Accessibility links

logo-print

რუსეთის სამშვიდობო „დამოკლეს მახვილი“ 49 წლით


დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და სერჟ სრაქისიანი

დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და სერჟ სრაქისიანი

გასულ კვირაში რუსეთ-სომხეთის მიერ გაფორმებული ოქმი რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების შესახებ ნოყიერ ნიადაგს ქმნის პირქუში ვარაუდებისათვის და მწირს - ოპტიმისტური პროგნოზისთვის, განსაკუთრებით - საქართველოსთვის, რომლისთვისაც 19 აგვისტოს ერევნის შეთანხმება, შესაძლოა, ბევრი რამის გამო ნიშნავდეს სამშვიდობო მისიაში შეფუთულ რუსეთის „დამოკლეს მახვილს“ 49 წლის ვადით.

როდესაც რუსეთის ბაზისათვის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობდა, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც ახსენა. რუსეთის ლიდერის განცხადება ასე ჟღერდა: „ჩვენ 2008 წელს არცთუ მარტივი მოვლენების დაძლევა მოგვიხდა და არ გვსურს, რომ კავკასიაში იგივე მოვლენები განმეორდეს.“

თუ როგორ ესმის მართლწესრიგისა და მშვიდობის მხარდაჭერა კრემლს, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი სამხედრო ძალით შეიჭრა სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. იერიში განხორციელდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, როკის გვირაბის გავლით, და აფხაზეთიდან - გალი-ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით. რუსეთის არმიის კიდევ ერთი შეტევის სავარაუდო მიმართულება იყო სომხეთი, საიდანაც, როგორც სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარკვეული სამხედრო აქტივობა შეინიშნებოდა:

„დავიწყოთ იმით, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ამ ბაზაზე, გიუმრიში, რეალურად იყო გამოცხადებული საბრძოლო განგაში და იქიდან დაძრული ორმოცდაათამდე საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და ჯავშანმანქანები, თავისი პირადი შემადგენლობით, მომდგარი იყო სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. ეს ფაქტია. ამის უარყოფა არავის შეუძლია. ფაქტია ისიც, რომ ერთ-ერთი ბომბდამშენი, რომელიც ბომბავდა მარნეულს, შემდეგ დაჯდა სომხეთის ერთ-ერთ აეროდრომზე. ესეც ფაქტია.“

სომხეთის ხელისუფლებამ ორი წლის წინ შეძლო შეეჩერებინა თითქმის საქართველოს საზღვართან მისული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო ტექნიკა. ერევანმა მაშინ შეახსენა მოსკოვს, რომ, სამხედრო ბაზის სტატუსის თანახმად, რუსეთის ბრიგადას არ ჰქონდა უფლება გასცილებოდა სომხეთის საზღვრებს. მაგრამ რა იქნება 19 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, როდესაც, როგორც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, „ბაზის ფუნქციონირება აღარ იქნება შეზღუდული ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებით?“ უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზას შეუძლია შეუზღუდავად იმოქმედოს ყოფილი საბჭოთა კავშირის შიდა ადმინისტრაციულ საზღვრებშიც? სანამ არ არსებობს სახელმწიფო მოხელეთა მკაფიო პასუხები, სამხედრო ექსპერტები იბნევიან ვარაუდებში. ინტერნეტ-გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრ გოლცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, 19 აგვისტოს შეთანხმების მიუხედავად, რუსეთს, კონფლიქტის შემთხვევაში, გაუჭირდება გიუმრის სამხედრო პოტენციალი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოსო:

„ძალიან რთული მომენტია გამოიყენო ამიერკავკასიის ერთ რესპუბლიკაში არსებული სამხედრო ბაზა იმისათვის, რომ იომო მეორის წინააღმდეგ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ყველაზე უარესი ვარიანტია, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.“

სხვა, გაცილებით ნაკლებად უმტკივნეულო ვარიანტია, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის სამხედრო ბაზების გამოყენება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებსაც მოსკოვმა საერთაშორისო ნორმების დარღვევით მიანიჭა სამხედრო ბაზის სტატუსი. ალექსანდრ გოლცის ვარაუდით, საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის განმეორების შემთხვევაში, რუსეთი ავანგარდში სწორედ თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ სამხედრო ძალას გამოიყენებს, გიუმრი კი მთავარი პლაცდარმი იქნება მათი უზრუნველყოფისათვის.

„ეს ნიშნავს, რომ, ამიერკავკასიაში შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, სწორედ ეს [გიუმრის] ბაზა იქნება უმთავრესი პუნქტი რუსეთის ჯარების ოპერატიული გაშლისა და ზურგის უზრუნველყოფისათვის.“

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი: სომხეთში, გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინის თანახმად, ერთიანდება „სამხრეთის“ გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობაში, რომელიც, როგორც სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების საფუძველზე:

„მასში გაერთიანებული იქნება როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული საბრძოლო დანაყოფები, ასევე შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ზღვის ფლოტილია და, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო ბაზები როგორც სომხეთში, გიუმრიში, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალში.“

და თუკი დმიტრი მედვედევის ზემოთ მოტანილ განცხადებას მივუბრუნდებით, გამოდის, რომ სწორედ „სამხრეთის“ მიმართულება და, მათ შორის, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, უნდა გახდეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და მართლწესრიგის გარანტი 2044 წლამდე. თავი რომ დავანებოთ გიუმრიში განლაგებული ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების რადარებს, რომლებიც, ირაკლი ალადაშვილის ვარაუდით, საქართველოს სივრცესაც უნდა აკონტროლებდნენ, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ბრიგადები ნამდვილად ვერ ჩაითვლებიან სამშვიდობო ძალად საქართველოსთვის. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს მოსკოვის დიპლომატიური რიტორიკა და ერევნის გარანტიები, 19 აგვისტოს ოქმით, სამხრეთ კავკასიამ მიიღო მორიგ სამშვიდობო მისიაში შეფუთული მეტად საშიში „დამოკლეს მახვილი“ 49 წლის ვადით.
XS
SM
MD
LG