Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერფორმანსი და ძალაუფლება


ირაკლი კაკაბაძე
ირაკლი კაკაბაძე
ვიდეომასალა, რომელიც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული პერფორმანსის შემდეგ სასამართლოს მიაწოდეს დაკავებული პოეტების - ირაკლი კაკაბაძის, ალექსი ჩიღვინაძისა და შოთა დიღმელაშვილის - ადვოკატებმა, მოსამართლემ არ ნახა.. არადა, სასამართლოს რომ ენახა, შესაძლებელია, აქციის ორგანიზატორები უდანაშაულოდ ეცნოთ ანდა უფრო მსუბუქი განაჩენი გამოეტანათ. პოეტები, რომლებიც ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის, სახელის დარქმევას მოითხოვდნენ, პატრულისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ვიდეომასალაზე ჩანს, რომ პოეტებმა ბუშის ქუჩაზე მოაწყვეს პერფორმანსი, - ექსცენტრიკული, ირონიული და თვითირონიული, - რომელიც გარკვეული ბიძგი უნდა გამხდარიყო საზოგადოებისთვის, მედიისთვის ემსჯელათ იმაზე, თუ რამდენად მართებულია თბილისში იყოს ჯორჯ ბუშის ქუჩა, ემსჯელათ მილიტარიზმსა და მშვიდობისმყოფელთა აქტიურობაზე, ჰუმანისტებსა და ანტიჰუმანისტებზე, პოეტებსა და ”ფიზიკოსებზე”... მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა - პერფორმანსი საზოგადოების ნაწილმა მონათლა ”პოლიტიკურ აქციად”, ნაწილმა ხულიგნობად, ნაწილმა, უბრალოდ, ”სიგიჟედ”. ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილს ვკითხეთ, იქნებ ასეთი პერფორმანსების მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება გამოუცდელობამ განაპირობა? იმან, რომ მსგავსი სანახაობის მოწყობის ტრადიცია არ არსებობს ქართულ კულტურაში?

”ზოგადად ჩვენი კულტურისთვის პერფომენსი არაა უცხო; ეთნოგრაფიულ წყაროებში რომ ნახოთ, პერფომენსი ყველაფერთან დაკავშირებით იმართებოდა - კულტურა, სადაც კულტები ბევრია (მაგალითად, შრომის კულტურა ავიღოთ), პერფომენსებითაც მდიდარია... მაგრამ იქ თუ რაღაც კულტს ემსახურებოდა, თანამედროვე პერფომენსები უფრო კრიტიკულია და სოციალურად მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებენ.”

ლელა გაფრინდაშვილმა გვითხრა, რომ ამ აქციის შესახებ დავა მართლაც შეიძლება. თავად მიაჩნია, რომ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე აქციის გამართვა დღეს ცოტა დაგვიანებულია. გარდა ამისა, ამ თემაზე საზოგაოდებაში არ ყოფილა დისკუსია - იქნებ არა უიტმენის, არამედ რომელიმე სხვა ამერიკელის ქუჩა უფრო უნდა, რომ იყოს თბილისში, საზოგადოებას? მაგრამ ქვეყანაში არ იმართება დისკუსიები ამ თემაზე. მედია ასეთი საკითხებით არაა დაინტერესებული. მნიშვნელოვანია საერთო განათლების დონეც - ყველამ არ იცის თუნდაც ვინაა უიტმენი და როგორია მისი როლი ამერიკულ კულტურაში. ლელა გაფრინდაშვილის თქმით:

” ჩვენთან ხომ ასე ხდება - როგორი განსწავლულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას აქვს თავისი აზრი, რომელიც აბსოლუტურად ხელშეუხებლად მიაჩნია თავისი თანამოაზრის მხრიდანაც. არადა, შეიძლება თანამოაზრე არ გაკრიტიკებდეს - უბრალოდ, გირჩევდეს, რომ შენი იდეა უკეთესად გამოიყურებოდეს, უფრო პროგრესული იყოს...”

ეს უკვე დისკუსიის კულტურაა, რომლის დახვეწისთვის საზოგადოების პროვოცირება, მისი გაღიზიანება საჭიროა ხოლმე.. ასეთი აქციები, მაგალითად, ხშირად იმართებოდა 1968 წლის პარიზში, რომში, ბერლინში... იმართებოდა უფრო მწვავე აქციებიც. ხშირად, სხვათა შორის, პოლიციის ჩარევაც იყო აუცილებელი და არცთუ ისე იშვიათად აქციის მონაწილეებს ხულიგნობისთვის აპატიმრებდნენ. მაგრამ ექსცენტრიკულმა პერფორმანსებმა ნამდვილად შეუწყო ხელი საზოგადოების გამოცოცხლებას.

ჩვენთან საუბარში ლელა გაფრინდაშვილი ამერიკულ ფილმს, ”მკვდარი პოეტების საზოგადოებას”, იხსენებს. მისი თქმით, უიტმენის პოეზიითაა გაჟღენთილი მთელი ეს ფილმი, რომლის ფინალი მას ბუშის ქუჩაზე მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით გაახსენდა:

”ეს არის უიტმენის ”კაპიტანო, ჩემო კაპიტანოს” სახე - მასწავლებელი, რომელიც იქცა იდეების გენერატორად და კოლეჯის სტუდენტებს თავისუფლების გემო გააცნო, სწორედ ამისთვის გააგდეს... ფილმში არის ასეთი დიალოგი: სტუდენტებს ეკითხებიან, რა გაიარეთ ინგლისურ ლიტერატურაშიო... ჩამოთვლიან და რეალიზმზე იტყვიან, გამოგვრჩაო. სწორედ ამ დროს შემოდის მათი კაპიტანი, რომლის მხარდასაჭერად ისინი მერხზე ადიან. ყველა არ აკეთებს ამას, ცხადია. ისევე როგორც ყველა არ შეუერთდებოდა ირაკლი კაკაბაძის პროტესტს.”

სხვათა შორის, ასეთი აქციების მოწყობის ტრადიცია საქართველოში 20-იან წლებში დაინერგა, როდესაც ნიკოლოზ შენგელაია რუსთაველის პროსპექტზე ხეზე ავიდა და იქიდან დაიწყო თავისი ფუტურისტული ლექსების კითხვა. ეს ასევე ძალიან რადიკალური პოეზია არათუ 20-იან წლებში, დღესაც გააღიზიანებს ობივატელს, რომელიც პოეზიისგან მხოლოდ ”უმწიკვლო სახეებს” მოითხოვს. და ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნებოდა რუსთაველზე გამვლელების რეაქცია, როცა მათ ხეზე ამძვრალი ქართველი პოეტი დაინახეს, პოეტი, რომელიც ტრადიციულ ოჯახებს, მონოგამიას დასცინოდა... ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ექსცენტრიკა, პოპულარული განსაკუთრებით 20-იან წლებში, კულტურის გამაცოცხლებელია. ექსცენტრიზმი, ანუ ცენტრიდან გადახრა, ნორმიდან გადახრა, ისევ და ისევ ნორმის გამოცოცხლებას უწყობს ხელს.

ქართველი პოეტების აქციის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ამ აქციის ვიდეოჩანაწერი, რომელიც, ვინ იცის, შესაძლებელია, მომავალში 2010 წლის აგვისტოს საქართველოს ერთ-ერთ სახედ დარჩეს... შეიძლება არაფერი გვითხრას ეპოქაზე თუნდაც ბათუმში გადაღებულმა ”გაპრანჭულმა” და ”გაწმენდილმა” კლიპებმა, სადაც ყველაფერი პრიალებს, და უფრო მეტი გვითხრას ეპოქაზე ამ პერფორმანსმა, რომელზეც ვიღაცას ეცინება, ვიღაც ბრაზდება, მაგრამ გულგრილს არავის ტოვებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG