Accessibility links

logo-print

კლოდ შაბროლი – 80


კლოდ შაბროლი, კინორეჟისორი, ფრანგული ”ახალი ტალღის” ერთ-ერთი ლიდერი

კლოდ შაბროლი, კინორეჟისორი, ფრანგული ”ახალი ტალღის” ერთ-ერთი ლიდერი

ფრანგული ”ახალი ტალღის” ერთ-ერთი ლიდერი, კინორეჟისორი კლოდ შაბროლი 23 ივნისს 80 წლის გახდა. შაბროლის იუბილეს მთელი ზაფხულია აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - კინოს მუზეუმებში, სინემატეკებში. თუმცა კინოს ცოცხალ კლასიკოსს დაბადების 80 წლისთავი ჯერ კიდევ შარშან მიულოცეს ბერლინის კინოფესტივალზე - შაბროლს კინოში გაწეული ღვაწლისათვის ”ოქროს კამერა” გადასცეს.

ოვაციები მართლაც შთამბეჭდავი იყო - ბერლინის კინოფესტივალის დარბაზი ფეხზე ადგა და ოვაციები გაუმართა არა მხოლოდ კლოდ შაბროლს - ფრანგ სცენარისტს, მსახიობს, კინოკრიტიკოსს, კინორეჟისორს, არამედ, საერთოდ, ფრანგულ ”ახალ ტალღას”, რომლის ფუძემდებელმა, ანდრე ბაზენმა, თავის მოწაფეებს, ახალგაზრდა ფრანგ კინოკრიტიკოსებს 50-იანი წლების დასაწყისში უთხრა: ”კინოხელოვნებას ცოტა ხანში ყოფნა-არყოფნის ხანა დაუდგება.. თუკი მართლა გიყვართ კინო, მიდით, გადაარჩინეთო”.. ბაზენის მოწაფეები იყვნენ ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი, ანიეს ვარდა, ერიკ რომერი... ბაზენის მოწაფე იყო კლოდ შაბროლიც, რომლის მეუღლეს, ანიესს, პაპისგან მემკვიდრეობით 32 მილიონი ფრანკის ქონება ერგო... ჰოდა, 1959 წელს ამ ფულის ნაწილი გამოიყენა და გადაიღო თავისი პირველი ფილმი - ”ლამაზი სერჟი” - ფრანგული ”ახალი ტალღის” ერთ-ერთი მანიფესტი, ”ახალი ტალღისა”, რომელმაც მართლაც გადაარჩინა საავტორო კინო - გაამდიდრა ახალი იდეებით, ახალი ენით და, რაც მთავარია, ერთმანეთთან ”შეარიგა” ეგრეთ წოდებული ”ინტელექტუალური” და სანახაობრივი კინემატოგრაფი... მაგალითად, ალფრედ ჰიჩკოკი, რომელსაც აქამდე ამრეზით უყურებდნენ ევროპელი კინოინტელექტუალები, სრულიად ახალი რაკურსით წარმოუდგინა მსოფლიოს. ”ლამაზი სერჟის” წარმატების მიუხედავად, კლოდ შაბროლს კინოკრიტიკისთვის თავი არ დაუნებებია - რომერთან, ტრიუფოსთან ერთად შაბროლი შეხვდა ჰიჩკოკს და მისგან, შეიძლება ითქვას, ”გაკვეთილები” მიიღო.. სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ აირჩია მან საყვარელი ჟანრი - ფსიქოლოგიური დეტექტივი... ჟანრი, რომელმაც შაბროლს საშუალება მისცა უკომპრომისოდ, რადიკალურად გამოეხატა თანამედროვე წვრილბურჟუაზიული სამყაროს პორტრეტი, მთელი თავისი ”ატრიბუტებით” - შემგუებლობით, ორმაგი მორალით, ფარისევლობით.

„რაც შემეხება მე, შემიძლია გითხრათ (არსებითად ეს ისედაც კარგად ჩანს), რომ აბსოლუტურად ცინიკოსი ვარ“, - აღიარა შაბროლმა ინტერვიუში, რომელიც საფრანგეთის ტელევიზიამ ახლახან გადასცა, საიუბილეოდ.

სხვათა შორის, ცინიზმი და ირონია არც მის გამოსვლას აკლდა ბერლინში, ”ოქროს კამერით” დაჯილდოების ცერემონიალზე. გახსნეს თუ არა საღამო, შაბროლმა ხელიდან გამოგლიჯა ჯილდო ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს, ჩამოვიდა სცენიდან, შემოვიდა რიგებში და მაყურებლის სახეების გადაღება დაიწყო - უფრო სწორად, გადაღების იმიტაციას მიმართა... დიტერ კოსლიკმა აღარ მოიცადა და გახსნა ცერემონიალი, წაიკითხა გრძელი სიტყვა შაბროლის დამსახურებაზე კინოს ისტორიაში... მაგრამ ამ სიტყვის, ამ ქათინაურების მოსმენა შეუძლებელი იყო - მაყურებელი აკვირდებოდა 79 წლის კინორეჟისორს, რომელმაც ცეკვა-ცეკვით დაუარა დარბაზს... ბოლოს და ბოლოს, ავიდა სცენაზე და გვითხრა:

„ეს დღესასწაულები, რომელთაც ფესტივალებზე მართავენ ხოლმე, ძალიან სასაცილოა.. აი, ახლაც სასაცილოა, რასაც ვაკეთებთ – ეს პრიზები და დაჯილდოება. ყველა ფესტივალზე ასე ხდება – და ეს კომპლიმენტები! „როგორი ახალგაზრდული ფილმი გადაიღეთ!“ – ამას მეუბნებიან ხოლმე სულ, პრიზებს როცა გადმომცემენ.“

მაგრამ შაბროლი, პირველ რიგში, დიდი რეჟისორია, ფრიც ლანგის, ჰიჩკოკის, რენუარის მემკვიდრე და შემდეგ - პროვოკატორი, მოქმედების ატმოსფეროს შექმნის ოსტატი, რომელმაც არაერთი დიდი მსახიობი აჩუქა მსოფლიო კინოს... კინოკრიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ არა კლოდ შაბროლი, მსოფლიო ვერასდროს დააფასებდა იზაბელ იუპერის ნიჭს, მსახიობისა, რომელმაც მთავარი როლები შეასრულა გვიანდელი კლოდ შაბროლის საუკეთესო ფილმებში: ”ვიოლეტა ნოზიერ”, ”ცერემონია”, ”ქალის საქმე”.. ამ უკანასკნელში შაბროლმა გვიამბო ქალზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიკვდილით დასაჯეს აბორტების გაკეთების მიზეზით. სხვათა შორის, ეს იყო გილიოტინის უკანასკნელი გამოყენება ქალის მიმართ. თუმცა შაბროლისთვის ძალაუფლების პერვერსიულობის თემა ამით არ ამოწურულა... იმავე ”ცერემონიაში” - ფილმში, რომლითაც შაბროლმა კინოს მოყვარულებს დაუმტკიცა, რომ კვლავაც არ ასვენებს ახალი იდეები, ავტორი ფარისევლობაში ამხელს სრულიად უმწიკვლო ფრანგულ ოჯახს... თანაც, იმდენად სასტიკად, რომ მაყურებელი თავიდან ვერც ხვდება, რატომ დასჭირდა რეჟისორს ეს სისხლიანი ორგია ფილმის ფინალში, რა დაუშავეს ამ ადამიანებმა... მაყურებელს ეს კითხვა არ ასვენებს, იწყებს ფიქრს... ცდილობს გაიხსენოს დეტალები, რომელთაც სხვა ფილმებში ყურადღებას არ მიაქცევდა, და ასე ხდება იდენტიფიკაცია იმ პერსონაჟებთან, რომლებიც კლოდ შაბროლმა დასაჯა - ასე იწყება კათარზისი. - ეს, რა თქმა უნდა, ალფრედ ჰიჩკოკის ტრადიციის გაგრძელებაა..როცა ავტორი ამხელს, მაგრამ თავად მაინც არ ირგებს მოსამართლის მანტიას. პირიქით, განუწყვეტლივ ხაზს უსვამს, რომ თავადაც ისეთივეა, როგორიც მისი პერსონაჟები.

„აბა, ვნახოთ, მართლა ოქროსია ეს კამერა? ოქროსი არ უნდა იყოს... მე კი, მოგეხსენებათ, ჩემს ფილმებში ოქროს მოყვარულებზე ვქილიკობ, მაგრამ, როგორც ჭკვიანი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ვინც ქილიკობს და ვისაც სძულს, სინამდვილეში უყვარს თავისი კრიტიკის საგანი... ჰოდა, ეს „ოქროს კამერა“ – ვითომდა აღმნიშვნელი კინოში გაწეული ღვაწლისა - სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ასაკის აღმნიშვნელია.”

ასე დაასრულა კლოდ შაბროლმა ”ოქროს კამერით” დაჯილდოების ცერემონიალი ბერლინში... უცნაურია - რეჟისორი, რომელიც კონფორმიზმსა და ორმაგი მორალით ცხოვრებაში ამხელდა დასავლურ საზოგადოებას, საბჭოთა კავშირში მხოლოდ კინომანებისთვის იყო ცნობილი - შაბროლის ფილმებს საბჭოთა გაქირავებისთვის არ ყიდულობდნენ... მოგვიანებითაც დიდად არ დაფასდა ჩვენში - ფრანგი რეჟისორის ცინიზმმა არაერთი მაყურებელი გააღიზიანა..არადა, ყველა მისი მხილება თვითირონიითაა სავსე - ცნობილია, რომ თავად შაბროლი არასდროს მალავს, რომ „კარგი ცხოვრების” მოყვარულია - უყვარს კარგი სმა-ჭამა, დიდი სახლი, აგარაკი... ნუ დაგვავიწყდება, როგორ დაიწყო მან კინოში მუშაობა - თავისი ცოლის პაპის ქონების ხარჯზე...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG