Accessibility links

logo-print

საქართველო-მოლდავეთის, რუსეთის უკანონო საზღვაო კავშირისა და საპროტესტო აქციების კვირა


პოლიციისა და დევნილთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაპირისპირება

პოლიციისა და დევნილთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაპირისპირება

კვირა მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტის 2-დღიანი ვიზიტით დაიწყო, თუმცა სტუმრობის პირველი დღე აშკარად დაჩრდილა კრის დე ბურგის კონცერტმა, რომელსაც ბათუმში მიჰაი გიმპუ და მიხეილ სააკაშვილი ერთად დაესწრნენ. 16 აგვისტოს კი ისინი ასევე ერთად ჩავიდნენ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში, სადაც, თბილისის საგანგებო მოწვევით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 150 მოლდაველი მოზარდი ისვენებდა. გავიხსენოთ, რომ გიმპუს ვიზიტის მთავარ მიზნად სწორედ მათი მონახულება სახელდებოდა. მოლდავეთის მოქმედმა პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ 16 აგვისტოს არაერთხელ გამოხატა მადლიერების გრძნობა. მან თქვა, რომ წყალდიდობის შედეგად გაჭირვებაში ჩავარდნილი მოლდავეთის გვერდში ნამდვილი მეგობრები იდგნენ, რომ მათ შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ საქართველოა და რომ ასეთი გვერდში დგომა დაუვიწყარია:

მიჰაი გიმპუ, მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტი
”მადლობა საქართველოს დახმარებისთვის... იმის გარდა, რომ თქვენ აქ, ამ მშვენიერ სანაპიროზე, იმყოფებით, მადლობა სახლების და საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს... თუმცა მთავარი არ არის - რამდენი, მთავარია, რომ თუნდაც ერთი აგური დაიდოს... ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი გვიყურებს როგორც ადამიანებს, ხალხს, რომელსაც დახმარება სჭირდება.”

საქართველოსა და მოლდავეთს შორის წყალდიდობის ფონზე გამომჟღავნებულ მტკიცე მეგობრობას ანალიტიკოსები ლოგიკურად მიიჩნევენ მას შემდეგ, რაც 2009 წლის ივლისის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა კოალიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების სათავეში ერთმნიშვნელოვნად დასავლური ორიენტაციის მიჰაი გიმპუ მოვიდა. ანალიტიკოსებისთვის ადვილი შესამჩნევია, რომ გიმპუს მმართველობის ეპოქაში კიშინიოვი ძველებურად აღარ უხრის თავს მოსკოვს და რომ ქვეყანამ ბოლო პერიოდში კრემლისთვის არასასურველი რამდენიმე უპრეცედენტო ნაბიჯიც გადადგა. მაგალითისთვის ვთქვათ, რომ 2010 წლის 24 ივნისს მიჰაი გიმპუმ მოსკოვს დნესტრისპირეთიდან ჯარის უპირობოდ, სასწრაფოდ და გამჭვირვალედ გაყვანა მოსთხოვა. სეპარატისტული რეგიონებისა და რუსეთის ფაქტორს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს იმ პრობლემების ჩამონათვალში, რომელთა მიხედვითაც ანალიტიკოსები ძალიან ამსგავსებენ ერთმანეთს საქართველოსა და მოლდავეთის ბედისწერას. რუსეთის ოკუპაციური ქმედებები ანაკლიაში დამსვენებელ მოლდაველ, ქართველ და ბელორუს ბავშვებს 16 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა რუსულ ენაზე აუხსნა. მან თქვა, რომ იქვე ახლოს, საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპანტი რუსეთის ტანკებია განლაგებული, რომ მოლდავეთსა და საქართველოს განგებამ ერთნაირი ბედისწერა არგუნა და რომ სიძნელეები მხოლოდ მტკიცე მეგობრობის შედეგად დაიძლევა.

ვიდრე საქართველო და მოლდავეთი ერთმანეთს მეგობრობას ეფიცებოდნენ, გავრცელდა ინფორმაცია რეგულარული საზღვაო მიმოსვლის შესახებ, რომელიც მოსკოვმა თავის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონთან - აფხაზეთთან - დაამყარა. აღშფოთებულმა თბილისმა პროტესტი 17 აგვისტოს გამოთქვა. საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა, ოკუპირებულ აფხაზეთთან დამყარებული რეგულარული საზღვაო კავშირით, დაარღვია საერთაშორისო სამართლითა თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არაერთი მოთხოვნა, მათ შორის: საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის მე-2 მუხლი და 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავინდებურად ”მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან - მიიღონ სათანადო ზომები, რათა რუსეთმა სრულად შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები.”

სოხუმის საზღვაო აკვატორია
ინფორმაცია მოსკოვსა და სეპარატისტულ რეგიონს შორის რეგულარული საზღვაო კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის მედიამ გაავრცელა, თუმცა სხვადასხვა წყარო სხვადასხვა თარიღს ასახელებს. თუკი ერთი წყაროს ცნობით, რეისი ტუაფსე-ლაზარევსკოიე-დაგომისი-სოჭი-ადლერი-გაგრა 21 ივლისიდან ამოქმედდა, სხვა წყაროების ინფორმაციებში თარიღებად 1 და 17 აგვისტო სახელდება. თარიღი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არც მაქსიმ ღვინჯიას, სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაუკონკრეტებია, თუმცა მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და იქვე მიზეზიც დაასახელა:

”რუსეთის საზღვარზე ძალიან დიდი საცობია და კატერით განხორციელებული რეისებიც სწორედ ამ საცობის განტვირთვას ისახავს მიზნად. ეს ყველაფერი უბრალო ხალხის კომფორტისთვის კეთდება და, უპირველეს ყოვლისა, ტურისტულ სეზონს უკავშირდება, საზღვრის განსატვირთად. არ მესმის, რატომ განიცდიან ამას ასე საქართველოში. თუკი რაიმე უკეთესობისკენ იცვლება, მათში ეს შეშფოთებას იწვევს...”

ღვინჯია ამბობს, რომ რეგულარული საზღვაო კავშირი რუსეთთან აფხაზეთს სასიცოცხლოდ აუცილებელ შესაძლებლობებს აძლევს, რადგანაც საქართველომ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აფხაზეთის ბლოკადაში მოქცევა მოახერხა, რითაც აფხაზეთს უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი მიადგა.

რუსეთთან საზღვაო კავშირის აღდგენის პარალელურად, ამ კვირაში აფხაზეთში დაიწყო სამეთაურო-საშტაბო სწავლება სარეზერვო კონტინგენტისა და რაიონების სამხედრო კომისარიატების მონაწილეობით. როგორც სააგენტო აფსნიპრესი იუწყება, სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, სწავლების მიზანს ”თავდაცვითი ბრძოლის” სამობილიზაციო პროცესის დახვეწა წარმოადგენს.

რაც შეეხება მოსკოვის მოქმედებებს საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთში: მიმდინარე კვირაში რუსეთის მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის, თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში უჩივლეს. მაგალითად, ცხინვალში საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე მომუშავე სახელმწიფო უნიტარული კომპანიის ექს-დირექტორის ისმაგილ კარიმოვის განცხადებით, მასალები სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება. თავის დროზე, კოკოითის მოთხოვნით, სისხლის სამართლის საქმე კარიმოვის წინააღმდეგაც იყო აღძრული, მაგრამ მან დე ფაქტო რესპუბლიკის დატოვება მოასწრო. ზოგადად, კოკოითისა და ბროვცევის გუნდის დაპირისპირება ახალი არ არის. მწვავე ფაზის მინელება ერთხელ კრემლის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინა კვირაში შეხვედრის დროს კოკოითიმ მედვედევს კვლავაც მოსთხოვა ბროვცევის გუნდის სხვა რუსი მოხელეებით ჩანაცვლება. თუმცა, გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, რუსეთის გენპროკურატურაში კოკოითის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას მალე შეუდგება.

ასევე რუსეთს უკავშირდება ბაზარზე ხორბლის დეფიციტის შედეგად საქართველოში გამოწვეული მოვლენები. როგორც ცნობილია, მასშტაბური ხანძრის შედეგად, რუსეთმა ხორბლის მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა და ექსპორტი შეწყვიტა. მანამდე გაკეთებული პროგნოზის მიუხედავად, რომ პურის საცალო ფასი, ხორბლის არსებული მარაგის გათვალისწინებით, საქართველოში ოქტომბრამდე არ მოიმატებდა, 10-თეთრიანი მატება უკვე 20 აგვისტოს დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, მიზეზების დასახელებასთან ერთად, პარასკევს მოსახლეობის დამშვიდებასაც ცდილობდა:

ბაკურ კვეზერელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი
”ფასების გაძვირება გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე ზოგადად შექმნილი დეფიციტით, ერთი მხრივ... ხოლო, მეორე მხრივ - ფასების გაზრდით ხორბალზე. თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები იმისთვის, რომ პანიკა არ იყოს შიდა ბაზარზე და არ იყოს დეფიციტი...”

ბაკურ კვეზერელის განმარტებით, რუსეთიდან შეწყვეტილ ექსპორტს საქართველო ალტერნატიული გზებით ჩაანაცვლებს და ხორბლის მარაგსაც უპრობლემოდ შეავსებს. თუმცა ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა ნიშნულამდე გაიზრდება პურის საცალო ფასი საქართველოში. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის საჭირო ხორბლის, დაახლოებით, 85% იმპორტირებულია და, შესაბამისად, ფასებზე "სახელმწიფო გავლენას ვერ მოახდენს“.

18 აგვისტოს საქართველოში სავალდებულო სამხედრო გაწვევა დაიწყო. პროცესი, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს, 18-დან 27 წლამდე ასაკის 3500 ახალგაზრდას შეეხება. თუმცა სამხედრო სამსახურის გადავადების გზად კვლავაც რჩება კანონით გათვალისწინებული 2000 ლარიანი გადასახადი. თავდაცვის უწყების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, 2009 წლისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოში საკონტრაქტო სისტემას მთლიანად უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ამაზე ახლა თითქმის აღარავინ ლაპარაკობს. საგულისხმოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი თავდაცვის მინისტრის 2010 წლის ხედვაში.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ეს კონტინგენტი, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად ნაკლებად გამოადგება:

”არასაბრძოლო ამოცანების შესრულება თავისუფლად შეუძლიათ ერთი წლით გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიხარჯოს ზედმეტი ფული წმინდა მეორეხარისხოვანი ამოცანების შესრულების დროს. ცხადია, მე წინააღმდეგი ვარ საომარი მოქმედებების დროს ამ ჯარისკაცების წინახაზზე გადასროლის, მათთვის საკმარისზე მეტი ამოცანა იქნება შესასრულებელი ზურგშიც.”

სამხედრო აღლუმი, 26 მაისი, 2010 წელი
საქართველოში თანდათან აქტიურდება სარეზერვო გაწვევა, სავალდებულო სამხედრო გაწვევის ერთ-ერთი სახე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დროებით შეჩერებული იყო. გავიხსენოთ, რომ ივლისის ბოლოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, 18 დღიანი სავალდებულო გაწვევა 45 დღიანით შეიცვალა. როგორც ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება, თავისი ნაბიჯებით, პრაქტიკულად უარს ამბობს პროფესიული ჯარის ჩამოყალიბებაზე, რაც ეწინააღმდეგება ნატოს მოთხოვნებს.

კვირის მოვლენების მიმოხილვა საპროტესტო აქციების თემით გავაგრძელოთ. 19 აგვისტოს დევნილთა და გარე მოვაჭრეთა ერთობლივი საპროტესტო აქცია ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ხოლო შემდეგ პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. მოთხოვნები აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, დააკონკრეტა:

”დევნილები და გარემოვაჭრეები ხელისუფლებისაგან და პირადად სააკაშვილისაგან მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას. დევნილები მოითხოვენ შესრულდეს სააკაშვილისა და უგულავას წინასააარჩევნო დაპირება და მათ თბილისში, ანუ იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ, დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართი ან მიეცეთ თბილისის ნებისმიერ უბანში. ხოლო გარემოვაჭრეები მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ იქნეს მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც ქალაქში მოაწესრიგებს გარევაჭრობას, მას მისცემს ცივილიზებულ, სუფთა და სანიტარული კონტროლის ქვეშ მყოფ სახეს და, მეორე მხრივ, გარემოვაჭრეებზე გაიცეს ნებართვა, იმ გარემოვაჭრეებზე, წლების განმავლობაში ამ მძიმე შრომით რომ ირჩენენ თავს.”
ოდნავ მოგვიანებით კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი დაკავებას შემთხვევით გადაურჩა. მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს აქციას პოლიციასა და ხალხს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა,სამართალდამცველებმა ოპოზიციური „ხალხის პარტიის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძე და მოძრაობა „არა“–ს ლიდერი ლევან ჩიტაძე დააკავეს. დაკავებულები, 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

დევნილებისა და გარემოვაჭრეების ერთობლივმა აქციებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ ორგანიზებული და სისტემატური სახე მიიღო. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გარდა, პროცესს კოორდინაციას უწევს საგანგებოდ შექმნილი ორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია: დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა და გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგა. უახლოეს 4 დღეში კიდევ სამი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
XS
SM
MD
LG