, თუმცა თავად დევნილებს ერთადერთ ნუგეშად ის რჩებათ, რომ, თბილისისგან განსხვავებით, ფოცხოეწერიდან აფხაზეთი ჩანს.

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ასახავს გაზეთი ”ახალი თაობაც”. „ხელისუფლების შეცვლამდე პოლიტიკიდან არ წავალ. ნაციონალური მოძრაობა კოლექტიური ლუი მეთოთხმეტეა“, - უთხრა ეკა ბესელიამ გაზეთს. თუმცა მასთან საუბრის თემა, ძირითადად, პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობაა. ”ჩვენი მოძრაობის ბოლო 6 თვიანი აქტიური კამპანიის შემდეგ, რომელიც ეხება პენიტენციალურ სისტემაში მსჯავრდებულთა საკმაოდ მძიმე მდგომარეობასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევას, ამ ეტაპისათვის შედეგი არის ის, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში რამდენიმე დირექტორია გათავისუფლებული“, - აღნიშნავს ეკა ბესელია გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში.

გაამართლებს კი ხელისუფლების ”პრევენციული ზომები?” - ამ სათაურით გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” რუბრიკაში ”განსჯა” წაიკითხავთ ინტერვიუს სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან. იგი უახლოეს მომავალში სოციალურ დაძაბულობასა და ხელისუფლების კრიზისს პროგნოზირებს. მისი აზრით, დევნილთა თბილისიდან რეგიონებში გასახლების კამპანია ნაწილია პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრატეგიისა, რომელიც თბილისის დეპოლიტიზაციას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG