Accessibility links

logo-print
დღეს ნაგავზე ვისაუბრებ, ოღონდ არა ლიტერატურულ ნაგავზე, არამედ მართლა ნაგავზე.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთი ფეისბუკელი მეგობარი, გეგა არდაზიშვილი წერდა იმ უმძიმეს შთაბეჭდილებაზე, რომელიც გრემი-ნეკრესის გზაზე დაყრილმა ნაგავმა მოახდინა მასზე. ამ ადგილებში 1 თვის წინ მეც ვიყავი და ნამდვილად შემიძლია დავემოწმო, რომ მთელს გზაზე, განსაკუთრებით კი გრემის გარშემო, საშინელება ხდებოდა. გრემს გვერდით პატარა მდინარე ჩამოუდის, სახელად ბოლია, იქ უნდა გენახათ რა ხდებოდა, თან სულ ნარჩევ-ნარჩევი პლასტმასის ბოთლები და სხვა უხრწნელი ნივთები იყო მიმობნეული. ასეა სხვა მდინარეების ხევებშიც, გზებზე, გზის პირებზე, მაყვლიანებში, მოკლედ, ყველგან. გრემი მეგობრის შენიშვნის გამო ვახსენე, თორემ ხომ ისედაც ყველამ ვიცით, რომ ამგვარი რამ ყველგან ხდება, კახეთშიც, ქართლშიც და სხვა დანარჩენ საქართველოშიც.

სხვა დანარჩენ საქართველოზე კი აი რა მინდა გითხრათ, და ამჯერადაც ჩემს ვირტუალურ ფორუმელ მეგობარს დავიმოწმებ: ეს კაცი ნიკა მახარაძეა, იგი თბილისში არ ცხოვრობს, ამიტომ ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ შედგა რამდენიმე საათით. ვისხედით ერთ რესტორანში, ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაზეც კი ვასწრებდით საუბარს, ხშირად ვაწყვეტინებდით ხოლმე ერთმანეთს... ვცდილობდი უფრო მე მეცლია საუბარი, იმიტომ, რომ ჩემზე უფრო საინტერესო რაღაცეებს ამბობდა. და ერთ-ერთი ასეთი აზრი (რომელიც მისი ვრცელი თეორიის ნაწილია), ძალიან მდაბიურად რომ მოვთარგმნო, ასე ჟღერდა: აფხაზეთი და ოსეთი უნდა დავიმსახუროთ, სხვანაირად ვერ დავიბრუნებთ, მხოლოდ მემკვიდრეობითობა არ გვაძლევს უფლებას, რაღაცა ჩვენად მივიჩნიოთ. აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები კი არა, არც ის მიწაა შენი, სადაც ნაგავს ყრი და გარემოს აბინძურებ. ამის გამო, ჩვენ უკვე მთელი საქართველო გვაქვს დაკარგული კარგა ხანია.

რა თქმა უნდა, როცა ცელოფნის პარკს ან პლასტმასის ბოთლს ქუჩაში აგდებს, ის ადამიანი არ ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თუნდაც “ტერიტორიებზე”, სამაგიეროდ რაღაც აბსტრაქტულ ცნებებზე, საფრთხე-აჩრდილებზე და ფიქციებზე მწვავედ რეაგირებს. საერთოდაც, ჩვენი მთავარი პრობლემა “ტერიტორიებია”, იმიტომ კი არა, რომ ეს “ტერიტორიები” დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ “ტერიტორიებს” ვუწოდებთ მას. ტერიტორია კი ყოველთვის სხვისია, რაც არ უნდა შენად მიიჩნიო იგი!

თემას გავცდი, არადა ნაგავში ვიქექებოდი, ქართულ ნაგავში...

ახლა ზაფხულია და ყველა მხრიდან გაიგონებთ სასწაულ ამბებს პლაჟის ნაგვებზე. ივლის-აგვისტოში ზღვაზე ვერ ჩავედი, თუმცა ჯერ კიდევ ივნისში ვნახე ურეკში ეს სასწაულები. წარმომიდგენია, ახლა რა ხდება. უარესი ამბებია ტრასებზე და გზებზე, რომლებიც მოფენილია ავტობუსებიდან, ჯიპებიდან და გადაადგილების სხვა საშუალებებიდან ხელის ნატიფი მოძრაობით ან მოქნევით ნასროლი რაგინდარათი. ისვრიან თბილისშიც, ფეხით მოსიარულენიც კი. იყიდიან სიგარეტს, გახსნიან და ქარს ატანენ ჯერ გარე ცელოფანს, შემდეგ კი შიდა ფოლგას. ეს ბევრს რიტუალად ექცა, ამის გარეშე ვერ ძლებენ, ალბათ ეს მათთვის გარანტიაა, რომ პირველ ღერს გემრიელად მოწევენ.

რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, იყო საუბარი ფულად ჯარიმებზეც ასეთ დანაგვიანებაზე. რაღაც პერიოდი აჯარიმებდნენ კიდეც, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ სრულად აღმოფხვრეს ეს პრობლემა და დაანებეს თავი, ალბათ სხვა, უფრო დიდ ჯარიმებზე გადავიდნენ, უფრო დიდი დარღვევევის გამო დაწესებულ ჯარიმებზე.

ჩვენ ისევ 90-იანებში ვცხოვრობთ, მერე რა რომ თანამედროვე ნაგვის მანქანებს ნაგავი გააქვთ! მერე რა, რომ ქუჩებსაც გვიან! ხალხი ისევ იქ არის, ისევ ვიღაცის ჰგონია ეს ქვეყანა.

90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა ზურა მესხის გროტესკული სიმწვავით სავსე მოთხრობა, “სპაზმები”, ჩემი აზრით, ამ გაწელილი და უმძიმესი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, მოთხრობა-დიაგნოზი, გნებავთ ქართულ ნაგავში ქექვის საუკეთესო ნიმუში.

მოთხრობაში თითქმის სულ ნაგავია, თანამედროვე ნაგავი. აი ერთი ფრაგმენტი:

“თექვსმეტსართულიან სახლში ვცხოვრობთ, მეხუთე სართულზე. მთელი თერთმეტი სართულის ნაგავი ჰაერში მოფრინავს, ჩვენს ფანჯრებს ჩაუქროლებს, ძირს, ქვემოთ, ბრაგვანს მოადენს, ვირთხებს გულს დაუხეთქავს, მერე აღტაცებაში მოჰყავს. თუ ფანჯრიდან თავი გაქვს გაყოფილი, ზედ დაგასკდება...
თორმეტი წლის რომ ვიყავი, თავი მქონდა გაყოფილი ფანჯრიდან, გადაყუდებული ვიყავი და უცებ კეფაზე დამასკდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა დამემართა, თვალთ დამიბნელდა, მერე ვიხრჩობოდი, ჯერ მეგონა, რომ ჩემს ნარწყევში, თვალები და პირი მქონდა ამოლესილი რაღაც მძაღეთი და აყროლებულით. ქაღალდის პარკი ჩემს კეფა-კისერზე გადამსკდარიყო, და შევიცანი: ამძაღებული აჯაფსანდალი, შიგ არეული დამპალი სოუზი, თავისი ხორცებით, ძვლებით, ქალის თმებით და ა.შ.”

მთხრობელს ამ უბედური შემთხვევის შემდეგ სპაზმები დასჩემდება და მთელი მოთხრობაც ხან ამ სპაზმებს უტრიალებს, ხანაც ნაგავს, ძირითადად, რა თქმა უნდა, ნაგავს. აი კიდევ ერთი, წინასწარმეტყველური ციტატა:

“ვინც ნაგავში ზის, იმან უნდა დაიყვიროს და მენაგვე გახდეს. როცა ნაგავში მღერის, ცეკვავს, უკრავს და ლექსებს წერს – ხდება მომღერალი, მოცეკვავე, მოშაირე, დამკვრელი, დამკვრელური ნაგავი!.. არა მარტო თვითონ სხედან ამ ნაგავში, სხვებსაც იწვევენ, უცხოელებს და ერთად მართავენ ფეკალურ ფესტივალებს, სცენებზე, მოედნებზე, რიყეზე, ბლიყვეზე, ხელებს ერთმანეთისკენ იშვერენ, თვალებს ერთმანეთს აპყრობენ და მღერიან: აააააა! დარდუბალა!”

არადა მოთხრობა 90-იან წლებშია დაწერილი. ხომ გითხარით, არაფერი იცვლება მეთქი.

2007 წელს დედაჩემი ონკოლოგიურში დავაწვინეთ, უკვე მძიმედ იყო. ერთხელაც შენობიდან გარეთ გამოვედი, ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ მეთქი. მთის კიდეზე მივედი, სულ ბოლო კორპუსთან, იქ, სადაც დაქანებულზე უბადრუკი ბაღებია გაშენებული, უბადრუკი ხეებით: უბადრუკი ალუბლები, ჭერმები, ვაშლები... ივნისის დასაწყისი იყო, მაგრამ ხეები მაინც ყვაოდა, ყველა ხეზე აცმული იყო ქარის მიერ ქალაქიდან ამოტანილი “ყვავილები”, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი, შავი ცელოფნის პარკები. ხეები დახუნძლული იყო. ჰაერის ჩასაყლაპად და ტვინის გასანიავებლად გამოსულს საშინელება დამხვდა. ვიდექი და ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ეს პარკი დააგდო ქუჩაში, აივნიდან მოიფრიალა, მანქანიდან ხელგაყოფილმა გაუშვა. და აი ასე, ნელ-ნელა გაავსეს ქალაქი უხრწნელი, უკვდავი, მაგრამ მომკვლელი ნაგვით, რომელიც გარწმუნებს, რომ ნაგავი უკვდავია საქართველოში. მერე კი თბილისის ქარებმა ეს პარკები სიკვდილის საუფლოში ამოაფრიალეს, ონკოლოგიურში, იქ, სადაც კვდებიან, ამოაფრიალეს როგორც დაცინვა, როგორც ნიშანი ნაგვის უკვდავობისა ჩვენს ქვეყანაში და ადამიანთა მოკვდავობისა.

თქვენ, ვინც ასე უმოწყალოდ ყრით ამ ცელოფნის პარკებს, გახსოვდეთ, რომ ამ მფრინავი, დაუნდობელი ნაგვის შემხედვარე, ყველაზე დამწუხრებულიც კი საშინელი რისხვით ივსება, ყველაზე სიცოცხლით სავსეც კი ბოღმით იმუხტება და ხელისგულზე მუშტს ირტყამს.

თქვენ, ვინც ქუჩაში და ქვეყანაში აი ასე, ნაგავს აფრქვევთ, სამშობლოს, ქვეყნის ნაცვლად ტერიტორიების შვილები ხართ! ტერიტორია კი ყოველთვის სხვისია, არ დაგავიწყდეთ!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG