Accessibility links

logo-print

საქართველოს კომპანიების დიდი ნაწილი ვერ იყენებს საექსპორტო შესაძლებლობებს


ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენა. თბილისი, 2007 წელი.

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენა. თბილისი, 2007 წელი.

ბოლო დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ექსპორტის განვითარების შესაძლებლობებს სრულფასოვნად ვერ იყენებენ. საქართველო თავისუფალი ვაჭრობის მსგავსი რეჟიმით სარგებლობს ევროკავშირსა და აშშ-თან. ლაპარაკია ”ჯი-ეს-პი” და ”ჯი-ეს-პი პლუსის” პრეფერენციების სისტემებზე. რატომ ვერ ახერხებს ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი ექსპორტის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების გამოყენებას?

დარბაზი იყო ნახევრად ცარიელი. მე მინდა ვიკითხო, ეს მოხდა იმიტომ, რომ 9 საათი ქართველი ბიზნესმენებისათვის ძალიან ადრეა სემინარზე მისასვლელად, თუ მსგავს სემინარებზე დასწრება არ შედის მათ ინტერესში? ...
2010 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობა სამჯერ აღემატება ექსპორტს. ეს თანაფარდობა წლების მანძილზე თითქმის უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელსაყრელი გარემოა საექსპორტო პროდუქციის შესაქმნელად: ექსპორტი არ იბეგრება დამატებული ღირებულების 18 პროცენტიანი გადასახადით და საქართველო პროდუქციის გასაღების მსხვილ ბაზრებზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების გარდა, აშშ-სა და ევროპაში პრეფერენციების სისტემით სარგებლობს; ასევე მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან აღიარებულია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემოა ბიზნესის წარმოებისთვის.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ ქართული ბიზნესი შესაძლებლობების გამოყენებას ვერ ახერხებს. გასული თვის მიწურულს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა, სადაც მან თავისუფალი ვაჭრობის საკითხი დააყენა:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
”ეს ხალხი გვეუბნება: კი, მაგრამ თქვენ ისარგებლეთ იმით, რაც გაქვთო. მე ვუთხარი, კარგი, გვასწავლეთ როგორ ვისარგებლოთ-მეთქი. ჩამოვიდნენ, სამი დღე ატარებდნენ სემინარებს. პირველ დღეს არ მივიდნენ ბიზნესმენები. ჩავთვალეთ, რომ დილაა, ადრეა და დაეზარათ გაღვიძება. მერე დელიკატურად გადაიტანეს დღის 3 საათზე. მაინც არ მივიდნენ. და მერე იძახიან, აი, რა ვქნათ, გვიჭირს გატანა, პრობლემააო... და ამერიკის ღვინის ბაზარი არის 12-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე რუსეთის ბაზარი.”

საქართველოს პრეზიდენტი იმ სემინარის შესახებ ლაპარაკობდა, რომელიც თბილისში, ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, 21 ივლისს გაიმართა და რომელზეც აშშ-ის პრეფერენციების სისტემა ჯი-ეს-პის შესახებ ისაუბრეს. თუმცა ქართველმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი არ გამოავლინეს ამ სემინარის მიმართ, რის გამოც უკმაყოფილება ვერ დაფარა ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ვერა ქობალიამ:

”დარბაზი იყო ნახევრად ცარიელი. მე მინდა ვიკითხო, ეს მოხდა იმიტომ, რომ 9 საათი ქართველი ბიზნესმენებისათვის ძალიან ადრეა სემინარზე მისასვლელად, თუ მსგავს სემინარებზე დასწრება არ შედის მათ ინტერესში? სამწუხაროდ, თუ ჩვენი ბიზნესმენებისათვის დილა არ დაიწყება 12 საათზე ადრე, შედეგი არ გვექნება და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ სწრაფი ტემპით.”

საქართველო აშშ-ში სავაჭრო პრეფერენციების სისტემით - ჯი-ეს-პით -სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დამზადებული ოთხი ათასამდე დასახელების პროდუქტი ამერიკის ბაზარზე შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით იბეგრება. თუმცა ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იყენებენ, მაგალითად, ქართული ღვინის მწარმოებლები. შეერთებულ შტატებში ჯი-ეს-პის გამოყენებით მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. ესენია: ფეროშენადნობი, ამონიუმის გვარჯილა, იზოტოპები, ხილის წვენები, უალკოჰოლო სასმელები და ასე შემდეგ.

არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ შესაბამისი პროდუქცია ჩვენთან არ იწარმოება, ასევე რთული არის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი არის კონკურენცია ევროკავშირის ბაზარზე ...
თხილთან ერთდ, დაახლოებით იმავე დასახელების პროდუქცია გადის ევროკავშირის ბაზარზე პრეფერენციების სისტემა ჯი-ეს-პი პლუსის გამოყენებით. ეს სისტემა 7200-მდე დასახელების ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ნულოვან საბაჟო გადასახადს აწესებს. ევროკავშირთან ვაჭრობის ამდაგვარი სისტემით მხოლოდ 15 ქვეყანა სარგებლობს და, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მხოლოდ მოლდავეთი და საქართველო. ასეთი პრეფერენციები ქართულ პროდუქციას კონკურენტებთან დიდ უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე 4 პროცენტით უფრო იაფად შედის, ვიდრე თურქული. თუმცა ამ შეღავათებით არ სარგებლობენ ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტიორები.

თავისუფალი ვაჭრობის მსგავსი რეჟიმით საქართველოდან ევროპის ქვეყნებში მხოლოდ 30-მდე დასახელების პროდუქტი გადის და საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის საერთო მოცულობის ნახევარიც არ უკავია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქართული კომპანიები პრეფერენციების სისტემას ვერ იყენებენ:

”ამ სისტემით სარგებლობს დაახლოებით 95 პროცენტი კომპანიებისა, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ჯი-ეს-პი პლუს სისტემით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ინფორმაციას ფლობენ ამ სისტემის შესახებ. აქ არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ შესაბამისი პროდუქცია ჩვენთან არ იწარმოება, ასევე რთული არის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი არის კონკურენცია ევროკავშირის ბაზარზე და ჩვენს მწარმოებლებს უჭირთ მარკეტინგი ამ ბაზარზე, იმიტომ რომ მათთვის არატრადიციული ბაზრებია.”

ჯი-ეს-პი სისტემების გამოუყენებლობის გარდა, ქართული ბიზნესი სრულფასოვნად ვერც თურქეთთან არსებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს იყენებს. მაგალითად, ქართველ მეღვინეებს ჯერაც არა აქვთ ათვისებული თურქეთში ღვინის უბაჟოდ ექსპორტირებისთვის გამოყოფილი კვოტა.

გიორგი ისაკაძე, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
ვაჭრობის სხვადასხვა რეჟიმების გამოუყენებლობის მიზეზებზე ლაპარაკობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე:

”მხოლოდ ქართული ბიზნესის დადანაშაულება, რომელიც რაღაც ბოლო პერიოდში მოდად იქცა, უადგილო მგონია. ჯი-ეს-პი-პლუსი არის მთავრობის მონაპოვარი და მისი პოპულარიზაცია გაცილებით მეტად უნდა ხდებოდეს ბიზნეს წრეებში და ამისთვის მთავრობა უფრო აქტიურად უნდა იყენებდეს სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებებს, რომ თითოეულ კომპანიამდე დავიდეს საიმისოდ, რომ მათ აქვთ ექსპორტის გაზრდის საშუალება. და ამის შემდგომ შეიძლება უკვე კონკრეტული პრეტენზიის წაყენება ბიზნესისადმი, თუ მათ ეს ყველაფერი ვერ გამოიყენეს.”

თუმცა გიორგი ისაკაძე არ ფარავს, რომ ბიზნესი ვერ იყენებს საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს და ამის მიზეზი ბიზნესის შიგნით არსებული პრობლემებიცაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეტი განათლების მიღების აუცილებლობა და ახალი ბაზრების შესწავლა-ათვისება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG