Accessibility links

logo-print

ბაქრაძე: რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა


რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რადგან ეს ჩიხია - ამის შესახებ გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეისთან” ინტერვიუში განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძის შეფასებით, მოსკოვში უკვე თავად დარწმუნდნენ, რომ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას პრაქტიკულად არაფერი მოჰყოლია, თუმცა, ამის აღიარება რთულია. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ემოციების განელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, რის შემდეგაც რუსეთი სიტუაციას პრაგმატულად შეხედავს და მიხვდება, რომ საქართველოსთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის განვითარებით გაცილებით მეტს მიიღებდა. მაგალითად, დავით ბაქრაძემ მოიყვანა საქართველოს და რუსეთის საერთო ინტერესები, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან ვერ დაიწყება. დავით ბაქრაძის თქმით, რთულია საუბარი ქვეყანასთან, რომელსაც სოხუმსა და ცხინვალში საელჩოები აქვს და საქართველოს ნებართვის გარეშე, მისი ტერიტორიის მეხუთედს სამხედრო ძალით აკონტროლებს. ამ თემებისთვის თავის არიდება შეუძლებელია და მოლაპარაკება სწორედ მათი განხილვით უნდა დაიწყოს - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG