Accessibility links

logo-print

შეიქმნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებას იწყებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. როგორც ”თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ფუნქციაა: განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია; მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია და სხვა არაერთი იმ პროცედურის წარმოება, რომელიც საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისაკენ იქნება მიმართული.

“თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ცენტრის უპირველეს ფუნქციას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია წარმოადგენს.

”ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ყველა სტუდენტის უფლება იყოს დაცული. ამიერიდან ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ვეღარ გაუზრდის სტუდენტს სწავლის საფასურს და ვერ დაარღვევს გაფორმებულ კონტრაქტს, როგორც ეს, სამწუხაროდ, წარსულში ხდებოდა”, - ამბობს შაშკინი.

გარდა სწავლის საფასურის გაზრდის კონტროლისა, არსებობს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებულ იმ 200-მდე ლიცენზირებულ სასწავლებელს ეხება, რომლებსაც აკრედიტაცია არა აქვთ გავლილი და აბიტურიენტები იქ ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ირიცხებიან. შესაბამისად, მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიერ გაცემულ დიპლომებს სახელმწიფო არ აღიარებს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. ის აღნიშნულ პრობლემაზე საუბარს მცირე ისტორიული ექსკურსით იწყებს:

”დაგეგმილი იყო, რომ გარკვეულ ეტაპზე ყველა სასწავლო დაწესებულება, რომელიც არსებობდა, იქნებოდა აკრედიტებული. შესაბამისად, მაშინ არსებობდა მეორე პროცედურაც, რომელსაც ლიცენზირება ერქვა და იგეგმებოდა ლიცენზირების გადამოწმება და რომელი სასწავლებელიც ლიცენზირების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა, შესაბამისად, შეწყვეტდა ფუნქციონირებას. რაკი ეს პროცესი წლების განმავლობაში გაიწელა, ამიტომ გადაწყდა ახლებური მოწესრიგება. დაწესებულებები გაივლიან ავტორიზაციას. ყველა ავტორიზებული დაწესებულება ერთიან რეჟიმში იარსებებს. ანუ ან ეს დაწესებულება საერთოდ არ იარსებებს, ან იქნება სახელმწიფოს მიერ აღიარებული. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ, ყველა დაწესებულება გასცემს ისეთ დიპლომს, რომელსაც სახელმწიფო ცნობს”, -აცხადებს დავით კერესელიძე.

მისივე თქმით, საქართველოში, რა თქმა უნდა, არაფორმალური განათლება არ აიკრძალება, თუმცა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში აიკრძალება სახელმწიფოს მიერ კანონით დაცული ტერმინების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად, დიპლომი, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი და ა.შ. ”შესაბამისად, ამ გზით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ შეცდომაში არ იქნენ შეყვანილნი ჩვენი მოქალაქეები.”

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაციის ინსტიტუტის შემოღება და ერთიანი აკრედიტაციის პრინციპის განსაზღვრა. ამის შედეგად, საქართველოს განათლების სისტემაში დამკვიდრდა ახალი ცნება - ავტორიზაცია. საქართველოში მოქმედი 200-მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას გაივლის და ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები გაიცემა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება. როგორც ცენტრის დირექტორი ამბობს, უკანასკნელ პერიოდში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლებამიღებული ადამიანები ჩამოდიან თბილისში, მაგრამ მათი განათლების აღიარება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება:

”იქ მიღებულ განათლებას ჩვენ ფორმალურად ვერ ვცნობდით, რადგან, მაგალითად, ზოგ შემთხვევაში დიპლომზე გამოსახული იყო რუსეთის გერბი ან, ცალკეულ შემთხვევაში, ისინი საერთოდ დოკუმენტების გარეშე მოდიოდნენ. ახლა შეიქმნა პროცედურა, რომლის მეშვეობითაც - ხშირ შემთხვევაში მოწმეების ჩართვითაც კი - ჩვენ ვადგენთ, რეალურად სწავლობდა თუ არა ეს ადამიანი იქ და თუ სწავლობდა, რა სახის განათლება მიიღო.”

როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, საზოგადოების უპირველეს ინტერესს მისი ხარისხი წარმოადგენს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. სწორედ ამიტომ ის მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული ცენტრის შექმნას და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი სკოლებიცა და უმაღლესი სასწავლებლებიც ცენტრის მიერ მიიღებენ ადეკვატურ რეკომენდაციებს სწავლების ან შეფასების ხარისხის აწევასთან დაკავშირებით.

”მე შეიძლება მივიღო ატესტატი, რომელიც ათქულიანი შეფასებებით იქნება სავსე. თქვენ ამ შეფასებებს ნახავთ და მათ მიხედვით იმსჯელებთ ჩემზე, რომ მე ვარ ძალიან კარგი ზოგადი განათლების მქონე პიროვნება. მაგრამ ეს ათიანები შეიძლება იყოს არაობიექტური ან არასწორი კომპონენტებით მიღებული შეფასება. შესაბამისად, ცენტრის რეკომენდაციები მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ სწორად დავგეგმოთ ხარისხის მიღწევის გზები”, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გია მურღულია.
XS
SM
MD
LG