Accessibility links

logo-print

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს იმყარებს


სერჟ სრაქისიანი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი

სერჟ სრაქისიანი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი

დღეს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ხანგრძლივობა 2044 წლამდე იზრდება. ამავე დროს რუსეთმა ვალდებულება იკისრა, დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება.

ეს შეთანხმება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და მისმა სომეხმა კოლეგამ, სერჟ სარქისიანმა 20 აგვისტოს მოაწერეს ხელი, კიდევ უფრო ამყარებს რუსეთის სამხედრო პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. შეთანხმება 24 წლით უხანგძლივებს ვადას რუსეთის სამხედრო ბაზას, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრისთან მდებარეობს.

შეთანხმებით, რუსეთმა იკისრა ვალდებულება, მოახდინოს სომხეთის სამხედრო შეიარაღების მოდერნიზება და სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უზრუნველყოს ორი ქვეყნის უსაფრთხოება.

ერევანში ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სარქისიანმა მაღალი შეფასება მისცა შეთანხმებას და თქვა, რომ ეს დოკუმენტი განავრცობს რუსეთის „გეოგრაფიულ და სტრატეგიულ“ პასუხისმგებლობას:

„რუსეთის მხარემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება და ითანამშრომლოს ჩვენი შეიარაღებული ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვის საქმეში.“

ახალი შეთანხმება, რომელიც ცვლის 1995 წლის დოკუმენტს, კიდევ უფრო ამყარებს რუსეთის სამხედრო ყოფნას სომხეთში, რომელიც მოსკოვის ერთადერთი სანდო პარტნიორია რეგიონში.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შეთანხმებას უკავშირებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. აზერბაიჯანს, რომელიც თავისი შეიარაღების გაძლირებაზე მუშაობს, არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად არის მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალით გადაჭრას.

სომეხი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმება ხელს შეუშლის ბაქოს ამგვარ განზრახვებს. თუმცა არ არის ნათელი, მთიან ყარაბაღზეც გავრცელდება თუ არა რუსეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი რეგიონში მშვიდობის დამცველის როლის თამაშს ცდილობს და პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

„რუსეთის ფედერაციის - როგორც რეგიონის უდიდესი სახელმწიფოს, ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარის თვალსაზრისით უძლიერესი სახელმწიფოს - ამოცანა არის მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნება,“ თქვა მედვედევმა.

გიუმრის ბაზა აღჭურვილია შეიარაღებით, რომელიც ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებიდან იქნა გატანილი, როცა რუსეთმა დატოვა ისინი 2006 წელს. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ელხან პოლუკოვმა განუცხადა ჩვენს რადიოს, რუსეთს ნაკისრი აქვს ვალდებულება, ეს იარაღი არ გამოყენოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც ისაუბრა ამ თემაზე მიმდინარე კვირაში და თქვა, რომ ახალი შეთანხმებით გიუმრის ბაზის ფუნქციები არ იცვლება.

ჯერჯერობთი არ არის ნათელი, რას ნიშნავს სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება. გიუმრის ბაზაზე ამჟამად განლაგებულია მიგ-29 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და 5000-მდე ჯარისკაცი.

სომხეთის ოპოზიციის პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სომხეთს, თუკი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია მოხდება.

სხვები ფიქრობენ, რომ რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება მიმართულია უფრო დიდი მეზობლების, ირანისა და თურქეთის წინააღმდეგ.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას უქადის რუსეთ-სომხეთის შეთანხმება საქართველოს?

როდესაც რუსეთის ბაზის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობდა, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც ახსენა. რუსეთის ლიდერის განცხადება ასე ჟღერდა: „ჩვენ 2008 წელს არცთუ მარტივი მოვლენების გადალახვა მოგვიხდა. და ჩვენ არ გვსურს, რომ კავკასიაში იგივე მოვლენები განმეორედეს.“

თუმცა თბილისში იმედოვნებენ, რომ შეთანხმება საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ პარასკევს განაცხადა, რომ სომხეთში ბაზის არსებობა მოსკოვისა და ერევნის სუვერენული უფლებაა და დასძინა:

„ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სომხეთი სრულად აცნობიერებს და აცნობიერებდა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს, რომლებიც ეხებოდა საქართველოს, მათ შორის რეგიონალურ კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ცნობიერება ჩვენი მეზობლის დონეზე არსებობს. ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვიეჭვოთ, რომ სომხეთი რაიმე სახით რეგიონალურ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს.“

მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს საინტერნეტო გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრ გოლცმა:

„გიუმრის ბაზა კავკასიაში რუსეთის ერთადერთი ბაზაა, რომლის კანონიერება არავითარ კითხვებს არ ბადებს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ ამიერკავკასიაში კონფლიქტის შემთხვევაში სწორედ ეს ბაზა იქნება რუსეთის ჯარების ოპერატიული გაშლისა და ზურგის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პუნქტი.“

ამავე დროს რუსი ექსპერტის აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთობ რთულია სამხედრო ბაზის ქონა ერთ ქვეყანაში და სამხედრო მოქმედებების წარმოება მეორეში. ასეთ ვარიანტს მაშინ მიმართავენ, როცა სხვა ალტერნატივა არ არსებობსო, განაცხადა გოლცმა.
XS
SM
MD
LG